Sunday, October 11, 2009

მუსიკის მარადიული მოწაფე

515-ე კლასი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. სამი ხელოვანი მუსიკის გენიას ეჭიდება. ოთახში ალბათ პლიუს ოცდაათი გრადუსია. კონცერტმაისტერ სოფო გოშაძის თითები კლავიშებზე კარნავალს მართავენ, მომღერალი მამუკა ტეფნაძე დონ-ჟუანის ერთ-ერთ არიას იმეორებს, ბგერები ჰაერში ირევიან და მგონია, ხმა შენობას დაანგრევს. ივლისში "დონ ჟუანის" განახლებული წარმოდგენა იმართება და დირიჟორი მამუკას თითოეულ სუნთქვას და ბგერას უკვირდება. აჩერებს. მუსიკალური ტერმინები ასევე მუსიკალურ იტალიურ ენაზე გამუდმებით ისმის."ეს არის ის, რითაც იწყება ოპერა", _ გოგი ჭიჭინაძის რეპლიკები პაუზებს შორის ამოსუნთქვასავით ჟღერს.რეპეტიციის შეწყვეტას და საუბრის დაწყებას არც ვფიქრობ, მინდა მეც გავყვე ამ მუსიკას და წაიშალოს დრო და სივრცე, თუმცა...
ემოციებიდან მოსული ხელოვანი


"ბავშვობის შეგრძნებებიდან, ემოციებიდან მოვდივარ ისევე, როგორც ყველა ადამიანი და შემოქმედი. თავს გადახდენილ ამბებს მტკივნეულად აღვიქვამდი და ეს ყოველთვის მიკვირდა საკუთარ თავში. უამრავ რამეს ვგრძნობდი და განვიცდიდი, თუმცა ვერ ვაანალიზებდი, არსს ვერ ვწვდებოდი. ჩვეულებრივი მოზარდი ვიყავი ინტეელქუალური განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დიდი ემოციურობა, რაც ჩემი დამსახურება არ არის, გარკვეულ ჭიდილს და მეტოქეობას იწვევდა გონებასა და გულში. ამგვარი აღქმა ძალიან ბევრ ფერს მატებდა ყოველდღიურობას. უკვე შემდეგ ამ განცდების გადატანა მუსიკაში შევძელი, რაც ძალიან მეხმარება".
გოგი ჭიჭინაძე 18 წლის იყო, როცა პირველად უდირიჟორა ორკესტრს მოსკოვში. საქართველოშიც ადრეულ, 23 წლის ასაკში მოუწია პროფესიული კარიერის დაწყება. თუმცა მანამდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტი და პარალელურად საოპერო სიმფონიური დირიჟორობის სრული კურსი იყო. 2004 წლიდან ხელოვანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე და დირიჟორია. პარალელურად ასწავლის კონსერვატორიაში.


თანდაყოლილმა სურვილმა, ეპოვა პასუხები კითხვაზე "რატომ და `როგორ" სამყარო გაცილებით მრავალფეროვანი და პატარა გახადა მისთვის: "მოსკოვში ვიზრდებოდი. პატარაობისას, როცა სულ რაღაც ორი-სამი წლის ვიყავი, მყისიერად შემეძლო სადმე დავკარგულიყავი. ამგვარი გაუჩინარებები ხშირი იყო. როგორც დედაჩემი იხსენებს, ყოველთვის ქუჩაში მპოულობდნენ და რამდენიმე ადამიანის საუბარს ვისმენდი. ახლაც მიყვარს ასეთი დაკვირვებები: შინაარსობრივ მხარეზე მეტად, სათქმელის გამოხატვის ფორმები მხიბლავს: როგორ აისახება განცდები ადამიანის სახეზე, მის ჟესტიკულაციაზე, ინტონაციაზე, თვალებზე, სუნთქვაზე... კითხვაზე "რა" მეტად ჩემთვის გაცილებით მნიშველოვანი იყო "როგორ". ჩემთვის არსი ინტონაციაა, ბგერითი ინფორმაცია, ემოცია. იმისთვის, ვისთვისაც არსი ინტონაციაა, მუსიკა გადარჩენაა. ამ გადარჩენის გზაზე თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა: უდირიჟორა ათეულობით ქვეყნის ცნობილ ორკესტრებს, 200-ზე მეტ კონცერტი გამართა, მას ერთნაირად კარგად ღებულობენ ტრადიციულ-ნოვატორულ იაპონიაშიც და ორთოდოქსალურ სირიაში:"არც კი ვიცი, რამდენად მიყვარს ან მიყვარს კი ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ?! მაგრამ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ბგერისა და ნოტის გარეშე დარჩენილი ალბათ თავს ვერ მოვიკლავდი, მაგრამ ჩემს არსებობას ყოველგვარი აზრი დაეკარგებოდა.ხელოვნება არა მარტო სილამაზეს, ზოგადად, ყველაფერს იტევს: მას სჩვევია იატაკიდან ნაგვის აღებაც, ყოველდიური სიმახინჯეების ამოკრეფვაც, თუმცა ამ ყველაფერს ის შესაბამის ფორმაში აქცევს. მუსიკა ერთნაირი ექსპრესიულობით გვიყვება სიყვარულზე, სიძულვილზე, ერთგულებაზე, ღალატზე... ჭეშმარიტმა ხელოვანმა პირდაპირ კი არ უნდა გადმოიტანოს რეალობაში არსებული თემები, მას გარკვეული სამოსი უნდა მოარგოს და შესთავაზოს მსმენელს თუ მაყურებელს. ადამიანს ხელოვანის ანალიზის შედეგად გადამუშავებული რეალობის დანახვა სურს, სადაც ესთეტიურად იქნება გადმოცემული ამბები და ადამიანთა ისტორიები. შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედმა ახალი სინამდვილეც კი უნდა შექმნას, სადაც რეალურად არსებული მოვლენებს და ადამიანებს ექნებათ თავიანთი ადგილი.

