Thursday, October 15, 2009

"სად აფარებენ თოლიები თავს წვიმაში..." (გურამ ოდიშარიას მოთხრობიდან "სოხუმში მოსალოდნელია წვიმა")

გზას გურამ ოდიშარიას ბინისკენ მივყავარ... ნუცუბიძის ფერდობის ერთ-ერთი კვარტლის შემაღლება... ვფიქრობ: როგორ არ ჰგავს აქაურობა მწერლის "ქალქალაქ" სოხუმს... ბატონ გურამს, როგორც თვითონ წერს, "ექვსი თუ შვიდი ათასი წვიმა" უცხოვრია. მისი მყუდრო ბინის ფანჯრებზე წვიმის თითოეული წვეთი აგონებს, რომ თბილისსა და სოხუმში ერთდროულად ტირის ცა... ალბათ ამიტომაცაა, რომ მე-18-ე კორპუსის მე-10 სართულზე პატარა სოხუმი გააშენა: მარადმწვანე დეკორატიული პალმებით, გვიმრებით, სოხუმის სანაპიროდან აფხაზი მეგობრის მიერ გამოგზავნილი ქვებით, აფხაზეთის ცასავით ზღვისფერი აკვარიუმებით... კუთხეში თემურ სხულუხიას ნაჩუქარი ტილო _ პატარა ბესლეთი შავ ზღვას უერთდება _ ადვილად მიხვდებით ფერების აქცენტს.
_ ბატონო გურამ, თქვენი წიგნების ძირითადი თემა აფხაზეთის ომსა და იმ დიდ ტკივილს ეხმიანება, რომელიც დღემდე შეუხორცებელ იარად ამჩნევია ქართულ მიწას და ცნობიერებას. მოთხრობა "ძმისშვილში" წერთ: "ამ ომის დამთავრების შემდეგ არავინ იქნება ბედნიერი _ არც ერთი კაცი და არც მთელი კაცობრიობა..." სხვაგან ასეთ რამეს გვიცხადებთ: "ომმა გამოსცადა თითოეული ჩვენგანი... როგორც ყოველ დროს და ყველგან, აფხაზეთშიც დამარცხდა ომი"...
_ აფხაზეთის ომს არსებობის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ისტორიას ლირიკა არ უყვარს... ტანკების შემოსვლის დღიდანვე ვგრძნობდი, რომ უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ საფრთხე და შიში ადრეც იყო. ომის საშინელებების გამოვლის შემდეგ ყველაზე ვიყავი ნაწყენი, გაბრაზებული. ტკივილი ფურცელზე გადამქონდა, მანამდე მარტო ლექსებს ვწერდი და სოხუმში ვაქვეყნებდი. ნანახმა და განცდილმა 1993 წელს გამოცემულ წიგნში "დევნილთა უღელტეხილში" ჰპოვა მკითხველთან მისასვლელი გზა. ამის შემდეგ ჩემთან დევნილები მოდიოდნენ, მიჰყვებოდნენ თავიანთ ამბებს. ერთხელაც სოხუმელმა ქალბატონებმა მიამბეს ჩემი გაზრდილი ბიჭის თენგო ვადაქარიას სიკვდილის შესახებ. თენგო არც ცის იყო, არც _ მიწის, საოცრად ხატავდა. ომის დროს ნახატები ვერ მიატოვა. საშინელი დღეების ქარ-ცეცხლისაგან თავის აფხაზ მეგობარს ვოვას იცავდა, ქართველ მარადიორებს (სამწუხაროდ, ბევრნი იყვნენ...) არ აძლევდა მისი მოკვლის საშუალებას. სოხუმის დაცემის შემდეგ ვოვას უთქვამს, თენგო, ახლა მე დაგიცავო. მართლაც, აფხაზი მეომრებისთვის უთქვამს, ამ კაცმა გაჭირვებისას მომიარა და ხელი არ ახლოთო. მათ თითიც კი არ დააკარეს თენგოს, მაგრამ აფხაზი და ქართველი მეგობრები გააფრთხილეს, რომ სამ-ოთხ დღეში მკვლელები მოვიდოდნენ და არ დაინდობდნენ ვოვას იმედად დარჩენილ ახალგაზრდა მხატვარს. სამწუხაროდ ასეც მოხდა: არც მინდა მკვლელების ეროვნება ვთქვა, ისინი ისედაც სძულს მთელ საქართველოს. მათ მიუყენებიათ კედელთან თენგო, ვოვა გადაფარებია მას: არ მოკლათ, კარგი ქართველიაო. სწორედაც კარგი ქართველები უნდა მოვკლათ, ცუდები არც თვითონ უნდათო. ვერაფერი მოახერხეს მკვლელებმა, ვოვა არ შორდებოდა თენგოს. ბოლოს აფხაზს უთქვამს: რახან სიკვდილი არ აგვცდება თქვენი ხელიდან, ჯერ მე მომკალითო. მათაც სავსე მჭიდის ნახევარი ვოვაზე დაცალეს, მეორე ნახევრით კი თენგო დაცხრილეს. ამ ტრაგიკულ შემთხვევას თურმე სარდაფში დამალული ქალბატონები შეესწრნენ, რომლებმაც მთელი სიმძაფრით გადმომცეს ეს ამბავი. თენგო საკუთარი სახლის ეზოში, ვაშლის ხის ძირას დაუსაფლავებიათ. ამ ისტორიამ მთლიანად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება აფხაზეთის ტრაგედიისადმი, მივხვდი, რომ ომს არა მარტო მკვლელები, არამედ გადამრჩენლებიც, სხვა ადამიანებისათვის თავგანწირული პიროვნებებიც ჰყავდა. ამ გარდატეხამ ასახვა ჰპოვა ჩემს შემოქმედებაზეც _ რამდენიმე წელია, მსგავს ფაქტებს ვეძებ, ადამიანები თავადაც მიყვებიან თავგანწირვის ისტორიებს.... ამიტომაც მიმაჩნია, რომ ომმა აფხაზეთში საკუთარი თავი დაამარცხა.
