Wednesday, October 14, 2009

3333-ჯერ აღმოჩენილი მსოფლიო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VIII კორპუსი. მესამე სართული. ნახევრადგანათებული დერეფნის ბოლოს მომღიმარი სახით უნივერსიტეტის კიბერნეტიკის კათედრის თანამშრომელი მელოდება. ოთახში ერთმანეთზე სხდადასხვა ზომის ყუთებია დალაგებული, დათარიღება 1993 წლიდან იწყება. კედლებზე მსოფლიოს ფიზიკური და პოლიტიკური რუკებია ჩამოკიდებული, შესანიშნავად მოხაზული მარშრუტებითა და სხვადასხვა აღნიშვნებით... ოთახის კუთხეში მოლბერტსაც ნახავთ, აქა-იქ დასრულებული სურათებიც გხვდებათ თვალში... ქართული ხუთჯვრიანი დროშის ფონზე კი საქართველოს ერთიანობის დასაცავად დაღუპული მებრძოლების მოკლე ბიოგრაფიებია მოცემული ფოტოებთან ერთად. თვალს ვუსწორებ მოსაუბრეს და მოგზაურიც ათწლიანი პილიგრიმობის ისტორიის მოყოლას იწყებს...3333 დღე დედამიწის გარშემო. გავლილი ქვეყნებისა და დამოუკიდებელი ტერიტორიების რაოდენობა 234. გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კილომეტრამდე. სხვადასხვა სახელმწიფოს საზღვის 4000-ჯერ გადაკვეთა.ეს ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიოს სტატისტიკაა...
და მაინც საიდან დაიწყო ყველაფერი?
"1986 წელს 46 წლის ასაკში შინაგანი ორგანოების განგრენით დავსნეულდი. ღვიძლი დაზიანებული მქონდა, სისხლი _ მოწამლული. ორი ოპერაცია გადავიტანე, 4 მეტრზე მეტი სიგრძის წვრილი ნაწლავი ამომაჭრეს, მედიკოსებს გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაგრამ როდესაც მოვედი გონს, პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ თავი უნდა გადამერჩინა. დავიწყე საკუთარი თავის ფსიქოლოგიური მომზადება. სპეციალობით კიბერნეტიკოსი ვარ და ჩვენს პროფესიაში, როგორც სხვებში, ყველაფერი ლოგიკას ეფუძნება. ჩემი იმდროინდელი ლოგიკით კი სიცოცხლე უნდა გამეგრძელებინა და საკუთარი თავისთვის სიკვდილის უფლება არ მიმეცა. ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ დავიწყე იდეის განხორციელება ჩემებური გზით: უარი ვთქვი მკურნალობისას დიეტის დაცვაზე, წოლით რეჟიმზე, პირიქით, ფეხებს ფიზიკურ დატვირთვას ვაძლევდი. მართალია, ბევრჯერ უგონოდაც ვეცემოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ბუნების წინააღმდეგ წასვლამ და ჩემი ხასიათის გამოკვეთილმა შტრიხმა _ სიჯიუტემ შედეგი გამოიღო: რამდენიმეთვიანი ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი". ძალების სრულად აღდგენის შემდეგ 1990-1992 წლებში ჯუმბერ ლეჟავამ მსოფლიო და გინესის რეკოდები დაამყარა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში. გაჩნდა იდეაც, დედამიწა ველოსიპედით შემოეარა:"იდეის ავტორი რატი კიკაჩეიშვილი იყო, რომელიც 19 წლის ასაკში გმირულად შეეწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. მოგზაურობის სამეცნიერო ნაწილის ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ჟიული შარტავა. მარშრუტის დაწყებიდან ერთ თვეში ბატონი ჟიულიც აფხაზეთში დაიღუპა. რა თქმა უნდა, მის გარეშე მოგზაურობა ყოველნაირი თვალსაზრისით მეტისმეტად გართულდა. ჩემი უახლოესი მეგობრები: თემურ მაისურაძე, ბიჭიკო სულიაშვილი, იუზა ვერულავა, ზურაბ წვერაიძე, ნიკო ჩხაიძე _ ეს ის ადამიანები არიან, რომელთა თავდაუზოგავი მხარდაჭერის გარეშე ეს დიდი მოგზაურობა ვერ განხორციელდებოდა. სახელმწიფომ, კერძოდ კი სპორტის დეპარტამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დახმარება გამიწიეს, თუმცა ეს, რასაკვირველია, საკმარისი სულაც არ იყო ამხელა მარშრუტისთვის. მეხმარებოდნენ უცხოეთში შეძენილი მეგობრებიც, რომლებიც ჩემი მეგობრები და სპონსორებიც იყვნენ, ამასთან საქართველოს დიდი ქომაგებიც" _ ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის მთავარი მიზანიც ხომ შოთა რუსთაველის აფორიზმზე იყო დაფუძნებული: "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
მშობლიური და შორეული საქართველო
"ადამიანები ძალიან გვანან ერთმანეთს. ბევრჯერ სხვადასხვა სახელმწიფოში ყოფნისას ამა თუ იმ გამვლელში ჩემი რომელიმე მეგობარი შემიცვნია. ადამიანებს ერთნაირად უხარიათ, სწყინთ და სტკივათ აფრიკაში, აზიასა თუ ამერიკაში, სადაც გნებავთ...ქართველები სიყვარულის გამოხატვის ხარისხითა და ფორმებით გამოვირჩევით, სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს მოყვასისა თუ მტრის მიმართ, მგრძნობიარე ხალხი ვართ და ამას ყოველ ნაბიჯზე ვამჩნევ ხოლმე. ბევრი არაჩვეულებრივი ტრადიცია გვაქვს, რაც განსაზღვრავს კიდეც ჩვენს შინაგან სახეს, დამოკიდებულებას გარესამყაროს მიმართ. თავდადება გამოგვარჩევს, თავდადება საქმისადმი, ქვეყნისადმი, ერისადმი, იდეისადმი და ამითაა გაჯერებული ჩვენი ისტორია. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში თავდადების ხშირ მაგალითებს ვერ ვხვდებით, ერიც თითქოს გადასხვაფერდა, ეკონომიკურ-სოციალურმა პირობებმა ლამისაა სიცოცხლის მზე ჩაუქროს თვალებში ქართველებს...მოგზაურობის ათი წლის განმავლობაში საქართველოზე ძალიან მწირად თუ ვგებულობდი ცნობებს. დამეთანხმებით, რომ ძნელია სამშობლოსა და ოჯახის გარეშე ყოფნა, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვადასხვა შეხვედრებისას მთელს მსოფლიოში ბევრს ვყვებოდი ჩვენს კულტურაზე, უძველეს ისტორიაზე, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენს სპორტულ მიღწევებზე: არ არსებობს ქართველების მსგავსი სხვა მცირერიცხოვანი ერი, რომელსაც ამდენი უმაღლესი მიღწევა ჰქონდეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში _ ეს ხომ ქართველი კაცის შინაგანი ბუნებიდან მოდის _ სრულყოლებისაკენ სწრაფვიდან, ეს შენაძენი ან თუნდაც გამომუშავებული არ არის, ეს ჩვენს სისხლსა და ხორცშია..."
