Monday, October 12, 2009

"კავკასიელ ხალხებს შორის სახალხო დიპლომატია პოლიტიკაზე უპირატესი იყო"

ქართულ ზეპირსიტყვიერებასა და ზოგადად, ფოკლორზე შეყვარებულები კარგად იცნობენ ქალბატონ ეთერ თათარაიძის შემოქმედებას. მისი პოეზია სულით ხორცამდე ქართულ მთას ეძღვნება. ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე კი მეუღლესთან ამირან არაბულთან ერთად კუთხე-კუთხე დადის და ხალხური შემოქმედების ძველ თუ ახალ ნიმუშებს აგროვებს. ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში ერთ მყუდრო მაგიდასთან უყრის თავს შეგროვილ მასალებს და მომავალი წიგნების გამოცემასა თუ ფოლკლორული საღამოების ჩატარებაზე ფიქრობს. საუბარიც მრავალთემიანი გამოგვივიდა, ცოტა სევდიანიც, ისეთი, როგორიც თავად ქალბატონი ეთერია
პირველი ფოკლორული საღამო ვახუშტის, თენგიზის და გოდერძის... გარეშე
"8 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხალხური პოეზიის საღამო გაიმართა. შარშან ჩატარებული ამგვარი ღონისძიება ბოლო აღმოჩნდა ბატონი ვახუშტისთვის. სწორედ გასულ წელს გადაწყდა, რომ ამ საღამოსთვის მისი სახელი მიგვენიჭებინა. ბუნებრივია, სადაც ვახუშტი კოტეტიშვილს და ხალხური პოეზიის საღამოს ვახსენებთ, აუცილებლად თენგიზ მირზაშვილს ვიგონებთ. ვერც კი დავდებთ ზღვარს, ვინ უფრო მეტად აქტიურობდა ამ საღამოების ორგანიზება-ჩატარებაში. არ მიყვარს, როცა იდეის ავტორის ვინაობას ჩაეჭიდებიან ხოლმე, საქმე და ძალიხმევა გამოკვეთს ყველას და ყველაფერს. თენგიზი იყო ის ადამიანი, რომელიც სულ მცირე რამიდან იწყებდა დიდ საქმეს, ხოლო ბოლოს კი განზე გადგებოდა. შარშანაც ასე მოხდა: კულისებში იდგა და იქიდან ადევნებდა თვალ-ყურს საღამოს. სცენაზე კი მუდმივად ვახუშტი ჩანდა: ევალებოდა კიდევაც მისი პროფესიიდან გამომდინარე, სწყუროდა კიდეც ამ საქმის გაკეთება, მიემართა ყველას გონება ხალხური პოეზიისა და ზოგადად, ფოლკლორისკენ: ვინც კი, ასე ვთქვათ, ხალხურად აზროვნებდა, ორკუპლეტიან ლექსს ქმნიდა თუ ძველ ამბავს იგონებდა, ვახუშტის უკავშირდებოდა და მასთან იკრიბებოდა ეს მასალები. რა თქმა უნდა, ის ამ ნიმუშებს ხვეწდა, ამუშავებდა, ყოველწლიურად ისევ ერს უბრუნებდა და სულიერ საზრდოს აწვიდად მთასა თუ ბარს. ბოლო ორი თვეა, რაც მე და ამირანი კუთხე-კუთხე დავდივართ მთელ საქართველოში, ათზე მეტ რეგიონში ვიყავით და შევკრიბეთ ის ადამიანები, რომლებიც 8 ივნისს თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან იმ საზოგადეობის წინაშე, ვისაც მოენატრა თავანკარა ქართულის მოსმენა. ეს კი აუცილებელია იმის შესახსენებლად, თუ როგორ ფესვსა და საფუძველზე ვდგავართ. სამწუხაროდ, არამარტო სალიტერატურო ქართულში, არამედ დიალექტებსა და კილოკავებს გაუჩნდათ ბზარები; იქ, სადაც არასდროს შეინიშნებოდა ნაპრალები, ყველაფერი გაითქვიფა. ჩვენი მიზანიც იმ ძველი ფორმების ძიებაა და სააშკარაოზე გამოტანა. ამ საქმით კი ვახუშტის, თენგიზის, გოდერძის დანატოვარსაც ვუფრთხილდებით. ტკივილამდე მენატრება თითოეულ ჩვენ გარდაცვლილ მეგობართან საუბარი და ხშირად, როცა რამეს ვაკეთებ: ახლად აღმოჩენილ მელექსეს ვუსმენ, დროჟამისგან მტვერდადებულ ამბავს ჩავიწერ, საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ შეხედავდნენ ჩემს ნაბიჯებს ჩემი უფროსი, საწუთროს გაღმა ნაპირზე მყოფი მეგობრები... ერთადერთი ნუგეში მათი საქმის გაგრძელებაა, ამგვარი მუშაკობით შეიძლება ვიყო მათთან და ვფიქრობდე მათზე. საწუთრო არ არის დაყოფილი, წუთისოფლის მგზავრები ვართ და თითოეული ახალი ლექსით თუ ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშით ჭეშმარიტებას უფრო მეტად ვუახლოვდებით".