_ ალბათ თარასხანის, ვალერისა და გივის ურთიერთობაც "ძმისშვილში" ამის კიდევ ერთი დადასატურებაა... "ერთ დროს აუცილებლად შერიგებაზე მიდგება საქმე და მაშინ ჩემი სიტყვა მოიგონე _ პატიების უფლება მხოლოდ მსხვერპლს აქვს", _ ეუბნება ოჯახის უფროსი აფხაზი შვილიშვილის გადამრჩენელ ქართველ მეომარს. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო პრობლემისადმი ამდაგვარ მიდგომას მოლაპარაკებათა პოლიტიკურ მაგიდასთან ნაკლებად ვისმენთ. რა პერსპექტივა აქვს კონფლიქტის მოგვარების საკითხში სახალხო დიპლომატიას?
_ მოლაპარაკებებისას პრობლემას წმიდა პოლიტიკური კუთხით განიხილავენ, ერთი მხარე აცხადებს, რომ ორჯერ ორი ოთხია, მეორე კი ამტკიცებს, სამჯერ სამი ცხრაა _ ყველას თავისი სიმართლე აქვს და საკითხის გარშემო მსჯელობა ამით მთავრდება, ადამიანური ურთიერთობებისათვის კი დრო და სურვილი არ არის. ავსტრიაში მშვიდობის უნივერსიტეტში შლაინინგის პროცესის ფარგლებში პოლიტიკოსებს უშუალო გარემოში ახვედრებენ ერთურთს, არავის აქვს უფლება იმ შეხვედრიდან ციტირება გააკეთოს, მედიის წარმომადგენელთა დასწრებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ამ სახითაც შეხვდნენ ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები ერთმანეთს, მაგრამ არც ამგვარ ურთიერთობას გამოუღია ხელჩასაჭიდი შედეგი. კონფლიქტი, შეიძლება ითქვას, "გაყინულია". სახალხო დიპლომატიის ფარგლებში კი ისტორიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები, სხვა პროფესიის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ხდება ინფორმაციის გაცვლა, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, რაც გარკვეულწილად ამცირებს მანძილს ხალხებს შორის. არის კიდევ ჭეშმარიტი სახალხო დიპლომატია: ენგურს გაღმა და გამოღმა მყოფი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, უზიარებენ ტკივილს, წუხილს, სიხარულს, იმედს, რომ ისევ დადგება ერთად ყოფნის დრო. სამწუხაროდ, დაახლოების ეს ვიწრო ბილიკი მიზეზთა გამო ვერ გაფართოვდა. არც ჩვენ, კონფლიქტის ამგვარი გზით მოგვარების მოსურნე პირებს, არ გვაქვს ილუზია, რომ სახალხო დიპლომატია სრულად მოუვლის პოლიტიკურ დაპირისპირებასა და ომის იარებს. შეიძლება იმგვარადაც მოხდეს, რომ დიდმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან და აფხაზეთთან შეთანხმებით, კონფლიქტის ორივე მხარისათვის ხელსაყრელი პირობები ჩამოაყალიბონ, შესაძლებელია, იმგვარ დოკუმენტებსაც მოეწეროს ხელი, რომელმაც საფუძველი შექმნას დაპირისპირების აღმოსაფხვრელად, მაგრამ თუ ადამიანები ისევ სიძულვილითა და შიშით შეხედავენ ერთამენთს, ხელმოწერილი საბუთები ქაღალდის ნაგლეჯებად დარჩება. ჩვენდა გასახარად უნდა ვთქვა, რომ სახალხო დიპლომატიას გაცილებით დიდი ასპარეზი აქვს, ვიდრე ყარაბაღში ან თუნდაც კოსოვოში. სომხებსა და აზეიბაიჯანელებს სძულთ ერთმანეთი, ყარაბაღი სრულად იზოლირებულია: ნათესავებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა არ იციან ერთამანეთის ასავალ-დასავალი; ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სამხედრო დაპირისპირებების დროს ადამიანები გაუგონარ სისასტიკეს ჩადიოდნენ: ცოცხლად ხარშავდნენ ჩვილ ბავშვებს, მოწინააღმდეგეებს თვალებს თხრიდნენ და ქვაბში ყრიდნენ... აფხაზეთშიც ხდებოდა სამხედრო დანაშაულობანი, მაგრამ არა ამ ფორმით. ქართველებმა აფხაზეთის ომის დროინდელი მითი შევქმენით: აფხაზები ჩვენი ბიჭების მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ სტადიონზეო... მინდა გითხრათ, რომ დიდი ხნის კვლევა-ძიებისა და პროკურატურის არქივებში მუშაობის მიუხედავად, მსგავსი ფაქტი არ დასტურდება... შეიძლება ამის განმცხადებელი საბუთი შემდეგში აღმოაჩინოს ვინმემ... ყარაბაღსა და კოსოვოს აფხაზეთის კონფლიქტთან შედარებისას კიდევ ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი: უცხოელი ექსპერტები გაკვირვებას გამოხატავენ ჩვენს კონფლიქტებთან დაკავშირებით, აღნიშნავენ, რომ ქართველები და აფხაზები ერთი საზოგადოება, ერთი კულტურის წარმომადგენლები ვართ. მსგავსი გარემოებები აძლიერებენ სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
_ "დევნილთა უღელტეხილში" წერთ, რომ თქვენ იმ რთულ გზაზე _ უღელტეხილზე გაცილებით ადრე დადგით ფეხი...
