Monday, October 12, 2009

მადლი სახელად ლიტერატურა

26 მარტს სიტვით ჯადოსანს 70 წელი შეუსრულდა. მწერალი ("გადამწერალი", როგორც თვითონ ამბობს) გურამ დოჩანაშვილი ის შემოქმედია, რომელიც ძალიან დიდი ხნით დარჩება სიყვარულის მასწავლებლად თანამედროვე და მომავალი თაობებისათვის, მოძღვრად, რომელსაც "უხარიხარ" და შენც "გეძილშინათდება", ქადაგად, რომელთან ყოველ შეხვედრის შემდეგ ოდნავ უკეთესი მაინც ხდები, ვიდრე იყავი.
არქეოლოგიის მუსიკა
"ადრეულ წლებში მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, ვუკრავდი უნივერსიტეტის ორკესტრში, საკმაოდ კარგი ორკესტრი იყო მოყვარულების კვალობაზე, ამასთან არქეოლოგიამაც გამიტაცა. ამ ორმა დარგმა უდიდესი სამსახური გამიწია _ არქეოლოგიამ საქართველო შემასწავლა და შემაყვარა: ჩვენს მიწაზე იშვიათად ნახავთ ადგილს, რომლის შესწავლამ არ შეგახვედროთ წარსულთან, ისტორიასთან. მუსიკალურმა მრავახმიანობამ, ხალხურმა პოლიფონიამ სხვა კუთხით დამანახა ქართველი კაცის სული, ქართული საგალობლები სუნთქვა და სულდგმაა ქართველი ერის, ნასათუთევი ტაძრები ქუდზე კაცის აშენებულია. ქართველი ხომ მართლმადიდებლობით ცხოვრობდა, ის მტერიც კი უყვარდა, რომელსაც ებრძოდა _ ბრძოლით თავის მიწა-წყლისა და მომავლისთვის ზრუნავდა".
ბევრჯერ წაკითხული და მაინც ამოუკითხავი "სამოსელი პირველი"
"სამოსელი პირველის" წერა რომ დავიწყე, სახარებაში ნაკლებად ვიყავი ჩახედული. ისედაც, მოგეხსენებათ, რომ სახარება იმდენად ღრმაა, რომ ბოლომდე მას წმიდა მამებიც ვერ წვდებიან. უძღებ შვილზე იგავი რომ წავიკითხე, მომინდა ამ იგავზე ნაწარმოების დაწერა, თუმცაღა თავიდანვე ვხვდებოდი, რომ გარკვეულ წინააღმდეგობებთან მომიწევდა შეხება _ რომანს გამოქვეყნებისთანავე ზოგმა კოსმოპოლიტური უწოდა, ზოგმა _ ბულვარული. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერდა: რატომ გამოვიყენე უცხო სახელები ნაწარმოებში? იცით, კრიტიკოსებზე მეტად თავად განვიცდიდი ამ საკითხის სირთულეს. ბოლოს როგორც იქნა, მოვიფიქრე: მე კი არა, ქართული მწერლობის გენიას, შოთა რუსთაველს აქვს-მეთქი გამოყენებული უცხო სახელები, ქვეყნები. აბა, დომენიკო უცხო ქალაქში რომ წავიდოდა, უცხოსახელებიანი ხალხი არ შეხვდებოდა?! შეიძლება ნეაპოლის სასტუმროში ადმინისტრატორს მაყვალა ერქვას და შვეიცარს _ ბიჭიკო?! _ ასეთი იყო ჩემი ხუმრობანარევი პასუხიც. ქვეყნდებოდა წერილები იმაზე, თუ რატომ მაწუხებდა მე, როგორც საბჭოთა მწერალს, თავისუფლების იდეა?! კანუდოსის აჯანყება ხომ ნამდვილი ამბავია?! ბრაზილიაში მომხდარმა მოვლენამ ბიძგი მომცა მუშაობისათვის, უკანუდოსოდ ეს რომანი წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ვოცნებობდი, ვფიქრობდი კანუდოსზე. `სამოსელ პირველს~ მთელი თორმეტი წელი ვწერდი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ათამდე მოთხრობა მაქვს დაწერილი, 1971 წელს რომანის არცერთი სტრიქონი არ დამიწერია. შეიძლება ითქვას, რომ გატაცებული ვიყავი კანუდოსის იდეით. რაც შეეხება რომანის გამოცემას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ რედაქტორთა ღვაწლი, რომლებიც ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ: ვახტანგ ჭელიძე, გიორგი შატბერაშვილი და სხვები. ჩემი ნაწარმოებების ნახევარზე მეტი არ დაიბეჭდებოდა, რომ არა ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის შემართება და გაბედულება. რომანის დასრულების შემდეგ ვერც კი ვიოცნებედი მის გამოცემაზე, ვფიქრობდი ასეთი ნაწარმოების დაწერისათვის გიჟად ჩამთვლიან-მეთქი. თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით: როგორც შემდეგ გავიგე, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს შეუკრებია იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და უთქვამს ჩემზე: რაც უნდა მოგიტანოთ დასაბეჭდად, აუცილებლად გამოუქვეყნეთო. ამის გამო იყო, რომ გაზეთი `კომუნისტიც~ კი გამომეხმაურა და შემომთავაზა რაიმე ნაწარმოების ან რომანის რომელიმე ნაწყვეტის დაბეჭდვა. იცით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმი იყო, კონკრეტული ადამიანების წყალობით, ხერხდებოდა ისეთი ნაწარმოებების გამოცემა, როგორიც იყო "დათა თუთაშხია", "სამოსელი პირველი" და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ გამოხმაურებას პოულობდა საზოგადოებაში ამ ნაწარმოებებში გაჟღერებული იდეები თავისუფლებისა, სიკეთისა, სიყვარულისა, თავდადებისა. მინისტრთა საბჭოს დაკვეთით თენგიზ აბულაძემ `მონანიება~ გადაიღო, მოსკოვში მოინდომეს მისი დედანი ფირის განადგურებაც კი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს უნიკალური კინემატოგრაფიული ნაწარმოები გადაურჩა მოსკოვის ცენზურას და ორი თვის განმავლობაში საბჭოთა კავშირის უდიდესი კინოთეატრების ეკრანებზე იყო ნაჩვენები, რაც მანამდე არ მომხდარა".