გათითოკაცებული სოფელი და ხევსურის გმინვა
"ძალიან მტკივა დაცლილი საქართველო. ყველა აქეთკენ მოემართება, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად ხალხმა თბილისს მოაშურა. მაპატიოს ჩვენმა საყვარელმა და ყველა თაობისათვის სანუკვარმა დედაქალაქმა, მაგრამ თბილისი დიდი სოფელი გახდა. ეს არ არის ხალხის ბრალი, ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ სოფლის ფუძეს ვტოვებთ და ყველამ ქალაქს მოვაშურეთ. სულ ცოტა ხნის წინ ხელში ორი ახალი ლექსი ჩამივარდა. ავტორები უკვე ცოცხლებში აღარ არიან. ლექსებში ხევსურების ძალით ჩამობარების ტკივილია გადმოცემული. უფლისგან საზღრების დამცველად გაჩენილი ხალხი ეშმაკის მანქანებით ჩამოასახლეს და მათთვის ასე უცხო ბარზე დააფუძნეს. საბოლოოდ კი, რასაც ვიმკით, ძალიან კარგად ვხედავთ. სისხლი და ომი არასდროს დაკლებია ქართულ მთას, ზოგადად კავკასიას. ჩეჩენ-ინგუშების დაღუპვისა და უმოწყალო ჟლეტვის ამბავს ისევე განვიცდიდი, როგორც შინაურებისას. საერთოდ, რაღა უნდა ვთქვა სამაჩაბლოზე, რომელსაც რატომღაც `სამხრეთ ოსეთი~ დაარქვეს, ჩვენს პაპებსა და მამებზე, შვილებსა და შვილიშვილებზე, რომლებიც ასე სასტიკად დაგვიხოცეს. საუბარი არ მაქვს ნატვრად ქცეულ აფხაზეთზე. ჩემი ერთი სამაჩობლოელი ასპირანტი წლების წინ ძარწემში მეპატიჟებოდა, წასვლა ვერ მოვახერხეთ მე და ამირანმა. ჩემს მეუღლეს კი ოჯახ-ოჯახ აქვს მოვლილი მთელი ქსნის ხეობა. სწორედ გუშინ მესტუმრა ჩვენი უმცროსი მეგობარი გვითხრა: `აი, ეთერო, როდისღა მოვახერხებთ წარწემში წასვლასო~ და თვალები ცრემლებით აევსო. შეიძლება უფალმა დამიფარა კიდეც, რომ არ წავედი ძარწემში _ არ მაქვს ნანახი ის, რაც დავკარგეთ. 8 ივნისის საღამოსთვის მონაწილეებს ყაზბეგშიც ვარჩევდით, შევხვდით მოხევეებს. როცა უღელტეხილზე გადმოვდიოდით და ლომისა გამოჩნდა, ამირანი მიაჩერდა სალოცავს და ლამის საჭესაც უშვა ხელი: `ვაიმე, რა ხეობა დავკარგეთო", - ამოიგმინა ამ ხევსურმა კაცმა, რომელსაც გრძნობის გამოხატვა, ჩვეულებისამებრ, არ სჩვევია, _ "ამ მთის იქით ასეთივე ხეობაც ხომ ჩვენია და ღმერთმა იცის, როდის შეეძლებათ ჩვენს შვილებს იქაურ მიწაზე ფეხის დადგმაო", _ დასძინა. ჩამოვაკებამდე ხმა არც გაგვიცია ერთმანეთისთვის... ქართველი არასდროს ყოფილა უიმედო, მაგრამ ცხადია, რომ ძალიან რთული დროა, მართლა, არ ვიცით, ვისი ლუკმა ვხვდებით, ვერც იმას ვაანალიზებთ, რა ხდება ქვეყანაში. პოლიტიკა ჩემთვის ბურუსით მოცული რამაა, არც მინდა, ამას ჩავუკირკიტო, რაღაცას აუცილებლად აღმოვაჩენ და გული მეტად მეტკინება და გამებზარება".
კავკასიური სახალხო დიპლომატია
"არ ვარ ანალიტიკოსი და არც ვდებ თავს ძალიან დიდ ცოდნაზე, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიცი, რომ კავკასიელ ხალხებს შორის სახალხო დიპლომატია პოლიტიკაზე უპირატესი იყო... მინდია, ჩემი უფროსი ვაჟი, იქნებოდა 2-3 წლის, როცა პირველად ინგუშეთის გზით მანქანით ჩავედით არხოტში. გზადაგზა ისეთ ადგილებში აღმოვჩნდებოდით ხოლმე, რომ თავი შინ გვეგონა: ხალხი ძალიან თბილად გვხვდებოდა და სურდათ, როგორმე თავიანთი კეთილგანწყობა გამოეხატათ. უცნაური გრძნობა დამეუფლა: ვეძებდი ინგუშ ხალხს, დამხვდა კიდევაც, ოღონდაც რუსულენოვანი. ახალგაზრდები სულ რუსულად გვესაუბრებოდნენ, ფიზიკურად და სულით ნამდვილი მთიელები იყვნენ: წელწვრილი, კამკამა გოგოები, ახოვანი ჭაბუკები ფერადი თვალებით, თუმცა ყოფიერებაში უკვე უცხოობა შეემჩნეოდათ. თავის დროზე ამგვარი მიმართულება ჰქონდა აფხაზეთის ამბებსაც. ეს უკვე ძალიან ცუდი რამის ნიშანი. როგორც კი ფესვს, მშობლირ ენას წყდება ადამიანი, ძალიან ადვილია მას მშობლიურ მიწაზე მიბმულობაც დაურღვიო და სხვა სისხლში გამჯდარი ღირებულებებიც. ვთვლი, რომ ენა სახელმწიფოც არის და ადამიანი, მასში დევს ყველა საიდუმლო. მის დარღვევასთან ერთად გერღვევა აზროვნებაც, ცნობიერებაც, სახელმწიფოც. არ ვამბობ, რომ ჩავიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში და არ ვემოგობროთ სხვა კულტურებსა და ხალხებს".
