Sunday, October 11, 2009

"შემოქმედი დროს უსწრებს ყოველთვის" (კონტურები ხელოვანის პორტრეტისთვის)



პოეტი, რომანისტი, პერფომერი, მულტიმედია არტისტი, XXI საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენის "სამკაულის" დამაარსებელი მუდმივად კანონზომიერებს ეძებს საკუთარ თავსა და ბუნებაში, რაც აკვირვებს, ახარებს და დაკვირვების მიზეზსაც აძლევს. დავით-დეფი გოგიბედაშვილი ლიტერატურაში 25 წლის ასაკში გამოჩნდა. დაგვიანებას სამყაროში დროის აჩქარებას აბრალებს. დავით-დეფის ბოლო რომანის `"დემნა გედევანიშვილის" ერთ-ერთი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, ის არის "კაცი, ვისაც უყვარს, სწამს და აქვს იმედი".`მამაჩემის მეგობარი იყო და არის გურამ დოჩანაშვილი. შინ შევსწრებივარ შემოქმედების სასწაულებს, თუ როგორ იქმნებოდა "სამოსელი პირველის" დიდი ნაწილი, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა "... მახსოვს, გურამმა ერთხელ თქვა, რომ სამყაროში პოეზიის ასაკმა გადაიწია: თუ ადრე პოეტები 25 წლამდე იხოცებოდნენ, იშვიათი გამონაკლისების გარდა (გოეთეს და ბორის პასტერნაკს ვგულისხმობ), თანამედროვეობაში ამ ასაკმა გადაიწია... რადგან დრო ძალიან დაჩქარდა და ამ დაჩქარებაში ერთმანეთის უკეთ შესაცნობად და გასაცნობად ღმერთმა პოეზიის ასაკიც გადასწია. ღმერთში ჩვენი არსებობის მიზეზს ვგუსლისხმობ. ნამდვილად არ მიმაჩნია თავი მოციქულად, მაგრამ როცა ამ სიტყვას ვხმარობ, არ შეიძლება არ ვგულისხმობდე ადამიანებს და პოეზიას. გურამის ნათქვამს რომ დავუბრუნდე, 12-13 წლის ბიჭს დამამახსოვრდა მწერლის სიტყვები, თუმცა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ოდესმე დავიწყებდი წერას იმიტომ, რომ მაშინ ვხატავდი, ვმღეროდი, მერე მომინდა ფიზიკოსობა და სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვაპირებდი. თუმცა ეს ბავშვურ გატაცებად დარჩა.მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი უცნაურობაა. პროფესიით არქიტექტორი უკვე 15 წელია, რაც ლიტერატურას ემსახურება. როგორც თავად ამბობს, პოეზიასა და პროზაში ჟურნალისტიკიდან მოსული მუდამ სიახლეს ეძებს და ქაღალდზე თუ "მაკინტოშის" მონიტორზე აზრი ერთნაირი ექსპრესიულობით გადააქვს. არქიტექტორის პროფესიამ კი პოეზიის შეცნობის გზაზე უდიდესი როლი შეასულა:"არქიტექტურა მიმაჩნია უმაღლეს სინთეზურ პროფესიად, მასში თავმოყრილია ყველა ადამიანური შესაძლებლობა, თვითონ მამაღმერთიც ხომ სამყაროს უდიდესი არქიტექტორია, რომელმაც სიყვარულით შექმნილ კოსმოსში ადამიანს უმაღლესი როლი დააკისრა. ალბათ ჩემი პროფესიის ამგვარად გააზრებამ გამიადვილა ჩემი პოეზიის, პროზის, ზოგადად, ლიტერატურის განცდა ყველა გამოვლინებაში: ეს იქნება მულტიმედია, ელექტრო, ხმოვანი (უფრო აკუსტიკური)... მგონია, რომ ჩემი როგორც პოეტის მოწოდება არის სწორედ ეს განცდა, რომელსაც მე ვატარებ ჩემში, ვაანალიზებ ან არ ვაანალიზებ. პოეტის აზრით, ყველა ადამიანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული არსებობით, პრობლემებით, გარდაცვალებით, გამძლეობით, თუ როგორ ატარებენ ერთმანეთს:"ერთმანეთის ტარების განცდამ მომანიჭა უფლება და სითავხედე, რომ დავწერო და აზრები გადავდო სხვას. ეს უფლება და სითავხედე ის არჩევანია, რომელიც განსაზღვრავს ალბათ ადამიანის ბედისწერას, პასუხისმგებლობას და უნარს. ხშირად მეუბნებიან, რომ დროს ვუსწრებ ან ჩამოვრჩები _ ამგვარ შეფასებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ შემოქმედი დროს უსწრებს ყოველთვის და ეს წინსწრება არ განისაზღვრება 50 ან 100 წლით. არც დრო და არც წინსწრება ერთ ადგილას არ ჩერდება. ყოველთვის აქტუალური იქნება ბეთჰოვენის, ფინკ ფლოიდის მუსიკა, ყოველთვის მოუნდებათ ხასანბეგურას, ჩაკრულოს მოსმენა. ეს უწყვეტი დინებაა და ამ დინებაში ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცურავთ. 2008 წლის 15 სექტემბერს უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე დეფის ვარსკვალი ევროპისთვისაც აინთო. 24 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ქართველმა ხელოვანმა ომგადახდილი ქვეყნის სატკივარი და წლების მანძილზე დაგროვილი ემოცია ჩაუტანა:"უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე წაღებული მქონდა პროექტი "ობსერვატორია", რეჟისორმა გიორგი კაკაბაძემ ჩემი პოეზიის ვიდეო ინსტალირება შექმნა. 20 წუთის განმავლობაში ქართულად ვკითხულობდი ლექსებს. დასავლეთ ევროპის მიჯნაზე მდებარე ქალაქ ლვოვის თეატრ `შავ დარბაზში~ კვადროფონია გამოვიყენეთ: სივრცეში განლაგებულია 5 მეტრის სიმაღლისა და 12 მეტრის სიგრძის 3 ეკრანი, მთელ დარბაზში კი ხმის გამაძლიერებლებია განაწილებული. კვადრო იმითაა საოცარი, რომ ამ სისტემაში წამის წინ ნათქვამი და ახალი ბგერები ერთმანეთს ერწყმიან, მონაწილოებ რაღაც საოცარ პროცესში, რომელის ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის გადის. საერთოდაც, ლვოვი ანუ ძველი ავსტიული ლენბერგი ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილია მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, შენც ამ ნახევრად შეუცნობელ გარემოში ფანტასტიკურად გრძნობ თავს. ქართულად წაკითხულ ლექსებს შინაარსობრივი თარგმანიც კი არ დასჭირდა. საზოგადოება ჩემი ჟესტიკულაციით, ხმის ტემბრით ჩემი პოეზიის იდეას მიხვდა. ამო წარმოდგენას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგროც უკრაინულ პრესაში, ისე ლიტერატურულ წრეებში. ფესტივალზე ცნობილ რუს ლიტერატორთან ვლადიმერ სოროკინთან ერთად მომიწია ერთ სცენაზე გამოსვლა, მან თავისი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხა, პრესკონფერენციაზე კი გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. სოროკინი წარმატებული და პოპულარული მწერალია, თუმცა ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია მისთვის შტოპ ღუსსია-ს და I ამ Gეორგია-ს ფლაერები საჯაროდ გადამეცა. როდესაც მას ვკითხე, რატომ დუმდნენ რუსი პოეტები და მწერლები რუსეთის მიერ საქართველოს დაბომბვისას, მან მხრები აიჩეჩა და მიპასუხა, ჩემთვის აზრი არავის უკითხვავსო. ნუთუ პოეტმა ასეთ დროს საკუთარი აზრი რომ გამოთქვას, აუცილებლად ვინმემ უნდა ჰკითხოს?! ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების დუმილი მისსივე საზოგადოების სირცხილია. ეს აზრი ხმამაღლა გამოვთქვი, რასაც დარბაზში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საბოლოოდ სოროკინი მაინც დანებდა და შტოპ ღუსსია-ს ფლაერით ხელში სურათიც გადაიღო. პრესკონფერენციის მერე კი ვუთხარი, რომ აიძულეთ თქვენი სამშობლო საკუთავი იზოლირებულად და კონტექსტიდან ამოვარდნილად კი არ აღიქვას, არამედ თავი იგრძნოს მთელი მსოფლიოს ნაწილად. ჩემი მხრივ, ქართველობაც არაფრად მიმაჩნია, თუ ის მთელი მსოფლიოსთვისაც არ არის ქართველობა. საკუთარ თავში ჩაკეტვა აკვარიუმში ყოფნას ჰგავს: თევზი ხარ, წყალშიც დაცურავ, მაგრამ მაინც შეზღუდული ხარ კედლებით, ოკეანესა და თავისუფლებაზე კი მხოლოდ შეიძლება იოცნებო. ამ ყველაფრის მერე კი სოროკინმა ისიც მითხრა, რომ ბებია ქართველი ჰყავს... წარმოგიდგენიათ?! ორდენი "სამკაულის" დამაარსებელი სიამაყით იხსენებს გიორგი ზანგურთან გიორგი შალამბერიძესთან განხორციელებულ ერთობლივ პროექტს. და მაინც რატომ შეიკრა და გაიბნა "სამკაული"? `XX საუკუნის დასაწყისში შემქნილი პირველი პოეტური ორდენით ჩვენ უნდა მოგვენიშნა ახალი ათასწლეულის, ახალი ეპოქის დაწყება. ეს იყო ერთწლიანი პროექტი, თუმცა ვიარსებეთ ზუსტად 4 წელი _ ამ ხნის განმავლობაში სამი სხვადასხვა პიროვნება, ხელოვანი ერთმანეთის გვერდით იდგა, აწყობდა ლივე საღამოებს, გამოსცემდა წიგნებს, წერდა აუდიო ლიტერატურის დისკებს. ჩვენ დავაბრუნეთ იდეალისტური პოეზია, ალბათ უფრო ნეოპოეზია. სიტყვა "სამკაული", ჩვენი იდეით, გამოსახავს სამ კავს და იმ განძს, რომელსაც ჩვენ პოეზიით და მდუმარებით აღვიქვამთ. ოთხი სტიქია: მიწა, ცეცხლი, წყალი და ჰაერი გაზიარებული მაქვს, როგორც ოთხი საიდუმლო, რომლითაც შეიქმნა სამყარო. სამსა და ოთხს ერთად რომ ვალაგებთ, ვღებულობთ სამოთხეს. სამ+ოთხე ჯამში იძლევა 7, ნამრავლში კი 12, 12 კი 1 და 2 კომბინაციაა და ბოლოს მაინც 3 ვღებულობთ. ამიტომაც ჩვენ ამ საკრალური-კაბალისტური დამოკიდებულებით შევქმენით ორდენი, რათა მკითხველებთან ერთად მივსულიყავით პოეზიის სამოთხისკენ, სამოთხე ის სულიერი განცდაა, რომელიც ფიზიკურ ადგილს ბადებს ამომავლოდ. "სამკაულმა" თავისი მისია შეასრულა, ახლა კი ისევე ვაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ვიყავით ორდენის დაარსებამდე: ყველას ჩვენი გზა გვაქვს. გაბედული ხელოვანი კრიტიკოსებს თამამად აკრიტიკებს, მეტიც, ამბობს, რომ მას აუდიტორიამდე საკუთარი აზრის მისატანად შუამავალი არ სჭირდება. "კრიტიკა ჩვენამდე ძალიან დაბალი ხარისხით აღწევს. როდესაც კრიტიკოსს