საზღვრები საზღვარს გარეშე
"მოგზაურობისას ყველაზე ხშირად საზღვრების გადაკვეთა მოგიწევთ: საბაჟოდან საბაჟომდე გავლილი მცირე მანძილი ცვლის ადამიანის ფერს, სახის აგებულებას, ტრადიციებს, ბუნებას, არქიტექტურას. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, კერძოდ კი ინდო-ჩინეთის ნახევრაკუნძულის სახელმწიფოებში მოგზაურობისას სხვა მრავალ მიზეზთან ერთად იმანაც დამაბნია, რომ გზის მიმართულებებიც კი სხვადასხვა აქვთ: ვერ ვასწრებდი, შევჩვეოდი გზის მარცხენა მხარეს მოძრაობას, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიწევდა მარჯვენა მხარეს გადაადგილება და ა.შ. საინტერესოა ბუნების ცვალებადობა, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების მრავალფეროვნება და უნიკალურობა. საქართველოს გეოგრაფიული და ფიზიკური განუმეორებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ პატარა ტერიტორიაზე კომპაქტურადაა წარმოდგენილი რელიეფის თითქმის ყველა სახე: მთა, უდაბნო, ვაკე, დაბლობი, ზღვასა და მდინარეების სიუხვეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია?!საქართველოს პატარა გეოგრაფიულ მოდელად მივიჩნევ კუნძულ როუნიონს ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკარიდან 350 კილომეტრზე. კუნძული ფრანგების მფლობელობაშია და გამოირჩევა ყოველნაირი სიუხვით, ასევე განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით. როუნიონი მდიდარი და პენსიაზე გასული ფრანგების და არა მარტო მათი ნამდვილი სავანეა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სულ 26 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული, როუნიონზე არის მთაც, ბარიც, უდაბნოც, სანაპიროც, ჩანჩქერებიც, მდინარეებიც კი.განგაცვიფრებთ ინდონეზიის კუნძულები. სუმატრა, იავა, ტიმორი... ზოგადად, ცნობილია, რომ ინდონეზია 14 ათას კუნძულს აერთიანებს, მაგრამ ძირითადი დიდი კუნძულების ხილვა ნამდვილად წარუშლელ კვალს ტოვებს მოგზაურის მეხსიერებაში....რა თქმა უნდა, მთელი მოგზაურობა საინტერესო, ღირსსახსოვარი, კომიკური და არც თუ იშვიათად სახიფათო შემთხვევებით იყო სავსე: 1994 წლის თებერვალი იყო. გარკვეული საფრთხის არსებობის გამო, იემენში სამხედროებმა მირჩიეს უკან გაბრუნება. მე მათ განვუმარტე, მშვიდობის დესპანი ვარ და თქვენ თუ ერთმანეთში ვერ მორიგებულხართ, რა ჩემი ბრალი-მეთქი? თეთრი პერანგი მივაბი ჯოხზე და გზა განვაგრძე. სამხედროებმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები რაციით გააფრთხილეს _ მშვიდობის დესპანი მოგზაური მოდის და გაატარეთო. მათაც მშვიდობით მიმიღეს, გამესაუბრნენ და გზა დამილოცეს. სიმბოლურია, რომ ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში იემენი გაერთიანდა...აფრიკისა და აზიის უდაბნოებსაც ველოსიპედით გავდიოდი და ხშირად ღია ცის ქვეშ მიხდებოდა ღამის გათევა. ერთხელ სინას უდაბნოში დამიღამდა. დილაადრიან შაშხანიანი ბედუინი დამადგა თავზე. გაგონილი მქონდა, ამ მიდამოებში ბედუინები ხალხს იტაცებენ, თუ დროულად გამოსასყიდ თანხას არ მიუტანენ, ტყვეს სიკვდილით სჯიანო. რა მექნა, ბედს დავმორჩილდი და გავყევი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მათთვის გამეგებინებინა, ვინ ვიყავი და სად მივდიოდი. ბოლოს პირქვე დავემხე და მკლავებით აზიდვა დავიწყე (ჯუმბერ ლეჟავას ერთი პირველი რეკორდი ასეთია _ საათში 5011 აზიდვა. ავტ.). ბედუინები გაკვირვებულები მომჩერებოდნენ, ბოლოს კი გადაიხარხარეს, არაბული ყავით გამიმასპინძლდნენ, შემდეგ ველოსიპედიანად აქლემზე შემსვეს და გამომაცილეს...ბრაზილიაში ჟურნალისტებმა მიმიწვიეს ფეხბურთის სათამაშოდ. ერთმანეთს ეთამაშებოდნენ ყვითლები და წითლები. მე წითლების გუნდში ჩამრიცხეს. ორი მატჩის ჯამში წითლებმა გავიმარჯვეთ. რამდენიმე გოლი მეც გავიტანე. ჟურნალისტებმა აღნიშნეს ჩემი კარგი თამაში. მათ გაუკვირდათ, როდესაც ავუხსენი, რომ გამოჩენილი ფეხბურთელები მესხი, მეტრეველი, კავაზაშვილი, ჩოხელი, რომლებიც სსრკ-ს ნაკრებში თამაშობდნენ, ქართველები იყვნენ და არა რუსები....ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია) გულთბილად მიმიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ხუან სამარანჩმა და სიდნეის ოლიმპიადაზე მიმიწვია, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ჩავედი..."
