Thursday, October 15, 2009

კინო კინოზე ლაჟვარდოვან სანაპიროზე

კანის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა დაამტკიცა, რომ კინემატოგრაფია მომავალს წარსულის თვალით უყურებს: ორი მსოფლიო ომის კვალი ჯერ კიდევ დიდად ამჩნევია ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო კინემატოგრაფიას. საავტორო კინო, რომლის აპოლოგეტადაც ითვლება ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი, შინაგანი დრამატიზმით, სიმძაფრით და ემოციურობით ინტელექტუალების ნამდვილ ასპარეზად რჩება.
„ბებერ“ ევროპას არაფერი ავიწყდება, პირიქით, საკუთარ შეცდომებს მეტად უფიქრდება და შინაგანად მონანიებულის თვითგვემასაც კი განიცდის. დიდ რეჟისორებსაც რეფლექსაციის პერიოდი უდგათ, თითქოს ძველ ფილმებს ხელახლა იღებენ, თუმცა მეტი პოლიტკორექტულობით და ნაკლები რადიკალიზმით.
არც სენსაციურობა და ეპატაჟურობა დააკლდა კანს 13-დან 24 მაისამდე - დანიელმა ლარს ფორნ ტრიერის სისხლიანმა „ანტიქრისტემ“ კიდევ ერთხელ აღაშფოთა საზოგადოება, ფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს პალმის დროს“ მფლობელმა მიხაელ ჰანეკეს „თეთრმა ბაფთამ“ კი ფაშიზმის ჩასახვასა და გამანდგურებელი იდეოლოგიის არსზე დააფიქრა საზოგადოება. „თეთრი ბაფთა“ ერთ გერმანულ სოფელში მომღერალი ბავშვებისა და მოზარდების ისტორიაზე გვიყვება. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი ახაგაზრდებს ნოტების ნამცვლად იარაღი უჭირავთ ხელში, სიმღერის ნაცვლად კაცა კვლას სწავლობენ - ომი მეოცნებეებს მებრძოლებად აქვს, სისასტიკისა და კაცთმოძულეობის „მოციქულებად“. ხანეკეს თქმით, ფილმი აშიშვლებს ყველა სახის ტერორიზმს, „იქნება ეს პოლიტიკური თუ რელიგიური“.
„ჩემი ცოლი ხშირად მეკითხება, ბედნიერი ვარ თუ არა. მიჭირს პასუხის გაცემა: ბედნიერება - იშვიათი რამაა. მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ხანეკემ ფრანგულად დაჯილდოების ცერემონიალზე „ოქროს პალმის რტოს“ გადაცემისას.
სულ ფესტივალზე 32 ქვეყნის 52 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათგან 46 საზოგადოებას პირველად წარუდგინეს.
სტუდია Pixar-ის მიერ გადაღებული ფილმი “ზევით“ პირველი 3D-ნამუშევარი გახდა, რომელსაც წილად ხვდა პატივი, გაეხსნა კინოფესტივალი. სახალისო ფილმი 78 წლის მოხუც მამაკაცზეა, რომელიც სახლზე ბუშტებს დაამაგრებს და ამგვარად გადაწყვეტს სამხრეთ ამერიკაში გაფრენას. გარკვეული სიმბოლო იკითხება ფესტივალის ასეთი დასაწყისით - კანზე ხომ, ძირითადად, უკვე დაბრძენებული ინტელექტუალები დააჯილდოვეს, რომელიც მულტფილმის ბაბუას მსგავსად, დაფრინავენ კინემატოგრაფიის სამყაროში კონტინენტიდან კონტინენტზე, იდეიდან იდეაზე, პრობლემიდან პრობლემაზე, კრიზისიდან კრიზისზე.
62-ემ წინამორბედებს მოკრძალებულობითაც გაუსწრო: ეკონომიკური კრიზისი კანის ლაღვარდოვან სანაპიროსაც დაეტყო, სტუმრებისთვის გათვალისწინებული პომპეზური საღამოები უფრო „მიწიერი“ გახდა, „ადამიანები უფრთხიან ისეთ ადგილებში გამოჩენას, სადაც მათი ხილვა ასოცირებული იქნება სიმდიდრესა და ფუფუნებასთან“, - აღნიშნა კანის ვიცე მერმა დავიდ ლისარმა. წელს არც ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ სასტუმრო „ედენ როკ“-ში შარშან გამართული გრანდიოზული საღამოს მსგავსი მიღება მოწყობილა, თუმცა კანში ალბათ მანამდე დაჯავშნიან სასტუმროებს დღე-ღამეში 36 ათას ევროს ფასად, სანამ იარსებებს კინოფესტივალი და თუნდაც ერთი მილიონერი მსოფლიოში.