მოუვლელი დედაენა
"დემოკრატიულ საზოგადოებებში მკვდარ ენებს აცოცხლებენ და ჩვენ ვინ უნდა მოგვიკლას მშობლიური ენის სიყვარული და გაგვინელოს მისი შესწავლის წყურვილი?! დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაულის დიდი წილი ჩვენზეც მოდის: მისწავლებია სკოლებსა და უნივერსიტეტშიც. ფოლკლორული პაწაწა ამბებით ვიწყებდი მოსწავლეებთან საუბარს იმაზე, თუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ვფიქრობ, რომ ჩვენს დამოკიდებულებაში, პროგრამებში, განათლების სისტემაშია პრობლემა. ოჯახს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია: ვაკვირდებით, როგორი სიტყვებით, როგორი ფრაზებით ველაპარაკებით ჩვენს პაწაწებს?! როცა ვეკითხები, რა ზღაპრებს გიკითხავენ მშობლები შინ, მპასუხობენ, იცით, ეთერო მასწავლებელო, ბებია ინგლისურ ზღაპრებს მიკითხავს. შეიძლება სულაც არაა ცუდი, ინგლისურენოვანი ზღაპრების კითხვა, მაგრამ სწორედ ამ ბებიებმა უნდა უთხრან პატარებს, რომ არავისზე ნაკლები არც ლექსები გვაქვს, არც ფოლკლორი, და მით უმეტეს, ზღაპრები. პატარაობიდანვე ისეთი საკვები უნდა მივცეთ მათ, რაც მომავალში შინაგანად გაფურჩქნის პიროვნებას. სწორედ ამით უნდა დავიწყოთ ეროვნული ცნობიერების შენება და სამომავლო ნაბიჯების გადადგმა".
ამბად გაგონილი ხახმატში
"მე და ამირანმა ერთ-ერთ ექსპედიციაში, ხახმატში ჩავიწერეთ ბაბალე ალუდაურის მონაყოლი: ხევსური ახალგაზრდა კაცი კვდებოდა უკურნებელი ჭრილობით და ერთადერთი, რაც მას უშველიდა, წითელი გველის დამსვრეული შუშის წამალი იყო. ეს მალამო კი მხოლოდ ქისტის კაცს, ხევსურის მოსისხლე მტერს ჰქონდა დარჩენილი. მოხუცები გადაწყვეტენ, რომ მომაკვდავის ნათესავი წავიდეს ქისტეთში და თხოვოს წამალი, თან აბარებენ ქისტთან: მართალია, შენს მოსისხლეს სჭირია წამალი, თუ ვაჟკაცი ხარ, მოგვეცი წამალი, გამორჩეს, ისევ მტრებად დარჩებით და თუ გაქვს გული, მერე შეხვდით და გასწორდით ერთმანეთშიო, ახლა გველიც კი დასთხევს წამალს და შენ ხომ კაცი ხარო?! და ქისტიც კაცი ივაჟკაცებს და წამლის უკანასკნელ წვეთს გაიმეტებს ხევსური მოსისხლისთვის. ისტორია კი იმით მთავრდება, რომ ამ კეთილშობილური ქმედებით მტრობა წყდება. აი, ეს არის კავკასია და ვერანაირი რეზოლუცია, ვერცერთი ორგანიზაციის კომისიის გადაწყვეტილება რეალურ შედეგს ვერ მოგვიტანს, მათ ხომ არ იციან ჩვენი რეგიონი, მისი ტრადიციები და ღირებულებები. შეიძლება ვიღაცამ უვიცობაშიც კი დამადანაშაულოს, ამ შავ-ბნელმა პოეტმა რა იცის პოლიტიკისო, მაგრამ ფაქტია, რომ კავკასიურ ხალხებს ძალიან ბევრი რამ აქვთ საზიარო და ამას თვალი ყველამ უნდა გაუსწოროს, ყველაზე დიდი სამუშაო კაცობრიობას პოლიტიკის მიმართულებით სწორედ კავკასიაში აქვს, ოღონდაც ამ მუშაობამდე მათ კავკასია უნდა შეიცნონ".

No comments:

Post a Comment