ორი შეხვედრა აფრიკამდე
"აზია, ავტრალია, ოკეანეთი, ამერიკა უკვე მომვლილი მქონდა და აფრიკაში წასასვლელად ვემზადებოდი. ყველას რატომღაც ეგონა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი მანძილი და სივრცეები გადავლახე, აფრიკის მონახულულებას და იქ მოგზაურობას ვერ მოვახერხებდი. სწორედ ამ დროს ქართული სპორტის დიდმა ქომაგმა და არაჩვეულებრივმა პიროვნებამ ბატონმა კახი ასათიანმა გამიკეთა უდიდესი საჩუქარი _ ამერიკაში ჩემს სანახავად ჩემი უმცროსი ქალიშვილი გამოგზავნა, ევროპაში ჩასულს კი პარიზში უფროსი ქალიშვილი დამახვედრა".
ერთ ოთახში დატეული მსოფლიო
"საქართველოში ვერ გაიგეს ჩემი მოგზაურობა. საკუთარი თავის გადაჭარბებულ შეფასებად არ მიიღოთ და გეტყვით, რომ ამ მოგზაურობას ანალოგი არ აქვს. 2006 წელს `წლის მოგზაურის~ წოდება მომანიჭეს, თუმცა ევროპაში დაჯილდოების ცერემონიალზე 400 აშშ დოლარის უქონლობის გამო ვერ ჩავედი. ამგვარი ჯილდოები მრავლადაა ჩემთვის განკუთვნილი, მაგრამ მათ მისაღებად სათანადო სახსრების გამოყოფა ყოველთვის უძნელდება სახელმწიფოს... დღემდე უკვირს ყველას, რომ ჩემი საიტი არ მაქვს, სადაც დაწვრილებით ინფორმაციასა და ფოტომასალებს განვათავსებდი ჩემი მოგზაურობების შესახებ... ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა აიღო ეს საქმე საკუთარ თავზე და იმედი მაქვს, მალე ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას... შეხედეთ ამ უზარმაზარ არქივს! ეს ყუთები წლების განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერებითაა სავსე... ეს ნაფიქრალი დღის სინათლეზე გამოსვლას ელოდება, თუმცა დღემდე არავის გამოუთქვამს სურვილი, ამ საქმეში დამხმარებოდა. ახლა სასამართლოებში მიწევს სირბილი იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ ჩემთვის გადმორიცხული თანხა კანონიერად მივიღო და იქნებ შევძლო, ერთი-ორი წიგნის გამოცემა. კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე დაინტერესებულმა პირმა ჩემი ჩანაწერების 12 ფურცლიანი რვეული 800 აშშ დოლარად იყიდა, მეორემ კი 80 საათის ვიდეოჩანაწერები _ 1500 დოლარად. წარმოგიდგენით, სულ რაღაც 1500 დოლარად იმ ადამიანმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურის მიერ გადაღებული 40 ვიდეოკასეტა შეიძინა. ამის გაკეთება მაშინ გადავწყვიტე, როცა ძალიან გამიჭირდა და მშველელი საქართველოდან არავინ იყო. ბევრ სახელმწიფოში შემოუთავაზებიათ, რომ მათი ქვეყნის დროშის ქვეშ მემოგზაურა, მაგრამ ჩემი მოგზაურობა საქართველოს და ჩვენს საერთო მომავალ გამარჯვებებს მივუძღვენი. ამიტომაც ყველა ასეთ შემოთავაზებას უარით ვპასუხობდი. მოგზაურობა