Wednesday, October 14, 2009

ყარაბაღული ტყვიის წრე - "გასეირნება ყარაბაღი"-ს მრავალწერტილები


გასული საუკუნის 90-იანი წლების დედაქალაქი...სისხლით აღდგენილი თავისუფლებისა და სისხლითვე დათმობილი ღირსების ნავსაყუდელი…დრო გამოსავლისა და გადარჩენის ძიებისა… ამ ფილმის გმირებიც გზას, ხსნას ეძიებენ _ უბრალოდ მათ არ იციან, რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის თამაში … სადღაც გარბიან, ესრაფვიან… მაგრამ რას, ვის, საით ან საიდან?გოგლიკაც და გიოც ყარაბაღში ზღაპრული გმირებივით ხვდებიან: მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში მათ წამლის მორიგი დოზა უნდა წამოიღონ თუ უკვდავების ყვავილი… სოციალური გარემო მათ ავალდებულებს წავიდნენ, ნამდვილ თუ ფსევდოძმაკაცებს ჩამოუტანონ უსაშველო ეიფორიისა და თვითმყოფობის დაკარგვის "მალამო". სხვათა შორის, გარემო გმირებზე სხვაგანაც დიდ ზეგავლენას ახდენს: სომხებთან მძევლად თუ მეგობრად მყოფი გიორგი სწორედ მარტოობის გარემოების გამო იწყებს ფიქრს საკუთარ არსებობასა და დანიშნულებაზე, ეძებს კითხვებზე პასუხებს, ცდილობს, სიტუაციას სხვა კუთხით შეხედოს და მიწას არ მოწყდეს. თუმცა მის ამ ქმედებებს ერთი რამ უმაგრებს ზურგს: თბილისში იანა ელოდება, იანა, რომელიც გიოს მეგობრების თქმით, უბრალო კახპაა და საჩოთიროდ მიაჩნიათ გიოსა და მისი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ იანა მუდამ გაიძახის, რომ უნდა წავიდეს, უნდა მოშორდეს იქაურობას, გიო მაინც მას ესწრაფვის. მაყურებელს უჩნდება კითხვა: მაინც სად გარბის იანა, მუდმივად რატომ ხრის თვალებს, რატომ არის ასე უტყვი… ასეთი უცხო სახელის გოგო თავადაც უცხოდ მოჩანს ფილმის ეპიზოდებში: ის არ ჰგავს ავხორცობას აყოლილ კაპუეტს, პირიქით, ძველი დროის თავადების საფლავებზე დადგმული ანგელოზის გამოსახულებას უფრო ამსგავსებ, რომელიც გულში სულ პატარა ადგილს ითხოვს. ამიტომაც ებღაუჭება უსუსური ხელებით ასე ძლიერად გიოს… მართლაც, შთამბეჭდავია მდინარეების შესართავთან მდგომი წყვილი… უეცრად იანა ტირილს იწყებს, ჯდება მანქანაში და შორდება გიოს… იქნებ, ამ ადამიანს ტკივილი მოაქვს სხვათათვის, იცის, რომ გიოც დაინტანჯება და ვეღარ იმეტებს საყვარელ ადამიანს გასაწირად. ასეა თუ ისე, იანა უფრო ზმანებას მოჰგავს გიოს ცხოვრებაში, ვიდრე ხორციელს."ომი და მშვიდობა ერთნაირად მიშლის ხელს", _ ამბობს ფილმის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი. ბედის ირონიით, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ვალერა დღე-ღამეს ყოფნა-არყოფნის ფიქრში ატარებს. იკითხავთ, განა ამ საკითხზე ფიქრი ადამიანს ტრაგიკულს ხდისო, მაგრამ ვალერას შემთხვევა კლასიკური ლიტერატურის პირველწყაროსგან არსებითად განსხვავდება: ცხოვრების წუმპეში მოხვედრილი კეთილშობილი ადამიანი უმოქმედობის, სრული უძრაობის გამოხატულებაა _ ის შეგუებულია იმ აზრს, რომ "არ ღირს ბედნიერებაზე ოცნება, რამეთუ ის არ არსებობს", _ ეს არის ვალერასეული "სახარების" დედაზრი. ისტორიის კარნახით ერთმანეთზე გადაჯაჭვული ერების ურთიერთმტრობამ ვალერა იარაღს დაუმოყვრა, მას თითქოს ესმის მუდმივად მოკაკანე მანქანის, რომელიც სიკვდილის შიში რომ არა, ჯართის უბრალო გროვად დარჩებოდა: "იარაღს გული აქვს, რომელიც არავის არ უჯერებს", _ უხსნის გიოს. თუმცა ბოლო შვიდი წლის ბატალიების გადატანამ ამ გმირს არნახული სიბრძნე და გამძლეობა შესძინა _ თავისი არსებით, ის აღმოსავლეთის კლასიკურ ბრძენს გვაგონებს, რომელსაც ამქვეყნად არაფერი უკვირს, ელის აღსასრულს და საკუთარ თავს ესაუბრება _ თვითონაც ამბობს ერთგან, რომ გულს შესასვლელი კი აქვს, მაგრამ გასასვლელის ძებნა უაზროაო. ამგვარ დაბრძენებულ მებრძოლთან ხვდება გიო. ადვილი შესამჩნევია, რომ მათი ურთიერთობა ოსტატისა და შეგირდის ტიპურ კავშირს ჰგავს… და მართლაც, გიო ხვდება, რომ აქაც კარგად არის, რომ აქ დამშვიდდა, რომ ყველაფერი ისეა მისაღები, როგორც არის, თუმცა ვალერასგანვე გებულობს, რომ ყველანი მძევლები ყოფილან, ომისა და ზოგადად, წუთისოფლის მძევლები. ვალერასგან განსხვავებით, გიო მოქმედებას იწყებს, ეძებს ლაბირინთიდან გასასვლელს, არიადნას ძაფად კი გოგლიკოსა და საერთოდ, ცხოვრებისადმი პასუხისმგებლობას იყენებს… ის გაიქცევა, გააქცევს სხვასაც, მძევლად აჰყავს ებრაული წარმომავლობის რუსი ჟურნალისტი, რომელიც გიოს, როგორც საცდელ ეგზემლიარს, განუმეორებელი ეთნოხასიათისა და ჩვევების მქონე ადამიან-ექსპონატს აღიქვამს, ალბათ ამიტომაც არ ჰგავს გიოს და მისი ეროტიული ტკბობა იანასთან გიოს სულისმიერ კავშირს, რომელიც ხორცით გადაიცემოდა... გიო, ერთი უბრალო თბილისელი ბიჭი, რომელიც დილიდანვე იმაზე ფიქრობდა, დრო სად გაეტარებინა, არც ისე მცირე ხანში ხდება ადამიანი, არსება, რომელსაც თავისუფლებასთან ერთად სასჯელად პასუხისმგებლობაც ეძლევა, პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების, და ბოლოს, სიცოცხლის წინაშე… ბრუნდება რა თბილისში, დედის საფლავის მოკითხვას იწყებს, გოგლიკას თქმისა არ იყოს, "რეგრესია ეწყება"_ ჟამი თვითშეცნობისა, საფუძველი საკუთარი თავის განსჯისა და გაკითხვისა, საშუალება თვითდამკვიდრებისა და პიროვნებად ქცევისა.
"გასეირნება ყარაბაღში" ერთდროულად რამდენიმე საკვანძო პრობლებას წვდება. რეჟისორის ხედვა ნათელია: ადამიანობიდან პიროვნების ჩამოყალიბებამდე ზუსტად იმდენივეა, რამდენიც დედამიწიდან მზემდე და გულიდან გონებამდე _ მთავარმა გმირმა გიომ ეს მანძილი ტკივილით, სიმწრით, მაგრამ მაინც საკუთარი თავის პოვნით გაიარა…კავკასია _ ერთი დიდი კულტურული სინამდვილის რამდენიმე კალეიდოსკოპური გარდასახვა: ერთ ფერს ქართველი, აზეირბაიჯანელი თუ სომეხი სხვადასხვა თვალით აღიქვამს, ამიტომაც რჩება ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა ამ ერთ მუჭა მიწაზე… სად გადის ზღვარი ნამდვილ კავკასიურ სტუმარმასპინძლობას და მაამებლობას შორის, რა უფრო დიდი მტერია ჩვენთვის: სხვის მიწაზე ფეხის დაბიჯება თუ სხვათა ომში ჩაურევლობა… ჩნდება კითხვები, რომელთა პასუხსაც მაყურებელთან ერთად ფილმის გმირებიც და რეჟისორიც ერთად ეძებენ...საზოგადოება _ ადამიანთა ერთობის ისტორიული ფორმა. ძნელია იყო ინდივიდი, პიროვნება და ამასთანავე საზოგადოების წევრი, რა უფრო გიღირს: მეგობრის რჩევა თუ საკუთარი გულის ძახილი, და საერთოდ, ვინ ან რა გავალდებულებს იმოქმედო საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ…ფილმის გმირებს იარაღი სჭირდებათ, იარაღი, რომლითაც ტყვიას კი არ გაისვრიან, არამედ გზას გაიკაფავენ და დაგროვილ კითხვებს კარს გაუღებენ. რეჟისორი ლიტერატურული პირველწყაროს მსგავსად, უამრავ მრავალწერტილს უტოვებს თანამედროვე მაყურებელს, მაყურებელს, რომელიც სამწუხაროდ, გადაეჩვია აზრობრივი პარალელების გავლებას და შემოქმედებითი მრავალწერტილების შევსებას

No comments:

Post a Comment