Monday, October 12, 2009

”გრიგოლ რობაქიძე... ყურბან საიდი - ლიტერატურული ძარცვა”

2002 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა ყურბან საიდის ცნობილი რომანი ”ალი და ნინო”. წიგნის გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მასმედიის, ისე ლიტერატურული წრეების მხრიდან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ წარმოშობით აზეირაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის ”ალი და ნინო” საუკეთესო წიგნია მათ შორის, რაც ოდესმე დაწერილა კავკასიის შესახებ.
ქართველმა ლიტერატურულმა მკვლევარმა თამარ ინჯიამ საგანგებო კვლევა მიუძღვნა ამ რომანს და დაასაბაუთა მისი გრიგოლ რობაქიძის ასევე ცნობილ რომან ”გველისპერანგთან” განსაკუთრებული მიმართება” - პროფესორ თამარ ინჯიას თქმით, ”ალი და ნინო” დიდაა დავალებული გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგით”.
2005 წელს მკვლევარმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით ”გრიგოლ რობაქიძე... ყურბან საიდი - ლიტერატურული ძარცვა”.
“ვისხედით მე და ჩემი მეგობარი, ვსაუბრობდით ”ალი და ნინოზე”. წაკითხვა მინდოდა ამ რომანის და წიგნი არ მქონდა ხელთ. ერთი წლის გამოსული იყო, დიდი აჟიოტაჟი მის გარშემო - საოცრება საქართველოს შესახებ უცხოელი მწერლის მიერ დაწერილი. ვიშოვე ეს წიგნი, მათხოვეს, წავიკითხე. წავიკითხე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პირველად არ ვკითხულობდი, რომ ბევრი რამ იყო ნაცნობი, მაგრამ ეს ჩვეულებრივად მივიღე და არ მიმიქცევია არავითარი ყურადღება. თავში აღვნიშნე, რომ ვისხედით მე და ჩემი მეგობარი, ვსაუბრობდით ”ალი და ნინოზე”. ერთი ადგილი გადავშალე შემთხვევით, სადაც საუბარია სპარსელებზე, რომ ”არ გეგონოთო, სპარსელს წვირე და მტვერი უყვარს”. ეს ფრაზა ამოვიდა გონებაში და ნამდვილად ვიცოდი, რომ წაკითხული მქონდა ადრე, ძალიან ადრე და არ უნდა ყოფილიყო ამ ავტორის. მე არ ვიცი, როგორ მოხდა, რა იყო? ავდექი, გადმოვიღე გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგი”, დავიწყე გადაფურცვლა და ზუსტად ის ფრაზა ვნახე. მერე ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ ასეთი ფრაზები უნდა მეძებნა და დავიწყე საგანგებოდ კვლევა”, - ამბობს ქალბატონი თამარი.
ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული მკვლევარი რაც უფრო ღრმად უკვირდებოდა ”ალი და ნინოს” სიუჟეტს, ლეგენდებს, მითებს, ფრაზებს, მით უფრო ნათლად ამჩნევდა გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგთან” მის არაჩვეულებრივ მსგავსებას. ინჯიას ყველაზე მეტად გააკირვა იმან, რომ:
”შემდეგ რაც უფრო ღრმად გავაგრძელე კვლევა, აღმოჩნდა, რომ სიუჟეტის სამოცი პროცენტი მაინც წაღებულია ”გველისპერანგიდან” და არა მარტო ”გველისპერანგიდან”, რობაქისძის სხვა უცნობი თუ ნაცნობი რომანებიდა”.
მკვლევარის თქმით, საქმე ეხებოდა ლიტერატურულ პლაგიატს და ამიტომაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საგანგებო მოხსენება ამ საკითხზე. მეცნიერის მოსაზრებას სხვა ლიტერატურული მკვლევარები და კრიტიკოსებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის ლევან ბრეგაძე და ზაზა ალექსიძე.