"ძალიან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ..."
(გ. დოჩანაშვილის მოთხრობიდან "გივიზე")
"ხელოვნებას უდიდესი მადლი აქვს _ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ძნელი სათქმელია მეორე მსოფლიო ომის დროს რამ უფრო გაამარჯვებინა საბჭოთა კავშირსო: იარაღმა "კატიუშამ" თუ სიმღერა "კატიუშამ"?! სწორედ ამაშია ხელოვნების მადლი და წყალობა... საერთოდაც, ხელოვნების მიზანი ხომ იმაშიც, რომ გახადოს ადამიანი უკეთესი, ვიდრე არის. დღეს, სამწუხაროდ, ტელევიზიითა თუ სხვა საშუალებებით რითი ვზრდით ჩვენს მომავალ თაობას _ სადისტური მულტფილმებით, სადაც სიკეთისა და თანაგრძნობის ნაცვლად ვხედავთ უზომო მიდრეკილებას ძალმომრეობისაკენ, სისასტიკისაკენ?! ჰოლივუდის ფილმებით, სადაც ტყვიით მოსაკლავად გამზადებულ გმირს აუცილებლად თეთრ პერანგს აცმევენ, სისხლი უკეთესად რომ დაინახოს მაყურებელმა?! იმ სერიალებით, რომელთაგან ერთი ორასმეექვსე ეპიზოდზე, მეორე _ მეხუთასეზე, ზოგიც_ შვიდიათასმესამეზე?! სამსახურუქონელი ქართველი კაცი, რომელსაც ტელევიზორიღა შერჩენია გასართობად, ნამდვილად შეიშლება ამის შემხედვარე. ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, ვიკითხოთ ჩვენი უდიადესი მწერლების ნაწარმოებები, ვიკითხოთ ქართული კლასიკა, სადაც ჩანს ჩვენი თვითმყოფადი ეროვნული სული. სამწუხაროდ, ნაწარმოებებს კი არა, თბილისში მწერალთა ძეგლებს ვერ ცნობენ, არადა ქართული მწერლობა ჩვენი არსებაა, ჩვენი გადარჩენა. რუსთაველი, დავით გურამიშვილი, სულხან-საბა, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ცოტა თანამედროვეთაგან გიორგი ლეონიძე, თამაზ ბიბილური, გურამ რჩეულიშვილი, რევაზ ინანეიშვილი... ქართველებს დაგველევა ასეთი სახელები? ძალიან გვიან წავიკითხე ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები არა სხვა მიზეზთა გამო, არამედ იმიტომ, რომ მის გაგებას დრო სჭირდება. ის არის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ გვიყვება ამბავს, განსაკუთრებით გამოვყოფდი მოთხობას "იგი". მსოფლიოში მიაჩნიათ, რომ მოკლე მოთხრობების უბადლო ოსტატი მატეო ფალკონეა და მეც უდიდეს პატივს ვცემ მის შემოქმედებას, მაგრამ აბა, რევაზ ინანეიშვილის პროზა თავისი სისპეტაკით, სიცხადით, სენტიმენტალობით განა ჩამოუვარდება რომელიმე დიდი კალმოსნის შემოქმედებას?! დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში ხშირად არ ცნობენ მსგავსი მიმართულების მწერლებს, მიაჩნიათ, რომ სენტიმენტალობა და სიფაქიძე სიტყვაკაზმულობას არ უხდება _ მაპატიეთ, მაგრამ ეს თავხედობაა. პოეზია ძახილის ნიშნით წარმომიდგენია მაინც, პროზა კი სამწერტილით, პოეზიას აქვს ჯაჭვი, რასაც რითმას ვეძახით. ქართული პოეზიისათვის რითმა სასიცოცხლოა. ხალხური პოეზია, რუსთაველი, სხვა დიდი მგოსნები სწორედ რითმის სიფაქიზით აღწევენ ჩვენს არსებამდე, დღეს კი ზმნების გარითმვა პოეზიაში დრომუჭმულად მიაჩნიათ, ხელოვნურად ეძებენ რაღაც დისონანსურ ფორმებს. ხელოვნებას თავისი ევერესტი არ აქვს, ახვიდე და დაიპყრო, მისი ნებისმიერი სიმაღლე ძნელად მისაღწევია, ამაშია შემოქმედების ხიბლი. თვით დიდი ხელოვანებიც კი იძახდნენ, რომ შემოქმედები არ იყვნენ: ოთხმოცდაცხრა წლის მიქელანჯელო გარდაცვალებამდე სინანულს