არ ყოფნის შინაგანი შრომით გამომუშავებული ავტორიტეტი, მკითხველი, მსმენელი, აუდიტორია ზოგადად, არჩევს, რომ შემოქმედის ახალ ნაწარმოებთან მისი გვერდის ავლით მივიდეს. ლიტერატურის კრიტიკოსის დანიშნულებაა შექმნას ხიდი ავტორსა და მკითხველს, გაუადვილოს გზა ხელოვანის შეცნობისკენ. ჩემს შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, ეს ხიდი სულაც არ არის საჭირო: ამას მათქმევინებს ის საღამოები, პრეზენტაციები, აქციები, რომელსაც ლიტერატურის მოყვარული ადამიანები ესწრებიან და სხვათა შორის, კრიტიკოსებიც ხშირად მოდიან. როდესაც ისინი ხედავენ მკითხველთა ანთებულ თვალებს, იმას, თუ როგორც ყიდულობენ ჩემს წიგნებს, პრაქტიკულად კარგავენ ტანკერის ფუნქციას, ჩემს შემთხვევაში ხომ მე ვარ ტანკერ, აუდიტორიამდე პოეზიის მიმწოდებელი. ამ დროს კი კრიტიკოსი ხელოვანს გვერდით უნდა დაუდგეს და ყოველნაირად შეუწყოს ხელი მის განვითარებას. ლიტერატურული ნაწარმოებების გარჩევა მოდებულია სხვადასხვა ფორუმებზე. ვთვლი, რომ ფორუმი ლაზღანდარობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ფორუმელების კასტამ ერთ დღეს შეიძლება გენიოსი გიწოდოს, მეორე დღეს უცენზურო სიტყვებით "შეგამკოს" - არც ერთი ნორმალური და მისაღები არ არის. ქვეყანაში, სადაც გყავდა რუსთაველი, გურამიშვილი, ცოტა ძნელია ახალ გენიაზე ლაპარაკი. უბრალოდ განვიცდი სამყაროს ისე, როგორც შემიძლია და რისი უნარიც ღმერთმა მომანიჭა. ყველა უნდა ვეცადოთ ყოველდღიურობას ფერები შევმატოთ და ადამიანებს მეტი ნუგეში და იმედი მივცეთ. სპარტაკმა უზარმაზარი აჯანყება მოაწყო, მაგრამ კაცობრიობას ამით მაინც არ ეშველა, ბეთჰოვენმა სიმფონიები შექმნა, მაგრამ ამით ადამიანები უკეთესები არ გამხდარან. ვინც არ უნდა გეძახოს, გათავისუფლდი, ვერ მოახერხებ ამას, თუ მონური ფსიქოლოგია გაქვს. კითხვებზე პასუხები თავად ჩვენშია და მათ მთელი ცხოვრება უნდა ვეძებდეთ. ამასთან, სიყვარულის და ნუგეშს არავინ გასწავლის, ის შენში უნდა იყოს... დავით-დეფი გოგიბედაშვილის თქმით, დედამიწაზე ყველა ადამიანი ერთ წიგნს წერს, და მას სიყვარული ჰქვია, ვერ იგებს, როცა ადამიანები ყველაფერზე უკმაყოფილებას გამოთქვამენს, თავად კი სულ მცირედითაც ბედნიერია: უხარია, რომ მზე ამოდის და საინტერესო მოსაუბრე ჰყავს, ჯიბეში რვა ნომერი `კენტი~ უდევს (მერე რა, რომ სულ 3 ღერია დარჩენილი, ესე იგი, ხვალ უფულობის გამო უსიგარეტოდ მოუწევს ყოფნა) და კიდევ დახეული ჯინსები აცია და მისდა ბედად, ამ გაზაფხულზე ასეთი ჯინსები თბილისში ძალიან მოდურია. თუმცა ბავშვური გამომეტყველებით იძახის, რომ საქართველოში წიგნის გამოცემით მიღებული ჰონორარით თავის გატანა შეუძლებელია. ამგვარ პროზაულ შემთხვევებს კი დაბრკოლებად არ აღიქვამს იმისთვის, რომ 100 აშშ დოლარი ისესხოს და თურქეთში წავიდეს საყვარელი ჯგუფის კონცერტზე მოსასწრებად... ის ხომ "კაცია, ვისაც უყავს, სწამს და აქვს იმედი".

No comments:

Post a Comment