Wednesday, October 14, 2009

სტერეოტიპების გზაჯვარედინზე... (ოთარ იოსელიანის "პასტორალი")

ალბათ არავის აუღწერია მეგრული ყოფის სურათები ქართულ კინემატოგრაფიაში ისე, როგორც ცნობილ ქართველ რეჟოსორ ოთარ იოსელიანს: ხელოვანის ხედვა აღწევს სოფლური ყოფის სიღრმეებში, ერთი შეხედვით, პროვინციულ წიაღში, თუმცა მხატვრული ტილოს გულდასმით დაკვირვებისას ძალაუნებურად აღმოვაჩენთ, რომ ადამიანისათვის მახასიათებელი მანკიერებანი არა მარტო სამეგრელოს მივარდნილი სოფლის შარა-გზებსა თუ ოდებში იჩენს თავს, არამედ მთელ კაცობრიობას სიკვდილის აჩრდილივით დაყვება.
სიუჟეტი თითქოს ნაცნობია: ახალგაზრდა ხელოვანი სტუდენტები დედაქალაქიდან პერიფერიაში ჩადიან, რათა ბუნების წიაღში სულსაც და გონებასაც განტვირთვის საშუალება მისცენ. დაახლოებით ორი კვირა კლასიკური ინსტრუმენტების ჟღერადობით აკვირვებენ სოფლის მკვიდრთ. ამ ხნის მანძილზე ისინი მომსწრენი ხდებიან იმ ურთიერთობებისა, რომელიც ვითარდება სოფლად ადამიანთა შორის. ოდნავი გაკვირვების თანდათან ალღოს უღებენ სოფელს, ერთ მშვენიერ დღესაც დროებითი საცხოვრისიდან მიდიან და უბრუნდებიან კონსერვატორიას.
მართლაც, სიუჟეტური ქარგა არახალია, მით უმეტეს, რომ ფილმის გადაღების პერიოდი (XX ს.-ის 70-იანი წლები) ემთხვევა საქართველოში მომხდარ ურბანულ აფეთქებას, სოფლად მოსახლეობის დაცარიელებას. რეჟისორმაც ალბათ კიდევ ერთხელ აჩვენა ქალაქელებს პირველყოფილი მყუდროება, სპეციფიკა, ფსევდოიდილია, როგორადაც იხსენიებდნენ ხოლმე იმ პერიოდში სოფლად ცხოვრებას.
თუმცა ეს თითქმის ორსაათიანი კინემატოგრაფიული ეტიუდი უფრო მეტის თქმის საშუალებას იძლევა.
მთიან ლაკადაში გვიანი ზაფხული თუ ადრეული შემოდგომაა. ხშირი წვიმები, ტალახი და მოღრუბლული ცა მაყურებელს სიუჟეტის განვითარების სავარაუდო სურათს უხატავს. მართლაც, აუტანელია ტალახი სოფელში, თან მაშინ, როცა დასასვენებლად ჩადიხარ. ფილმში ასახულ ოჯახს თითქოსდა არაფერი უჭირს: საჭმელ-სასმელი აქვთ, კოლმეურნეობაშიც ასე თუ ისე მონაწილეობენ "მოძმე სახელმწიფოთა კავშირისათვის" დოვლათის შექმნაში, სახლსაც აშენებენ, ფუსფუსებენ, ქეიფობენ, მაგრამ მიუხედავად ამ სიკეთეებისა, მათ ყოველ მოქმედებას საფუძვლად შური, გაუტანლობა, ღალატი, სიხარბე უდევს. მოჯადოებული წრე კი ამპარტავნებით სრულდება. ოჯახის უფროსი მალულად თიბავს ბალახს სოფლის ნახირის კოლექტიურ საძოვარზე, ყოველ საღამოს კი ამ "ნობათით" უმასპინძლდება მსხვილფეხა თუ წვრილფეხა რქოსანს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ საღამოსაც ჩვეულებრივ თივით დატვირთული მოდის, სიხარბის გამო მასთან სტუმრად მყოფი ახალგაზრდების მიერ შესმული ლიმონათის ბოთლს გაჭირვებით იღებს და სახლში მიაქვს _ ერთი ჩვეულებრივი შუშის ტარა რა დიდი სიკეთეა ოჯახში, მაგრამ სხვას უსწრებს ამ საქციელით. არც სახლის შენებისას ითვალისწინებს ეს "კოლხური" ოჯახი მეზობლის ინტერესს, ფარულად შემდგარი გარიგების შედეგად ოჯახის უფროსი ვაჟიშვილის მიერ მოტანილი სამშენებლო მასალით მიწურის მაგვარ სახლს ისე დგამენ, რომ მეზობლებისას მზის სინათლე ვეღარ არწევს, თუმცაღა ფანჯარას სწორედ მათ მხარეს უკეთებენ, რათა კარგად დაინახონ გვერდითა მოსახლეების ავ-კარგი. არც კომეურნეობაში აქვთ მაინცდამაინც ბევრი სამუშაო დღე დაგროვილი, პირიქით, იგივე უფროსი შვილი მუდამ საყვედურს და სარაიონო შერცხვენას იმსახურებს უპასუხისმგებლობის გამო, ისინი ხომ მხოლო პირად გამორჩენაზე არიან გადასულები?!
ყურადღებას იქცევს პატარა ღელესთან დაკავშირებული ეპიზოდი: ნაწვიმარ წყალს ერთი მეზობელი სხვისი ეზოსკენ უქცევს კალაპოტს, მეორე – მესამისკენ, არადა თავისუფლად შეიძლება ისეც მოხერხდეს, რომ არც ერთის ეზო არ დაიტბოროს.ფარისევლობისა და მლიქვნელობის ხარისხი უმაღლეს კოეფიციენტს აღწევს ოჯახის მეორე, ქალაქში "მოღვაწე" შვილის საქციელში. სოფელს ჰგონია, რომ ის "დიდკაცია", "მეფისტოლა" და შესაბამისადაც პატივს სცემს. ეს მედროვეც ოჯახს თვეში ერთხელ ტომარა ხორბლის ფქვილით მოადგება კარზე, დააკვლევინებს ქათმებსა და გოჭებს, ვითომდა კეთილშობილური მიზნით შეკრებს მეზობლებს, გამოთვრება, რასაც ვერ გადაუძახებს სტომაქში, ათმაგად მიაქვს ქალაქში. არც ბუნებას ერიდება: კუსტარული წესით აფეთქებს მდინარის დინებას და სხვადასხვა სახეობის თევზსაც გაუმაძღრად უკრავს თავს ქალაქში წასაღებად. სოციალური სნობიზმი მეველის საქციელშიც ჩანს: მაშინ, როცა იმავე მედროვის მამა არაერთხელ ხდება მისი დატუქსვისა და საყვედურის ადრესატი, ამ შემთხევაში ფეხქვეშ გაებება წყალში ჰალსტუხიანად ჩამდგარ აზარტულ ბრაკონიერს და ებოდიშება კიდევაც. მედროვე ძალიან კარგად ხვდება, რომ მეველეს სულ სხვა ეგონა, ამიტომაც გამოემართა მისკენ ცხენზე ამაყად ამხედრებული.. მან იცის, რომ ძალაუფლება აქვს და შესაბამისადაც იყენებს მას. არც ოჯახია მისადმი გულწრფელი გრძნობით გამსჭვალული. მხოლოდ ერთი ტომარა ფქვილის დანახვისას დაუფარავად გამოხატავენ უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას. მათი მთავარი უბედურება ის არის, რომ არც სურთ გადადგან ნაბიჯი უკეთესობისკენ, ცვლილებებისკენ, თუნდაც ეს ქვაზირეფორმები პირველ ეტაპზე მტკივნეული და ძნელი იყოს...
არც ქართული სუფრის მადლი სცხია ამ ოჯახში გამართულ ღრეობას. ეს ღვთის სადიდებელი საკულტო საკრებულოც უზომო ამბიციებისა და უშვერი პატივმოყვარეობის ასპარეზი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სტუმართაგან ერთ-ერთი გოგონა სწორედ ამ მედროვის უფროსის ქალიშვილია, ოჯახი წასვლისას ახალგაზრდებს კაპიკ-კაპიკ აანაზღაურებინებს ყველაფერს. არც სიბილწეა უცხო ფილმში: ოჯახის რძალი დედამთილთან ხელსაქმისას მადიანად უღიმის ავტობუსიდან გამომზირალ სოფლელ მამაკაცს. რას ვიზამთ, მუდამ მანქანის ზეთით მოთხვრილ_აყროლებული მობუზღუნე ქმრის პატრონს ნამდვილი ეროტიული ტრფიალება მონატრებია...
მიუხედავად ყველა ამ დეტალისა, ფილმის პერსონაჟები ერთგვარი იდილიური ცხოვრებით რბიან ამ წუთისოფელში. ეს, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით. მეზობლებთან სახლის აშენებისას დაკავშირებულ სკანდალს თუ არ ჩავთვლით, ხმაურს არაფერზე ტეხენ, ეს არა იმიტომ, რომ მათი კეთილშობილება არ აძლევთ უფლებას, არამედ იმ მიზეზით, რომ ამპარტავნება აშკარად მაღლა დგას მარადიულ ღირებულებებზე, მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ სხვებთან ცუდად გამოჩნდნენ, ილაპარაკონ მათზე, მიაკერონ სტეროტიპული იარლიყები, არადა თვითონ არიან სულიერი პროვინციალიზმისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპული აზროვნების მსხერპლ-მატარებელნი.
