Monday, October 12, 2009

არავიძეები და ბარათელები (ფიქრები თენგიზ აბულაძის "მონანიებაზე")

განსხვავებულ სოციალურ წრესა თუ ფორმაციაში მცხოვრებ ადამიანებს ერთნაირად აღელვებდათ მარადიული ღირებულებების შეცნობისა თუ ჭეშმარიტების წვდომის საიდუმლო. გახუნებული ფერწერული ტილოები, საუკუნეებს გადარჩენილი არქიტექტურული შედევრები, ხუთ ბწკარზე დაღვრილი ბუნებითი ევფონია თუ ქვაში ნაკვეთი ტიტანურობა ადამიანური დემონიზმის გამოხატულებაა _ დემონიზმისა, რომელიც მყოფობს სულში და რჩება ხრწნადი სხეულის შემდეგაც... სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის თემაც კაცობრიობასავით ძველია და თითქოს ძნელია, ახალი რამ თქვა... მით უმეტეს, რომ თაობებს ბევრი უნავახავთ პირველის მარადიულობის და მეორის წარმავლობის დასამოწმებლად, თუმცა პრეცედენტული მრავალწერტილები ყოველ ეპოქაში ხელახლა წამოყოფს თავს... არც XX საუკუნე იყო გამონაკლისი... ტირანიის სამოცდაათწლიანმა თარეშმა ჩვენს მატერიალურ თუ სულიერ მყოფობაზე მეტად მძიმე შედეგები დატოვა... ფეტიშიზმი და სტერეოტიპული ცნობიერება ახლაც კი მოგვყვება, სისტემის სახადს გადარჩენილ შვილებს მაინც გვეტყობა მისი დაღი... თუმცაღა ხანგრძლივი დაცემის შემდეგ განახლებისა და ფენიქსებრ აღდგომის დროც მოაწევს ხოლმე...
"მონანიება" ზოგადადამიანურ ვნებათა მაჩვენებელი კინემატოგრაფიული სარკეა, სადაც ყოველი ჩვენგანი ოდიოზური გმირების თუნდაც ერთ თვისებას მაინც აღმოაჩენს საკუთარ თავში. მლიქვნელობა, ცხოვრებისეული თამაში, სისასტიკე და სატანური ზრახვანი, თვისებები, რომლებიც თითქოს მხოლოდ ვარლამ არავიძეს და მის დოქსოპულოს მაგვარ ამფსონებს ახასიათებს, ჩვენშიც ცოცხლობენ... უბრალოდ ყველას პიროვნებაში როდი პოულობს ეშმაკის მანქანება ნოყიერ ნიადაგს გასახარებლად. ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის დედამიწაზე ყოველი ამოსუნთქვის, მამლის ყოველი ყივილის, მიწიერი ქვიშის საათის თითოეული მარცვლის ჩამოცვენის დროს გრძელდება. საზოგადოება კი უმეტეს შემთხვევაში ძლიერის მხარესაა: ან იმიტომ, რომ ძლიერება და სიმართლე არც თუ იშვიათAად იგივდება, ან სულაც იმიტომ, რომ მუშტის, იარაღის თუ ფოლადის დეზებაკრული ჩექმების თითქმის ყველას ეშინია.მედროვეობის თემა არახალია... ყოველ სისტემას თავისი ვამპირშვილები მოჰყავს, რომლებიც სისხლს სწოვენ სოციუმს, ბოლოს კი თავადაც ზედმეტი საკვებისაგან იღუპებიან... სამწუხაროდ, ადამიანები ვერ ვახერხებთ უკეთურებაშიც ზომიერების დაცვას, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ნემსს მოიპარავ თუ აქლემს?! საკითხავი ის არის, თუ რატომ დგება სანდრო ბარათელისნაირი ადამიანებისთვის დროდადრო კრიზისი, რატომ აბრალებენ მათ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, რატომ ეშინიათ მათი... დიახ, ნამდვილ დენდიზმს მუდამ უფრთხოდნენ ოდესღაც ბინძურ გვირაბებში მძრომელი "ვირთხები", რადგან კულტურა მათთვის გაუგებარი და აბსტრაქტული ცნებაა, რადგან ცხოვრებისეულ მიღწევებს ისინი ზომავენ დასმენილი და კედლებზე მიხვრეტილი