გამოთქვამდა: რა ცუდია, რომ ვკვდები, მე ხომ ახლა ავიდგი ფეხი ხელოვნებაში, ახლა ვისწავლე ანაბანაო; ლეონარდო და ვინჩის თავისი არცერთი ნამუშევარი დასრულებულად არ მიაჩნდა; დანტეს "კომედიას" "ღვთაებრივი" მადლიერმა მკითხველმა უწოდა და არა ავტორმა; ვერდი ამბობდა, რომ გლეხი იყო; ფოლკნერი თვლიდა, რომ ფერმერი გახლდათ _ ამის შემდეგ ცოტა უხერხულია, საქვეყნოდ გამოაცხადო, რომ მწერალი, შემოქმედი ხარ. ერთმა ახალგაზრდა მწერალმა განაცხადა, რომ წერისას მკითხველზე არ ფიქრობს... არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია არ წერო მკითხველისათვის... მაშინ საერთოდ ნუ მიეკარები კალამს _ უფრო მეტიც, მკითხველი თანაავტორია. განა ბატონი ეროსი მანჯგალაძე არ არის ჩემი თანაავტორი _ მან ხომ სცენაზე გადაიტანა ის იდეა, რომელსაც მოთხრობის გმირი ატარებდა?! იცით, ისე განიცდიდა ამ როლს, რომ როცა ეკრანზე გვაჩვენეს სატელევიზიო სპექტაკლი, ის ჩვენს დარბაზში არ ყოფილა. თურმე სთხოვა, რომ ცალკე ოთახში ეჩვენებინათ მისთვის ჩანაწერი. ბატონმა ნუგზარ ბაგრატიონმა ჩემი ხუთი ნაწარმოედი დადგა: ოთხი _ ტელესპექტაკლად და ერთიც _ თეატრში, რომელსაც მისი უწმიდესობადა უნეტარესობა ილია მეორეც დაესწრო.
ბედნიერება პასუხისმგებლობის ფასად
"მკითხველის სიყვარული და თანადგომა უდიდეს ბედნიერებასთან ერთად უზარმაზარ პასუხისმგებლობას მაკისრებს, როგორც გადამწერს. წერისას ფიქრობ, ნაწარმოების ამა თუ იმ გმირს, მონაკვეთს როგორ მიიღებს ესა თუ ის მკითხველი. მნიშვნელოვანია, როგორი ქართულით ესაუბრები მკითხველს. დღეს რატომღაც გამწყრალნი არიან კუთხურ გამონათქვამებზე, არადა ქართული ენისა და ლიტერატურის სიცოცხლის წყარო სწორედ კუთხური ელემენტებია. ჩვენი ლიტერატურის ყველა კლასიკოსი სოფელშია დაბადებული. სამწუხაროა, რომ ქართველები უცხო სიტყვების უაზრო დაზეპირებასა და შემდეგ ამ სიტყვებიტ ერთმანეთის ლანძღვაზე ვართ გადასულები. ხშირად ისეც ხდება, რომ მოუბარმა არც კი იცის იმ უცხო ისტყვის მნიშვნელობა. საერთოდ, მწერლობასა და ზოგადად, შემოქმედებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთადერთი ნამდვილი მწერალი არის მაღლა, სულიწმიდა, რომელიც მარტო მაღლა კი არ არის, ბალახი ამოჰყავს და ახარებს ქვეყანას. ამქვეყნად მწერალი, მხატვარი და მომღერალი არ არსებობს _ ადამიანები გადამწერები, გადამხატველები, გადამღერებლები ვართ. დამეთანხმებით, საქართველოსთანა ქვეყანას სულ სხვა სულიერი ენერგია და შემოქმედების წყურვილი აქვს, ალბათ ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენთან მარტო იმათგან, ვისაც ვიცნობ, მეგულება ათამდე ნიჭიერი და დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა, რომლებიც წმიდა სამების წყალობით, ქართულ მწერლობას დიდას შესძენენ ნააზრევსა და ნაფიქრალს. ათი საოცრად დიდი ციფრია დღევანდელი საქართველოსათვის. მე არ მინდა მათი სახელები ჩამოვთვალო, რადგან შეიძლება ისეთებიც არიან, ვისაც არ მოუტანია ჩემთან თავისი ნაწერები. იცით, არ მესმის, როცა ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ პატრონი არ ჰყავსო... ნიჭიერის უპირველესი პატრონი სულიწმიდაა, რომელიც გზაზე გაყენებს და ყოველნაირად მხარში უდგას ნიჭიერებას..."

No comments:

Post a Comment