კოლეგებისა და მეგობრების თხოვნით, ქალბატონმა თამარმა წერილებიც გამოქვეყნა გაზეთში ”ჩვენი მწერლობა”, 2005 წელს კი კვლევა წიგნად გამოსცა:
”იყო ამ წიგნის პრეზენტაცია, ძლიერი კამათი გამოიწვია, პრესაშიც დაიწერა ამის შესახებ, კამათი არა იმის გამო, რომ აქ არ იყო, პირდაპირ ვიტყვი, მოპარული გრიგოლ რობაქიძე, არამედ მსგავსება იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა, უფრო მეტად კი ლევან ბრეგაძემ გამოთქვა აზრი, რომ ”ალი და ნინო” მთლიანად რობაქიძის დაწერილია და ”ალი და ნინოს” ავტორი ყურბან საიდი ფსევდონიმი თუ არისო ერთ-ერთი გრიგოლ რობაქიძისა, ისეთია მსგავსება მათ შორის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. ამაზეც გვაქვს ჩვენ მსჯელობა იმ წიგნში”.
წიგნში მკითხველი ბევრ კითხვაზე იპოვის პასუხს. მკვლევარის მიერ მოძიებული მასალების თანახმად, ყურბან საიდი და გრიგოლ რობაქიძე იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ევროპაში და დაკავშირებულები იყვნენ იმდროინდელ ლიტერატურულ წრეებთან, უფრო მეტიც:
”ძალიან კარგად იცნობდა რა გრიგოლ რობაქიძეს, როგორც ხელოვანს, ინტერვიუც აქვს მისგან აღებული და აფასებდა, რომ ძალიან დიდ მწერალს ისე, როგორც მთელ ევროპაში”, - ამბობს თამარ ინჯია. ის იქვე ამატებს, რომ ქართველი მწერალი იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ჰიტლერზე ცნობილი რომანის გამოქვეყნების გამო, გერმანული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გრიგოლ რობაქიძე მიივიწყა ევროპამ, რის მიზეზებსაც მკვლევარი შემდეგნაირად აყალიბებს:
”ეს ძალიან ბუნებრივი რეაქცია იყო ევროპისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ ჩიოდა იმის შესახებ, რომ ის წერდა არა ფაშისტ ჰიტლერზე, არამედ მისი პიროვნება აინტერესებდა და აღწერდა სახეს როგორც სულიერს, ასე გარეგნულს, მთლიანად, პიროვნებას”.
მკვლევარი წიგნში მოგვითხრობს, რომ გერმანულ ენაზე დაწერილი ყურბან საიდის ”ალი და ნინო” 1937 წელს ვენაში გამოვიდა, გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგის” გერმანული თარგმანი კი 1928 წელს გერმანიაში. დროის ეს შეულედი კი საკმარისი იყო წარმოშობით აზეიბაიჯანელი მწერლისთვის, რომ ”გველისპერანგის” სიუჟეტი და პასაჟები თავისებურად დაემუშავებინა და ცალკე რომანი დაეწერა:
”უნდა ითქვას, რომ ყურბან საიდი, თავისთავად, ძალიან ნიჭიერი კაცია. უცნაურია, მაგრამ ნიჭიერად აქვს მოპარული გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგი”.
და მაინც ვინ იყო ასე ნიჭიერი ყურბან საიდი, რომელმაც შუაგულ ევროპაში ლიტერატურული პლაგიატს მიმართა და ძალაუნებურად ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ავტორთა ათეულში დაიმკვიდრა? როგორც თამარ ინჯიას წიგნში ვკითხულობთ, ყურბან საიდი არის ესად ბეის ლიტერატურული ფსევდონიმი, ესად ბეი კი თავის მხრივ, ლევ ნასიმბაუმის შერქმეული სახელი იყო:
”ლევ ნასიმბაუმი დაიბადა ბაქოში 1905 წელს წელს მდიდარი ებრაელი ბიზნესმენის ოჯახში. მთლად ნათელი არ არის, ვინ იყო მისი დედა. ბაქოში ბოლშევიკების შესვლის შემდეგ ლევ ნასიმბაუმი მამასა და გუვერნანტ ქალთან ერთად სტამბოლის გავლით გაიქცა ბერლინში. სტამბოლში მას მიუღია ისლამი და დაურქვამს სახელი ესად ბეი. ქართულად ესად ბეი ნიშნავს ”უდაბნოს კაცი”.