ადამიანებით. შპინგლერის თქმით, იქ, სადაც კულტურა კვდება, ცივილიზაცია იშობა და მართლაც, არავიძეს ამ ნახევრად XX საუკუნის და ნახევრად შუა საუკუნეების ქალაქის ბინადართათვის მოაქვს სატანური წესრიგი და მორჩილება. მხოლოდ ის არის, რომ ეს ყველაფერი სიძულვილსა და ძალმომრეობაზეა დამყარებული, აქ შიში შიშს შეიქმს და არა სიყვარულს... სოციალურ ვამპირებს არც სურთ, შემოუშვან რამე ნათლისმიერი არსებაში: ვარლამის მიერ დაბრუნებული ჯვარი, დოქსოპულოს დამოკიდებულება უძველეს ტაძართან და სხვა მსგავსი მაგალითები ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანებმა სული მიჰყიდეს ეშმაკს, სანაცვლოდ კი ამქვეყნიური ბატონობა მიიღეს. სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერებასა თუ კლასიკურ ლიტერატურაში ვხვდებით ანალოგიებს: ნაწარმოების მთავარი გმირი ამასოფლურ სიამეთათვის ეშმას სულს აძლევს, სანაცვლოდ კი ჩრდილი ეკარგება. პირველ ხანებში გმირი ყურადღებას არ აქცევს ამას, მაგრამ თAანდათანობით სასოწარკვეთილებაში ვარდება, ცდილობს ჩრდილის დაბრუნებას, თუმცა ამაოდ, ბოლოს კი თვითმკვლელობამდე მიდის... ჩრდილის დაკარგვა სხვა არაფერია თუ არა იდენტურობის, ღვთის ხატობისა და მსგავსობის დაკარგვა, ამის გარეშე კი ადამიანი ცხოველიც კი არ არის... ფილმის უარყოფით გმირებსაც ჩრდილი აქვთ დაკარგული, ან სულაც იანუსივით ორსახოვანი არიან (გაიხსენეთ არავიძის საუბარი ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ბაღში)... არავიძეს საკუთარი სიმართლე აქვს, სიმართლე, რომელიც `ხალხის მტრებს~ ანადგურებს, სიმართლე, რომელიც ანგრევს სულიერ თუ მატერიალურ სამყაროს, ზედ აყრის მარილს, რათა მომავალში იქ არაფერმა იხაროს... ვინ არის არავიძე? ის, მართლაც, არავის ძე არ არის იმიტომ, რომ მთელი საზოგადოების ნაშიერია, ნაბიჭვარი, რომელიც საზოგადოებამ მიაგდო, თუმცა წლების შემდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდა... საზოგადოებამ, რომლის ერთი ნაწილი მარადიულ ღირებულებებზე, მეორე ნახევარი კი ყოველდღიური არსებობისათვის ფიქრში ათენებდა, ვერ გაითვალისწინა, რომ საფრთხე ასე ახლოს იყო... ბატონი მოსე მაშინ, როცა არავიძის ქალაქის თავად დანიშვნისას პათეტიკური ტონით მიესალმება მომავალ მმართველს, ვერ იაზრებს, რომ დასასრულის დასაწყისი კარზე მოადგათ. საინტერესოა, რომ მას გამოსვლას აწყვეტინებენ და მავანის ხელი გაათრევს ქალაქის საბჭოს შენობის აივნიდან. მართლაც, მთელი ფილმის განმავლობაში იმავე მავანის ხელი ხვრეტს ასეულობით ადამიანს, ასახლებს შორეულ მხარეში, სადაც სიკვდილი ელით, ანგრევს და აფეთქებს ეკლესიებს, სხვა სიწმინდეებს და ამ ყველაფერს მომავლის სახელით სჩადიან... პარადოქსულია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ შეცდომებს სწორედ მომავლის სახელით უშვებდნენ ნერონები, კალიგულები, ინკვიზიტორები, ჰიტლერები, მუსოლინები, ლენინები და ასე შემდეგ... ერთადერთი, ვინც ქვეცნობიერ პროტესტს გამოხატავს ქალაქში მიმდინარე მოვლენების მიმართ, არის სანდრო ბარათელი, ისიც იმიტომ, რომ დიდად არ ანაღვლებს, ვინ იქნება ქალაქის მმართველი... მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, მთავარია შემოქმედებითი თავისუფლება... მხოლოდ მაშინ, როცა დაინახავს რეალურ საფრთხეს, ამოიღებს ხმას და უკომპრომისო ბრძოლას იწყებს...