63 წლის ისტორიის მქონე ფესტივალის ჟიურის წელს მეოთხედ თავმჯდომარეობდა ქალი, ამჯერად ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი. მანამდე კი კანის ავტორიტეტულ ჟიურის სხვადასხვა დროს ლივ ულმანი, ჟანა მორო და ფრანსუაზა საგანი ხელმძღვანელობდნენ. იზაბელ იუპერი თავად არის კანის კინოფესტივალის 2001 წლის „გრან-პრის“ მფლობელი ფილმის „პიანისტის“ მთავარი როლის შემსრულებელი, ეს ფილმიც მიხაელ ჰანეკეს ნამუშევარია.
სკანდალისტებმა კი განგაში ატეხეს: მსახიობმა ქალბატონმა კარგად ნაცნობი რეჟისორის სასარგებლოდ იმოქმედაო... თუმცა, კანზე სხვა ბევრ რამესაც ყვებოდნენ... მონაგონის გარდა, სკანდალისთვის ბევრი რეალური მიზეზიც იყო: ლარს ფონ ტრიერის „ანტიქრისტეს“ ლამის ომი გამოუცხადეს: ფილმის ჩვენებისას ბევრმა დარბაზი დატოვა, ზოგიერთს კი მოსულიერებაც კი დასჭირდა, რამდენიმე დამსწრემ ჟიურის მოუწოდა კიდეც, მოეხსნათ ფილმი საკონკურსო ჩვენებიდან.
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ფილმში ერთმანეთშია გადაჯაჭვული გლოვის, დანაშაულის, „პირველყოფილი შიშის“ და ოიდიპოსის კომპლექსის თემები.
ფილმის გმირს, სიგიჟის ზღვარზე მყოფი მეუღლე და ვაჟიშვილი ტყეში მდებარე სახლში მიჰყავს, ფიქრობს, რომ გარემო შოკურ თერაპიის როლს შეასრულებს აზროვნებაშერყეული ცოლისთვის და ამასთან, ხელს შეუწყობს დარღვეული ოჯახური ურთიერთობის რეაბილიტაციას. თუმცა, საბოლოოდ, მცდელობას უკუშედეგი მოაქვს. ფილმი მშობლების საძინებლის შავ-თეთრი კადრებით იწყება: მშობლები ვაჟიშვილის თვალწინ ამყერებენ სექსუალურ კავშირს, ფინალურ სცენებშიც ტრიერი სექსუალურ გადახრებზე ამახვილებს ყურადღებას.
„სკანდალები? შესანიშნავია. ვფიქრობ, რომ ფილმით სკანდალის პროვოცირება ბრწყინვალე რამაა. ჩემი ფილმით გამოწვეულ ყველა რეაქციას პატივს ვცემ... ჯერ-ჯერობით არ მცემენ და ესე კარგია“, - ასე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება საზოგადეობის აღშფოთებისადმი თავად ტრიერიმ. აღსანიშნავია, რომ „ანტიქრისტე“ რეჟისორმა ლეგენდარულ სცენარისტსა და რეჟისორს ანდრეი ტარკოვსკის მიუძღვნა
ფილმმა ჟიურის მოსალოდნელი შეფასება მიიღო - 8 კაციანმა ჟიურიმ „სისხლიან პროვოკაციად“ მონათლულ „ანტიქრისტეს“ სპეციალური „ანტიპრიზი“ გადასცა. სკანდალურობა დანიელი რეჟისორის შემოქმედებითი ხელწერაა, საკმარისია „იდიოტი“ (1998წ.) გაიხსენოთ, რომელმაც პორნოსცენების გამო მაყურებელთა აღშფოთება გამოიწვია. აჟიოტაჟმა კი ტრიერის სასარგებლოდ იმოქმედა - საზოგადეობის რეაქციას ხელი არ შეუშლია ჟიურისთვის, შარლოტა გენზბურგი, „ანტიქრისტეს“ მთავარი როლის შემსრულებელი, 62-ე ფესტივალის საუკეთესო მსახიობ ქალად დაესახელებინა.