უდაბნოს კაცად მონათლული მწერალი 20-იან წლებში ბერლინის ლიტერატურულ და ჟურნალისტურ წრეებთან თანამშრობლობდა. ნაცისტების შიშით, გერმანიიდან ავსტრიაში გადავიდა და თავი ბარონესა ელფრედ (ლეელა) ერენფელსის ოჯახს შეაფარა:
”როცა ნაციზმმა ავსტრიაშიც შეაღწია, შვეიცარიის გავლით იგი ახლა ავსტრიაში გაიქცა, გარდაიცვალა ქალაქ პოსიტანოში 1942 წელს სისხლის მოწამვლით. დაუსაფლავებიათ მაჰმადიანთა სასაფლაოზე”.
მოგვიანო პერიოდში, როცა ”ალი და ნინო” მსოფლიო ბესტსელერი გახდა, ამ იდუმალით მოცული პიროვნებისა და მისი ცხოვრების გზის შესახებ ერთნაირად ინტერესდებოდნენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაშიც. ლევ ნასიმბაუმის, ისად ბეისა და ყურბან საიდის იგივეობა ამერიკელმა მწერალმა ტომ რეიზმა გამოიძია და ჟურნალ NEW YORKER-ის 1999 წლის 4 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნა სტატია სათაურით ”კაცი აღმოსავლეთიდან”.
”ალი და ნინოს” მსოფლიო დიდების მოპოვება გამქვეყნებიდან გაცილებით გვიანდელ პერიოდს უკავშირდება:
” ომის შემდეგ გახდა პოპულარული და ცნობილი ”ალი და ნინო”. მანამდე მას არ იცნობდა მსოფლიო. შეთხვევით, ძველ ბუკინისტურ წიგნების მაღაზიაში აღმოაჩინა ჟენია გრამანმა, თარგმნა გერმანულიდან ინგლისურად, გამოიცა ინგლისში და პირველად ინგლისურ ენაზე გაიცნო მთელმა მსოფლიომ. რადგან მასში საუბარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა გადაკვეთაზე, მათ ურთიერთობაზე, ეს საკითხი ძალიან პოპულარულია ახლა და საჭიროა, ამიტომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამ რომანმაც”, -ამბობს ქალბატონი თამარი. ის განმარტავს, რომ მიუხედავად ქართულ თარგმანში დაშვებული ფაქტობრივი და ენობრივი შეცდომებისა, ქართული გამოცემა მაინც ადვილად კარგად იკითხება.
2005 წელს გამოცემული კვლევა ქართველმა მკვლევარმა ინგლისურად თარგმნა და ამერიკაში გამოსაცემად მეგობრებთან გაგზავნა: ”იქ რედაქციაც გაუკეთეს და მალე გამოვა წიგნად ამერიკაშიც და თვითონ დაცულია სერტიფიკატით დასავლეთ ამერიკის მწერალთა გილდიის კავშირის მიერ. ახლა ველოდები, რომ საკონტროლო ცალები ჩამომივიდეს”.
ქალბატონ თამარს გული წყდება იმაზე, რომ მაშინ, როცა ყურბან საიდის სახელს განადიდებენ, არ იციან, რომ ”ალი და ნინო” , მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგის” ნაძარცვია:
”გველისპერანგს” გაცილებით ნაკლებად იცნობენ ჩვენში, ვიდრე ყურბან საიდის ”ალი და ნინოს”. ეს ის არის, კაცს დედა ჰყავდეს არაჩვეულებრივი და დედინაცვალს უმღეროდეს დითირამბებს”.