თუმცა ძალიან კარგად ხვდება, რომ ამქვეყნიური პროტესტი წამებით დამთავრდება. ის მზადაა მარტვილობისათვის, ამიტომაც არის ასე გაბედული და მიზანმიმართული არავიძესთან ურთიერთობისას... ის არა ჯვარზე, არამედ ჯაჭვზე ჩამოკიდეს იოანე ნათლისმცემლივით _ ამით, ვგონებ, რეჟისორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბარათელი ვერტიკალურად სწრაფი აღმასვლით მიემართება უფლისკენ, პირველსაწყისისკენ, ჰორიზონტალური ხაზი ანუ მიწიერი ფაქტორი განგებ არის უგულებელყოფილი, რადგან ადამიანებს დრო სჭირდებათ ჭეშმარიტი მარტვილობის დასაფასებლად, ქრისტეს ღვთაებრიობაც ხომ მხოლოდ მისი აღდგომის შემდეგ ირწმუნა ხალხმა?.. ხის, როგორც ქრისტიანული სიმბოლოს, გათამაშება სხვა ეპიზოდშიც იჩენს თაAვს: გადასახლებული ,,ხალხის მტრებისგან~ მათ ოჯახის წევრებს მხოლოდ მოჭრილი მორი და მასზე ამოკაწრული სახელები და გვარები რჩებათ... არავიძის მსგავსი ბარბაროსები სიცოცხლის ხეებს ჭრიდნენ, რათა მათ ადგილზე ეთესათ ღვარძლი, სიყალბე და სისასტიკე... საზოგადოების ქვეცნობიერი ინსტიქტების შესახებ თუ გავაგრძელებთ მსჯელობას, დავინახავთ, რომ თვითონ იმ პროვინციული ქალაქის მოსახლეობამ მისცა ბიძგი არავიძის კვარცლბეკზე აყვანას... ჰიტლერისაც იმიტომ ირწმუნა რაციონალისტმა გერმანულმა ერმა, რომ ,,ნეხვის ხოჭო" პირდებოდა მას გაბახებული პატივისა და ღირსების აღდგენას, ზეერობისა და სხვაზე ბატონობის შესაძლებლობას, ,,არიულიანული რასის~ საბოლოო გამარჯვებას _ ამან ნარკოტიკივით იმოქმედა პირველმსოფლიოომგამოვლილ გერმანელებზე, შედეგად კი ისევ სირცხვილი და მარადიული წარუშლელი სისხლიანი ლაქები მიიღო... იქნებ, აბულაძემ შეგნებულად შეურჩია სახელი ამ გმირს _ `ვარლამი~ ხომ ქალდეურად ხალხის შვილს ნიშნავს. შვილს უყვარს დედის წვალება, ერთხელაც არ ამბობს უარს მის გაუპატიურებაზე _ ოიდიპოს კომპლექსი მასში ცნობიერ ასაკშიც გადადის... რატომ ეტრფის ვარლამი მშვენიერებას და ესთეტიკას, ხომ არ არის მასში რამე კეთილშობილური და ამაღლებული? არა და არა... ზღაპრებშიც კი დევი სოფლის საუკეთესო გოგო-ბიჭებს ირჩევს შესაჭმელად, მსხვერპლი გემრიელთან ერთად თვალისთვის სასიამოც უნდა იყოს... სანდროს მეუღლეც არავიძის დემონური ავხორცობის სასურველი ობიექტია, ქალი, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს მხეცური საწყისი ვარლამში, თუმცა რა არის მასში ადამიანური?.. ოპერებიდან არიებსაც მხოლოდ იმ მიზეზით მღერის, რომ სხვაზე მოახდინოს სასურველი შთაბეჭდილება, ინტელიგენტებს ინტელიგენტურ ანუ ხელოვნების დახვეწილ ენაზე ესაუბრება, მდაბიოებს კი პლებეურზე, ,,ნამცხვრისა და მათრახის" პოლიტიკა კარგად აქვს ათვისებული. ნაბადში გახვეული მგელკაცა მოჩვენებასავით დაძრწის ქალაქის ქუჩებში და კარიდან თუ არა ფანჯრიდან მაინც ესხმის