შეგრძნებებზე შეყვარებული დირიჟორი თუ არშემდგარი ლიტერატორი
"ერთ დროს ვწერდი, ესსებში გადამქონდა ფიქრები და განცდები. კნუტ ჰამსუნზე დავიწყე წერა, საკმაოდ გატაცებული ვიყავი ამით და ვგრძნობდი, რომ გაკრვეულ შედეგამდე მივიდოდი. თუმცა იმ პერიოდში სრულიად ახალგაზრდას, 23 წლის ასაკში სადირიჟორო დებიუტი მქონდა ქუთაისის ორკესტთან. როგორც კი საბოლოოდ შევდგი ფეხი მუსიკალურ სფეროში და დაიწყო ჩემი, როგორც დირიჟორის კარიერა საქართველოში, ის ნაწერები გადავდე და მიმავიწყდა კიდეც. შესაძლოა, რომ არა მუსიკა, სათქმელი ლიტერატურით მეთქვა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა მიმართულებით გამიტაცა. არ შემრცხვება ამის თქმა: ახლაც რომ ვკითხულობ ჩემს შენახულ ნაწერებს, საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია. თუმცა მუსიკით იმდენად ვარ შეპყრობილი, რომ არც მაქვს სხვა რამის კეთების საშუალება და რასაკვირველია, სურვილიც".

აქამდე შეუცნობელი და ძვირად შესაცნობი
"მუსიკაში ბოლომდე ვრჩები მოწაფის პოზიციაში. კომპოზიტორები, რასაც წერდნენ და წერენ, სასწაულია და ამას გაცოცხლება, აღჟერება სჭირდება ყოველი შეხებისას. შეუძლებელია გენიოსების ბოლომდე შეცნობა, ხელოვანიც მუდამ ძიების პროცესშია, თვითკმაყოფილება უნდა გამოირიცხოს. როცა ნებისმიერ დიდ ნაწარმოებს ეხები და გსურს მსმენელამდე მიიტანო შენი ჩანაფიქრი ან ამა თუ იმ შედევრის იდეა, ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება უნდა გქონდეს, რომ პირველად ხედავ ამ ნოტებს. ვთქვათ, ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია _ ეს ისეთი შედევრია, რომ თუნდაც მეოცეჯერ აჟღერებდე, უნდა ეცადო, რომ სულ მცირე, ერთი ფერი შემატო მას, მაპატიეთ, შემატო კი არა, პირიქით, იქიდან გამოამზიურო ის განძი, რაც დევს. რაც უნდა დიდი იყოს დირიჟორი, მან რა უნდა შემატოს მუსიკის გენიოსებს _ დღენიანად მათგან უნდა ისწავლოს და უსმინოს, უსმინოს მანამ, სანამ არ დაინახავს და ნაწილობრივ მაინც არ შეიგრძნობს. ეს დაუსრულებელი პროცესი და მუდმივი განვათარების საფუძველი. ბევრ რამეს ვსწავლობ მომღერლისგან, საკუთარი გამოცდილებიდან. ახალი ოპერის დადგმისას მომღერლის პედაგოგობისგან თავად ვსწავლობ, ვიგებ და ვუკვირდები სუნთქვას, ფრაზას. ადრე არც მეგონა, რომ ასეთ გამოულეველ საგანძურთან მექნებოდა ურთიერთობა _ ყოველდღე ახალ საგნებს, მინიშნებებს და იდეებს ეცნობი. ნურავინ იტყვის, რომ მეტრია მუსიკაში _ სიკვიდილის სარეცელზე მყოფი, თუ ვიტყვი, რომ ერთი-ორი ნოტი კარგად ავაჟღერე, ეს ნამდვილი ბედნიერება იქნება ჩემთვის".
ჯოხით ორკესტრისკენ და ზურგით მაყურებლისკენ
"ორკესტრის მართვა საშინლად რთულია. ვერ წარმომედგინა, თუ ამდენ სიძნელეს გადავაწყდებოდი. შესაძლოა ამ ცოდნის შემთხვევაში, არც ჩავჭიდებოდი ამ საქმეს. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ასი ადამიანის წინაშე, ყველა მათგანი უმაღლესი განათლებითაა, ზოგი კი პროფესორია კონსერვატორიასა და სხვა მუსიკალურ სასწავლებელში. დგახართ მათ წინაშე და აუცილებლად უნდა გაამართლოთ დირიჟორის ადგილას თქვენი ყოფნა _ მაღალი დონის მუსიკოსი უნდა იყოთ. ამ შემთხვევაში, პიროვნულ მომენტებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს".

ბავშვობის შეგრძნებებიდან მოსული ხელოვანისთვის, როგორც თავად ამბობს, მუსიკა და პირადი ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მისთვის შეუძლებელია ერთი მეორისგან არ გამომდინარეობდეს ან პირიქით. თუმცა კარგად ესმის, რომ პირადი განწყობების მიხედვით ვერ ჩაეჭიდება საქმეს, რადგან ამას არც საკუთარ თავს აპატიებს და მით უმეტეს, არც მსმენელი შეუნდობს.გოგი ჭიჭინაძე, როგორც თვიონ ამბობს, მუსიკასა და ცხოვრებაში ფერებს აგროვებს და ყოველ კონცერტზე მსმენელს ჯადოქარივით უხვად ასაჩუქრებს გრძნობებით.

No comments:

Post a Comment