კვენტინ ტარანტინოს, პედრო ალმოდოვარის მსგავსად, რადიკალიზმის და ეპატაჟურობის ვნება დროებით (?) მინელდა. მართალია, „სამარცხვინო ნაძირლებში“ ისევ ტარანტინო გვეუსაბრება, მაგრამ დიალოგის გაცილებით დიდი სურვილით: ოკუპირებულ საფრანგეთში ებრაელებისა და ამერიკელების უშიშარი ჯარისკაცი-დივერსანტები მოქმედებენ, ბრედ პიტის ხელმძღვანელობით. ცხადია, ფილმს მთავარი პრიზის აღების რეალური განაცხადი ჰქონდა, ჟიურიმ კი მხოლოდ ავსტრიელი მსახიობის კრისტოფერ ვალტცის შესრულება აღნიშნა და 62-ეს საუკეთესო მამაკაც მსახიობადაც დაასახელა. ტარანტინოს „სამარცხვინო ნაძირლების მსგავსად, ჯილდოს გარეშე დარჩა ესპანელი პედრო ალმოდავარის „გახლეჩილი ჩახუტებაც“. მართალია, ფილმის ჩვენების მეორე დღეს „მძიმეწონიან“ რეჟისორს პრესა კარგად შეხვდა, მაგრამ ეს არ იყო არც 2006 და არც 1999 წლები, როცა მისმა „დაბრუნებამ“ და შედევრმა „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ გაოცებაში მოიყვანა ყველა. „გახლეჩილი ჩახუტება“ დაბრმავებული რეჟისორის მოგონებების ამსახველი ნამუშევარია... რეალურად, ეს არის კინო კინოზე... სიმპტომატური მოვლენა 62-ე ფესტივალისთვის.
ჟიურიმ „ბებერს“ ევროპას საუკეთესო სცენარის ნომინაციაში „ახალგაზრდა“ აზია ამჯობინა: საუკეთესო რეჟისორად ფილიპინელი ბრიიანტე მენდოსი დასახელდა. მის „კინატაიში“ გმირი მეძავს ჯერ ასო-ასო აკუწავს, შემდეგ კი მოფარებულ ადგილებში მოისვრის.
აზიას სისხლთან ერთად გამბედაობაც დაუფასდა: რეჟისორ ლუ ეს „საგაზაფხულო ციებ-ცხელება“ კომუნისტური ჩინეთისთვის მიუღებელ და ტაბუდადებულ თემებს ეხება, მათ შორის ჰომოსექსუალურ ურთიერთობებსაც. აშკარაა, რომ ფესტივალის პროგრამაში ამ ნამუშევრის ჩართვა და მეტიც, მისი საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვება ყველაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს. მსოფლიო კინემატოგრაფიაში აღიარებულმა კინემატოგრაფმა ლუ ემ 2006 წელს კანში „ზაფხულის სასახლე“ წარადგინა, ფილმი 1989 წელს პეკინში ტიანიამენის მოედანზე დატრიალებულ სისხლისღვრას ეხება.
ფესტივალის გრან-პრი ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის „წინასწარმეტყველს“ გადასცეს. 19 წლის არაბ მოზარდზე გადაღებული ნამუშევარი ფრანგულ ციხესა და იქაურ იერარქიაზე მოგვითხრობს.
ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ალენ რენეს „სარეველა“. ამასთან, 87 წლის ფრანგ კინოკლასიკოსს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვისაც გადაასცეს საგანგებო ჯილდო.
ტრადიციულად, კანის კინოფესტივალის ფარგლებში სტუნდენტური კონკურსიც გაიმართა. Cinefondation 1998 წლიდან დაემატა ფესტივალის საკონკურსო პროგრამას. წელს 1400 ნამუშევრიდან საკონკურსოდ სულ 17 ფილმი შეირჩა. პირველი პრიზი და 15 000 ევრო ჩეხი რეჟისორის ზუზანა კირჩნეროვა-შპიდლოვას „ბებიას“ ხვდა წილად, გადასცეს ფილმი ახალგაზრდა გოგონაზეა, რომლიც იძულებულია დაუძულურებულ ბებიას მოუაროს. მეორე ადგილი და 11.5 ათასი ევრო ჩინელი სონ ფანის „ნახვამდის“, მესამე ადგილი და 7.5 ათასი ევრო ებრაელმა იაელ კაიამ და კორეელმა იო სუნ-ხიმ გაინაწილეს ფილმებისათვის „დიპლომი“ და „არ გახვიდე სახლიდან“.
დასასრულ, კანის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, კრიტიკოსთა შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელი არსებობის მანძილზე. „არტჰაუსური“ სინემა კვლავაც ევროპის მთავარი მიმართულებაა. მერე რა, რომ ზოგჯერ დიდი რეჟისორებიც იღებენ კინოს კინოზე?!

No comments:

Post a Comment