ფულის საკეთებლად არ დამიწყია, მაგრამ არც იმისთვის, რომ შუა მოგზაურობისას ან თუნდაც მისი დასრულებისას ჩემს მეგობრებს დაერეკათ და ეთქვათ: ჯუმბერ, არ დაბრუნდე საქართველოში, ფიროსმანის ბედი გელისო. აქ ჩამოსულმა კი მართლაც, ვიგრძენი, რომ ჩემი მოგზარუობა უბრალოდ ვერ გაიგეს ან შურმა შეუშალათ ხელი, გაესიგრძეგანებინათ მისი მნიშვნელობა~.2007 წელს `ქარვასლაში~ ჩატარებულმა ჩემმა გამოფენამ "ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიო" დიდი წარმატებით ჩაიარა. მინდოდა, რომ ეს გამოფენა საქართველოს ყველა ქალაქში ენახათ, მაგრამ როგორც სხვა მრავალი პროექტი, ეს ჩანაფიქრიც უსახსრობის გამო ვერ განხორციელდა. ამ გამოფენაზე ჩემს მიერ აღქმული მსოფლიოს სახე წარმოვადგინე. ამასთან, მომზადებული მაქვს 14 თემის შესაბამისი ფოტომასალები გამოფენებისათვის: მსოფლიოს ბავშვები, მსოფლიოს ქალები, მსოფლიო პოლიციელები, მსოფლიოს ქალაქების არქიტექტურა, მსოფლიოს მდინარეები, მსოფლიოს ხიდები, მსოფლიოს რელიგიები, მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები და ა.შ. თამამად ვამბობ, რომ ჩემისთანა კოლექცია არავის აქვს: ზოგ სახელმწიფოში გადაღების უფლებაც კი არ მომცეს, მაგრამ აბა, როგორ შემეძლო გვერდით ჩამეარა და არ გადამეღო უნიკალური არქიტექტურული ძეგლები და სიძველეები? სულ მცირე ფინანსური მხარდაჭერა რომ მქოდეს, ამ უზარმაზარ დოკუმენტურ მასალას საბოლოო სისტემატიზაციას გავუკეთებდი, გამოვცემდი და გავამრავლებდი, რომ ადამიანებს ენახათ თანამედროვე მსოფლიო მოგზაურის თვალით".
უთქმელი ბევრი რჩება, არადა, ერთმა საჟურნალო სტატიამაც რამდენი უნდა დაიტიოს?! ვგრძნობ, რომ მოგზაურს ბევრ ვინმესა და რამეზე აქვს გული გატეხილი, პეკინის ოლიმპიადაზე ჩასულს ქართული ჩოხა არ ჩამაცვეს, ოლიპმიადის გახსნა-დახურვის ბილეთებიც კი არ მომცესო... არავინ ამბობს იმაზე, რომ ჩინეთიდან ახალი მარშტურით მინდოდა საქართველოში დაბრუნება, თუმცა ეს იდეაც იდეად დარჩა ცოტათი ობიექტური და უფრო მეტად სუბიექტური მიზეზების გამო, _ ამბობს `მსოფლიო სპორტსმენი და მოქალაქე~ _ 1999 წელს UNEშჩO-მ ჯუმბერ ლეჟავას ასეთი სტატუსი მიანიჭა. ცალკე თემაა ჯუმბერ ლეჟავა და მისი ველოსიპედები, თავს გადახდენილი ხიფათები და საშიში თავგადასავლები, მოგზაური და მისი მხატვრობა, ხის მხატვრული დამუშავება... ჯუმბერ ლეჟავას პილიგრიმობის ისტორია არასდროა მთვარდება, მუდამ დააქვს რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", წმიდა გიორგის ხატი, ლოცვანი, ქართული მიწა, გარდაცვილი მეუღლის, ჟიული შარტავასა და რატი კიკაჩეიშვილის ფოტოები.

No comments:

Post a Comment