ფილმში ასახული სუბკულტურა რამდენიმე მიკროფსევდოიდილიურ სამყაროს აერთიანებს: ახალგაზრდებს, სახლის მეორე სართულზე მუდამ ამაღლებული ჰანგების მოტრფიალეთ; სოფლის "ძველ ბიჭებს", რომლებიც `ბელამორს~ენერგიულად ქაჩავენ სტუმრების დასანახად; ოჯახს, რომელიც მუდამ მოქმედებაშია.ფილმში სოფლური რომანტიკულობა და ნამდვილი იდილია მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა ედუკი, ოჯახის პატარა დიასახლისი, შუკებსა და მაყვლოვანში გაასეირნებს დედაქალაქელებს. საერთოდაც, ედუკი ერთადერთი ნათელი წერტილია, რომელიც ოჯახში გარკვეულ ბალანსს იცავს. ის მიდრეკილია სტუმრებისაკენ, განათლებისაკენ, გულისხმიერებისაკენ, თუმცა ცხელი ყოფითი მარწუხები აკავებენ მას. არც თუ ისე შემთხვევითია მისი და ერთ-ერთი სტუმარი ვაჟის შორიდან ტრფობა, თუმცა ნებისმიერ გრძნობას გასავითარებლად შესაბამისი გარემო სჭირდება, რაც ასეთ ოდიოზურ ოჯახში ნაკლებად თუ სუფევს, მაგრამ დასასრულს რეჟისორი გვაიმედებს, რომ ედუკი ოდესმე ჩავა კავკასიის პარიზში...
ფილმს ფონად კოლხური ჰანგები გასდევს, მუდამ ისმის მეგრული სიმღერა, თითქოს ეს ჟღერადობა და ყოფა შეუთავსებელია. აშკარად ჩანს, რომ რეჟისორის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ამ სოფელში მცხოვრები ხალხი იმ ეთნოსის მემკვიდრე სულაც არ არის, რომელმაც შექმნა ეს კოსმოგონური ევფონია, რომ ამ დაბეჩავებულ, მატერიალისტურ ადამიანებს სულიერი ჭრილით არაფერი აერთიანებთ ძველ შავისზღვისპირელებთან, მომღერალი და-ძმაც კი, რომელთა ნამღერ უძველეს საკულტო, სატრფიალო სიმღერებსაც ახალბედა ხელოვანები მაგნიტურ ჩამწერზე იწერენ, ერთგვარ მუმიებს წარმოადგენენ ძველი გენიალური კულტურისა. გაუცხოება ისადგურებს ერთ ეზოში ორ სხვადასხვა სახლში მცხოვრებ ადამიანთა შორის, არადა ისინი ხომ ერთი ცის, ერთი მიწის, ერთი სტიქიის შვილები არიან. მგონი, არც მეორე სართულის ხაზგასმაა შემთხვევითი: სტუდენტები სულიერი მახასიათებლებით ერთი თავით (სართულით) მაღლა არიან მიწას მიშტერებულ ხალხზე. "პასტორალი" ორიგინალური ფილმია, რომელმაც დაგვანახა სოციალური უთანასწორობის, ადამიანური ურთიერთობების გაუცხოების, მერკანტილიზმის, სიძუნწისა და წარმავალი ეპოქის სადა სურათი _ ამ შემთხვევაში იოსელიანი ჟამთააღმწერლის ამპლუაშიც გამოდის. ეს ნეგატიური ფაქტორები ხომ დროის შედეგია, რასაც ემატება ტრადიციული გონებრივი სიბნელე. მართლაც, რამდენად ადვილად ამოსაკითხია ეპიზოდის ქვეტექსტი, როცა მედროვე ხელში აკავებს უფროსს ოჯახისთვის ნაყიდ სურსათს, შემდეგ კი საბჭოურ "24"-ში მძღოლის გვერდით, უფროსის ადგილზე ხელგაშლილი ჯდება. არც უფროსია გახარებული: თითქოს ყველაფერი აქვს და ჰყავს _ ერთგული ლაქიიდან დაწყებული თანამედროვე ბინით დამთავრებული ქალაქის რესპექტაბილურ უბანში, სულიერ მხარეზე კი რა მოგახსენოთ, მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ამას ვერც კი გრძნობს: ორი კვირის უნახავები, არც მამა და არც შვილი არ ესწრაფვიან ერთმანეთის მოფერება-მოკითხვას. სისტემა სისხლს წოვს ერთგულ შვილებს. ალბათ საბედისწეროა ისიც, რომ ფილმის დამასრულებელ კადრში ჩანს ისევ კოლხური ეზო, ჩვენსკენ მომზირალი ქალებით და გაზაფხულზე თეთრად აფეთქებული მსხლის ხით. ვინ იცის, იქნებ სულიერმა გაზაფხულმა დაიმორჩილოს სიხარბისა და გაუცხოების ჭინკა და სამუდამოდ გააქროს კაკაბაძისეული კვაჭი კვაჭანტირაძის ყველა ეპოქაში ასე "დროული" მედროვის სახე.

No comments:

Post a Comment