თავს ხალხს. არავიძისა და ბარათელის იდენტური წარმომავლობის იდეაც იპყრობს ყურადღებას _ აქ ისევ ბიბლიური თემაა გათამაშებული. ვარლამი და სანდრო კაენისა და აბელის ტრანსფორმირებული სახეებია: ვარლამს შურს სანდროს ანუ აბელის ყოველი სიქველე, წყალობა... მას სანდროსმიერი არც ესთეტიკის შეგრძნება აქვს, არც მისნაირი ცოლი ჰყავს, არც განსაკუთრებული ხელწერის მქონე ხელოვანია, პირიქით, მისი ვოკალური მონაცემების გამომჟღავნება ცეცხლის ალში გახვეული რომის ცქერით დამტკბარი ნერონის სიმღერას უფრო გვაგონებს... მართლაც, ვის თუ არა ვარლამს ჰქონდა საქმე სამღერლად?!. ის კაენის მსგავსად იყენებს ძალას და კლავს (ან აკვლევინებს) ფაქტიურ ძმას. საეჭვოა ისიც, რომ ღმერთმა სიცოცხლის ბოლოს მაინც შეიწიროს ვარლამ-კაენის მსხვერპლი. ამიტომაც შვილიშვილის გამოცხადებაშიც ვარლამი უფრთხის მზეს, მზეს, როგორც ღმერთის მატერიალურ განსახიერებას, სიცოცხლისა და ჭეშმარიტების მატარებელ-მომნიჭებელს... თორნიკე არაერთხელ აცხადებს, რომ ბაბუამისი სიკვდილის წინ საკუთარ ცოდვებზე საუბრობდა, მაგრამ ღმერთისგან მიტევების შემთხვევაში ვარლამს აღარ შეეშინდებოდა მზის და არ დაიწყებდა სატანურ როკვას...თუნდაც შეესმინა მისი ვედრება, ცოდვათა საზღაურად უფალი მის შთამომავლობას მუდმივ გაორებასა და სიძულვილს უტოვებს, არავიძემ საკუთარ ოჯახს თავად გამოუტანა განაჩენი _ ამაო მყოფობა და სულიერი სიცარიელე. თორნიკე, თითქოს თავისი სახელიდან გამომდინარე, მართლაც, თორითაა შემოსილი და დაცული, ის იცავს თავს უეცრად აღმოჩენილი მანკიერებისაგან და ტოვებს ამქვეყნიურობას. ძველ ელადელებს თუ დავუჯერებთ, თვითმკვლელობა ადამიანის ავტონომიურობის უმაღლესი გამოხატულებაა, მაგრამ იყო კი ეს ლოგიკური, კარგად აწონ-დაწონილი ნაბიჯი არავიძეთა ბოლო ნაშიერისაგან, თუ ეს მხოლოდ აფექტური, წამის მეათასედ ნაწილში გაელვებული სტიქიონის რეალიზაცია იყო... ძნელი სათქმელია, თუმცა ცხადია ის, რომ თორნიკეს რეალური და ქმედითი პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, მან დაინახა, რომ აყროლებულ ჭაობში იყო ჩაძირული მისი ოჯახი, ოჯახი, რომელსაც ბავშვობაში ალბათ არცერთ საგანძურში არ გაცვლიდა... ახალგაზრდას თვითრეალიზაციისა და იდენტურობის დადგენის ყველაზე სათუთ გზაზე ფეხქვეშ გაეთელა ყველაზე ძვირფასი რამ, დაენგრა ქვიშის სასახლე, რომელსაც ათზე მეტ წელს აშენებდა მოლივლივე ზღვის სანაპიროზე, თუმცა თვითმკვლელობით თორნიკე შედგა პიროვნებად, მან პირველი დამოუკიდებელი საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და მარადიულობაში გადავიდა... რა ელის თორნიკეს, იქნება კი იქაც თორითა და ღირსების ქამარ-ხანჯლით შეიარაღებული თუ მას ჯოჯოხეთში სამუდამო ცეცხლი ელის... და მაინც თორნიკე დაწყევლილი ოჯახის დაწყევლილი შვილია, წყევლა კი კაცს იმქვეყნადაც მიჰყვება... ეთიკური კატეგორიებით თორნიკე გაცილებით მაღლა დგას აბელზე... მამამისი, თავისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გაორებულია, თუმცა გაორებულია არა სიკეთესა და ბოროტებას შორის, არამედ სიცარიელესა და ბოროტებას შორის, კეთილი საწყისი ხომ მასში თითქმის არ არის წარმოდგენილი. ოჯახის ფსევდოღირსების შესანარჩუნებლად ის მზადაა თავიდან მოიშოროს ქეთევან ბარათელი. რა მისი ბრალია, ამ შემთხვევაში თუ კარგად ნაცნობი და გამოცდილი მოქრთამვის ხერხით არაფერი გამოუვიდა... მანაც ხომ ეშმაკს მიჰყიდა სული, მერე რა, რომ თავისდაუნებურად მოხდა ეს ყველაფერი, მას ხომ არჩევანის უფლებაც კი არ დაუტოვა მამამისმა და იმ სოციალურმა გარემომ?! ბარათელებთან ყოფნისას ის ესწრაფვის ქეთევანთან ურთიერთობას წრფელი ბავშვური გრძნობით... თუმცა ნათელში გამოსასვლელი ყოველი გზა მისთვის მოჭრილია... ის მამასთან ერთად ფანჯრიდან გადახტება და უკუნეთში უჩინარდება... უკანდაბრუნებული ჯვარიც ღვთის მადლის არმიღების ფაქტია_ადამიანები ისევ ღმერთისგან მონიჭებული უნარით უარყოფენ მას... განა ეკითხება ვინმე ან რამე პითონს, გინდა თუ არა მახრჩობელა იყოო, ის პითონად დაიბადა და ეს არის მისი უბედურება. წყევლა აბელზე მთელი სიმძაფრით ისევე გადადის, როგორც პითონზე _ ბუნებითი ინსტიქტი. ამიტომაც აღსარებაზე არა ღმერთთან, არამედ ვარლამ-სათანაისთან მიდის, მისთვის ხომ მამამისი, მართლაც, ალფა და ომეგა იყო... საინტერესოა ისიც, რომ ვარლამ არავიძე შვილისგან აღსარების მოსმენისას თევზს მიირთმევს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს სიტყვა ნაკლებად თუ შეესაბამება მის მოქმედებას... პირველი ქრისტიანებისათვის ხომ თევზი სარწმუნოების სიმბოლო იყო, მისი დახატვა თუ ამოკაწრვა მაგიდაზე, კედელზე და ასე შემდეგ ერთგვარ მისტიკურ ხასიათს იღებდა, რადგან ამით ქრისტეს მიმდევრები და მისი ტკივილის თანაზიარნი ხდებოდნენ... ვარლამი კი ლუციფერულად დასწაფებია მას, ლამის სისხლისმსმელი ურჩხულივით ცდილობს გამოაცალოს მას ეს მისტიკური სიმბოლო და შეურაცხჰყოს ქრისტიანთა მრწამსი... შვილს კი მხოლოდ ფხას უტოვებს _ აქაც დიდი წიაღსვლაა... მართლაც, რა რჩება აბელს მამისგან?.. მემკვიდრეობა სიბნელისა, სიცარიელისა და გაორებისა, ცოდვები და წყევლა... არის თუ არა აბელი ნამდვილად სინანულში ფილმის ბოლოს, რატომ უგდებს მამამისის ცხედარს ყვავ-ყორნებს საჯიჯგნად? თუ იმისთვის, რომ საკუთარი უბედურების მიზეზად მამა მიაჩნია და ამით იძიებს შურს, მაშინ მით უმეტეს, ვერ ჩავთვლით მას ჭეშმარიტების გზაზე შემდგარად... საბედისწერო გარემოებათა გამოსწორებას ის არათუ საკუთარ თავში გარკვევით, არამედ ისევ და ისევ ცოდვით ცდილობს... რატომ დაარქვა ვარლამმა შვილს აბელი _ ეს მრავლისმთქმელი ბიბლიური სახელი, `იქნებ ამითაც ცდილობს Eეშმაკის მოზიარე არავიძე შეურაცხჰყოს ღვთის სიტყვა და სამება... სანდრო ბარათელის გზა კი ჭეშმარიტი აბელის გზაა, მისი მსხვერპლი შეწირულია, ვედრება-შესმენილი, ის სასუფეველში იმკვიდრებს ადგილს, დედამიწაზე კი ნათელ კვალს ტოვებს, თუმცა ალექსანდრე ბარათელის შთამომავლობაც ერთი საკრალური წერის ატანილები არიან... ქეთევან ბარათელი არ არის ქრისტიანული სულის ადამიანი, პირიქით, ის ამორძალს ჰგავს, ერთ ძუძუმოჭრილს იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს მშვილდ-ისრის სროლაში... მან იცის საკუთარი უბედურება, მას გაცნობიერებული აქვს თავისი ჯვრის სიმძიმე...