საზოგადოების, თუნდაც ფართო ლიტერატურული წრეების ამ საკითხისადმი უყურედღებობას ქართველი მკვლევარი ქვეყანაში არსებული საერთო ფონით ხსნის:
”ახლა ისეთი პერიოდია ჩვენს ქვეყანაში, რომ ნაკლებად აქცევენ ლიტერატურას ყურადღებას. არ სცალიათ ახლა ქართველებს, თითქოს სულიერი ცხოვრებისათვის მოუცლელები არიან. მაგრამ მე მჯერა, რომ როცა გავა წლები, ყველაფერი ჩაწყნარდება და ადამიანი ისევ სულიერ ცხოვრებას მოუბრუნდება ქართველი ადამიანი, მისთვის ძალიან ფასეული იქნება ეს და საამაყო”, - ამბობს თამარ ინჯია. მისი თქმით, საწინააღმდეგო არაფერი აქვს იმ ადამიანებთან, ვინც წაიკითხა და აღფრთოვანდა ”ალი და ნინოთი”: ”ყურბან საიდი მიაჩნიათ მხოლოდ ამ წიგნით მსოფლიოს ათ საუკეთესო ავტორთა შორის, ხოლო წიგნს ასახელებენ ბესტსელერთა ხუთეულში. კი, ბატონო, იყოს ეს ასე, მოეწონოთ, წაიკითხონ, მაგრამ იცოდეს ყველამ წარმომავლობა ”ალი და ნინოსი”.
სხვათა შორის, ყველა მომდევნო გამოცემაში ”ალი და ნინოს” წარმომავლობის მითითება მოუთხოვია გრიგოლ რობაქიძის აწგარდარდაცვლილ მემკვიდრეს ავთანდილ შიკვიშვილს, რომელიც თამარ ინჯიას წიგნის პრეზენტაციასაც დასწრებია და ძალიან გახარებია დიდი წინაპრის სახელის ხსენება. ქალბატონი თამარის თქმით, თუ დიდი ქართველი მწერლის შთამომავლის სურვილს ვინმე ბოლომდე მიჰყვება და იბრძოლებს გრიგოლ რობაქიძის, როგორც მწერლის, საავტორო უფლებებზე, ამას ყველა სხვა სიკეთესთან ერთად დიდი სარგებლის მოტანაც შეუძლია: ”შეიძლება მისი დაუბეჭდველი წიგნები გამოცემულიყო კიდეც და რაც მთავარია, თარგმნილიყო ის წიგნები, რომლებიც მან გერმანულ ენაზე დაწერა გერმანიაში და ქართველებისათვის უცნობია.
ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს წიგნი დავდო ინტერნეტში, ინფორმაცია რაც შეიძლება გავრცელდეს, ალბათ გამოუჩნდება მკითხველი და ეცოდინება ყველას. მთავარი ის არის, რომ ეცოდინებათ გრიგოლ რობაქიძის სახელი და ის, რომ გრიგოლ რობაქიძე ქართველი იყო”.
გთავაზობთ რამდენიმე პასაჟს გრიგოლ რობაქიძის ”გველისპერანგიდან” და ყურბან საიდის ”ალი და ნინოდან”, სადაც მკვლევარს ხაზგასმული აქვს აშკარა პლაგიატის ფაქტი:

გრიგოლ რობაქიძე ”გველისპერანგი”, ცხენის აღწერა:
”არაბული ცხენის გული ექვს კილოს იწონის. ცხენები ბნელი თავლიდან გამოიყვანეს. ჯერ სინათლე არ ენახათ. როცა მზის სხივები მოხვდნენ მათ თვალებს - თვალები ახლად ამოხეთქილ წყაროსავით აკიაფდნენ.
ყურბან საიდი ”ალი და ნინო”, ცხენის აღწერა:
”ამ ცხენის გული ექვს გირვანქას იწონის, ტანს წყლით რომ დაბან, ოქროსავით უბზინავს ხოლმე, თუ თვალებზე მზის სხივები მოხვდა, კამკამა წყალივით უბრჭყვიალებს”.
”გველისპერანგი”, ოთახი სპარსეთში:
”ღამით სიგრილით ივსება ოთახი და დღისით სიცხისგანაა დაფარული, ოთახი სიგრილეს იკავებს როგორც ქვაბული. გარეთ ხართ - ცხელი ალხი გწვავთ. შედიხართ ოთახში: თითქოს ტანში ჩაესვენეთ.
”ალი და ნინო”, ოთახი სპარსეთში:
”აზიელის ოთახში ყოველთვის სიგრილეა, ღამით წყაროს წყლის სიგრილე გავსებს, დღისით ისეთი შთაბეჭდილება გეუფლება, თითქოს ცივ აბაზანაში მოხვდი:.