საერთოდაც, "მონანიებაში" ადამიანები ერთმანეთის ფიზიკური თუ სულიერი დაღუპვის მიზეზად გვევლინებიან: ვარლამ არავიძე ბარათელების ბუდეს ანგრევს, ქეთევანი კი თავის მხრივ არავიძეთა საბოლოო დაღუპვის მიზეზი ხდება... ახალი აღთქმისეული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია ბარათელის მემკვიდრის საქციელი, მან ხომ ბოროტებას ბოროტება შეაგება და არ დაინდო მტრის ცხედარიც კი, მაგრამ საზოგადოებაში, სადაც ველური კანონები მოქმედებენ, ძნელია მარადიულ ღირებულებებზე საუბარი... მას არ დარჩენია სხვა გამოსავალი: თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ _ ძველი აღთქმისეული შეგონება მთელი სიცხადით იჩენს თავი მის საქციელში... განაჩენი, მართლაც, გამოტანილია: ამ საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი ჯვრისა თუ წყევლის მატარებელია, თვითონ სისტემამ იზრუნა იმაზე, რომ ბედნიერება და სათნო ცხოვრება უდაბნოში მირაჟული ზმანების დონეზე დარჩენილიყო... გავიხსენოთ, როგორ ,,კეთილგანწყობილად~ შედიან შუა საუკუნეების კარისკაცების სამოსში გამოწყობილი ჟანდარმები განწირულ ადამიანთა ოჯახებში: ,,აქა მშვიდობა~, _ ამ სიტყვებით იშლება ახალი, ალბათ უკანასკნელი ფურცელი თითოეული ,,ხალხის მტრის~ ცხოვრებაში. ალბათ თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში ამოტივტივდება დოჩანაშვილისეული ფრაზა: ,,ღამის სამი საათია და კანუდოსში ყველაფერი არაჩვეულებრივადაა"... რატომ არის შუა საუკუნეების ელემენტები (ეტლი, სამოსი, კარისკაცები) XX საუკუნეში დატრიალებული ამბებისადმი მიძღვნილ ფილმში _ აქაც რეჟისორული ხედვაა გასათვალისწინებელი. რითი განსხვავდებიან არავიძის კარისკაცები შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიის ინკვიზიციის მესვეურებისაგან: ჭეშმარიტების სახელით ხოცავენ ხალხს, ასახლებენ მეცნიერებს, ძელზე აკრავენ ხელოვანთ... მხოლოდ ერთი განსხვავებაა: ფუნდამენტალისტი კათოლიკეები ,,წმინდა ეკლესიის~ სახელით სჩადიოდნენ ღვთისმგმობ ცოდვებს, ახალი დროის შვილები კი უპირველესად, ეკლესიებს აფეთქებენ ან იქ ელექტროსადგურებს ამონტაჟებენ...ფილმის პროლოგისა და ეპილოგის ნახვისას იბადება აზრი: იქნებ ქეთევან ბარათელს არც არაფერი ჩაუდენია და მტრისთვის სამაგიეროს გადახდა მხოლოდ მისი უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფია, იქნებ მართლაც, არც თორნიკეს მოუკლავს თავი, არც აბელს გასჩენია გაორებისა და სიცარიელის გრძნობა და ტაძრები თუ ვარდები ისევ და ისევ 20-25 მანეთად გამომცხვარ ტორტებზე რჩება? არავის არაფერი გაუკეთებია ამ უკეთური სისტემის დასამხობად, სისხლიმსმელი ურჩხული ისტორიული კანონზომიერების გამო დამარცხდა ანუ უნდა დაინგრეს ერთი, რომ მის ადგილზე აღმოცენდეს ახალი, უფრო მძლავრი და მიმზიდველი...
არავიძეები მიდიან, არავიძეები მოდიან...
1924...1937......1993...200.?







No comments:

Post a Comment