”გველისპერანგი”, დეერვიშის აღწერა:
”ყოველ კუთხეში ყავახანა სავსე ხალხით, ... ყველგან ჰაშიში...
ჯგუფის განზე ვინმე პირდაღებული გამოჩნდება ძონძებში გახვეული. თმა აბურძგნული. ლაშებზე დორბლი. თვალებში ცხელების კიაფი, თავის კანკალი. ოდნავ ამღვრეული. ეს დერვიშია. ყველას უცქერს და არავის ხედავს. თითქოს უხილავს უსმენს და ელის მისგან ნიშანს. ჩამოწვება სიჩუმე აუტანელი. უეცრად ავარდება პირდაღებული კაცი და იწყებს საშინელ კივილს”.
”ალი და ნინო”, დერვიშის აღწერა:
”ჩვენ ერთ პატარა ჩაიხანაში შევედით. შიგნით ჰაშიშის სუნი იდგა... კუთხეში დერვიში იჯდა, ჯვალოში გახვეული, გაჩეჩილი თმით, პირდაღებული, დორბლიანი და არ იძვროდა, თითქოს ვერავის ხედავსო. მხოლოდ ნიშანს ელოდა. აუტანელი მდუმარება მოდიოდა მისგან... უცბად შეხტა, ისედაც დაღებული პირი კიდევ უფრო დააღო და იყვირა.
”გველისპერანგი” ქაშვეთის აღწერა:
”აგესლილ მზერას ქაშვეთი მოგირჩენს. ყოველი ქვა ტაძარის ქალწულია თვითონ: ნელი - ლბილი - ნაზი - თვინიერი.
”ალი და ნინო”, ქაშვეთის აღწერა:
”ნინო შეჩერდა. დაბლა, მოედნის ბოლოს, ქაშუეთის ეკლესია მოჩანდა. ტაძრის ყოველი ქვა ქალწულივით ნაზი და თეთრი იყო...
ასეთი ფრაზობრივი, შინაარსობრივი და სიუჟტური მსგავსებები მრავლადაა. ამას თამარ ინჯიას წიგნის ერთი გადაკითხვაც კი დაგანახებთ. როგორც მკვლევარი შენიშნავს, რომ არა მისი განსაკუთრებული ინტერესი გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი, ეს განსაკუთრებული ლიტერატურული ფაქტი ისევე აღმოუჩენელი იქნებოდა, როგორც იყო ათეული წლების მანძილზე:
”არ ვიცი, ეს რამდენად თავმდაბლური იქნება, მაგრამ ყველას უკვირს როგორ მივაგენი. ალბათ ვერასოდეს მივაგნებდი ვერც მე ისე, როგორც ათეული წლების მანძილზე ამას ვერავინ მიაგნო და არავის მოუვიდა აზრად, რომ არა ჩემი სადოქტორო დისერტაცია. ჩემი სადოქტორო დისერტაციის სამუშაო იყო გრიგოლ რობაქიძის ენა და სტილი, ”გველისპერანგი” იმდენჯერა მაქვს წაკითხული და ამოწერილი, რამდენიც სიტყვაცაა მასში - ეს მჭირდებოდა მე ჩემი შავი სამუშაოსათვის და ეტყობა, გონებაში ფრაზები ისე ჩაჯდა, რომ როცა საჭირო ხდება, ამოდის ხოლმე თავისთავად. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა ჩემი შავი სამუშაო გრიგოლ რობაქიძის ენა და სტილზე, ისე ვერ მივხვდებოდი, როგორც ამას ვერ მიხვდნენ მრავალი ჩემზე გაცილებით უფრო ძლიერი ლიტერატორი”.
ქართველი ლიტერატურული მკვლევარის წიგნით ”გრიგოლ რობაქიძე... ყურბან საიდი - ლიტერატურული ძარცვა” შესაძლებელია ქართველი მწერლის შემოქმედებას ახლებური და მრავალფეროვანი კუთხით შეხედონ არამარტო ქართულმა ლიტერატულმა წრეებმა. უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემულმა თამარ ინჯიას კვლევამ შეიძლება დიდი ცვლილებები და შესწორებები შეიტანოს მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

No comments:

Post a Comment