_ რა თქმა უნდა, აქ სულიერ უღელტეხილზეა საუბარი. წლების განმავლობაში არ მტოვებდა დიდი საფრთხისა და შიშის გრძნობა. ტყვიების ზუზუნისა და ბევრისთვის საბედისწერო გზის გავლის შემდეგ თბილისში სიბნელე, შიმშილი, სიცარიელე, გაჭირვება დაგვხდა. უბედურება უბედურებას მოსდევდა._ რატომღაც მგონია, რომ ახლაც კი ჩვენ ისევ გაყინულ და სიკვდილჩასაფრებულ გზას გავდივართ.... და მაინც, როგორ წარმოგიდგენიათ ქართველების აფხაზეთის მიწაზე დაბრუნება?_ ისე ნამდვილად არ დავბრუნდებით, როგორც ეს პოპულარულ კლიპშია გადმოცემული: დევნილები _ ძველი მანქანებით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჩემოდნებით, ხალიჩებით... ბევრი ცნობილი ტელესახე _ მოტოციკლებით, უცხოური მანქანებით, ლამის კოსმოსური ხომალდებით. გახსოვთ ალბათ "სოხუმში დაბრუნებაში" ვწერ, რომ ჩვენ დავბრუნდებით მანქანით, გემით, თვითმფრინავით და ასე შემდეგ. ზემოთ ხსენებული კლიპის ნახვის შემდეგ ბევრი გამინაწყენდა, მირეკავდნენ, გურამ, ეს როგორ ჩაიდინე, შენ დაეხმარე ამ კლიპის გადაღებაში, აბუჩად რომ არის დევნილი ხალხი აგდებულიო?! არადა, ჩემთვის არავის უთქვამს, აფხაზეთზე კლიპის გადაღებას რომ აპირებდნენ და შესაბამისად არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. ერთიც არის ხაზგასასმელი: არ შეიძლება ღირსების მედლებითა თუ ორდენებით აჯილდოვებდნენ მომღერლებს კლიპში გაღჟერებული ერთი-ორი ფრაზისათვის...
_ ბატონო გურამ, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება არ იცის, რომ თქვენი უშუალო თაოსნობითა თუ მონაწილეობით ქართველებსა და აფხაზებს შორის არაერთი ხიდი გაიდო კულტურის სფეროში. რითი დაიწყო აფხაზურ მხარესთან ამგვარი ურთიერთობა?
_ ათი წლის წინ "სოხუმში დაბრუნება" რუსულად გამოიცა და გავრცელდა აფხაზეთში. წიგნმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია: მაშინ ინგლისელები გვშუამდგომლობდნენ სახალხო დიპლომატიის კუთხით. აფხაზებს ჰკითხეს, ვისთან ისურვებდით შეხვედრასო, მათ უპასუხეს, გურამ ოდიშარიასთანო. "დევნილთა უღელტეხილის" თარგმნის შემდეგ აფხაზებმა გაიგეს, თუ რა გადავიტანეთ ჭუბერ-საკენის გზაზე _ მათთან ხომ მსგავსი ფაქტები გაცხადებული არ იყო?! პროექტის ფარგლებში, თორმეტკაციან ჯგუფში ორი სოხუმელი აღმოვჩნდით: მე და მანანა დარჯანია. იმ დროის შემდეგ ოცდაათამდე შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი აერთიანებს მთელი ამიერკავკასიის კონფლიქტურ მხარეებს. აფხაზეთში მოღვაწეობს ბათალ კობახია, რომელთან ერთად შევძელით ქართველ და აფხაზ მწერალთა ნაწარმოებების კრებულის გამოცემა; სულ ცოტა ხნის წინ პროექტის მასშტაბი გავაფართოვეთ და გამოვეცით ქართველ, აფხაზ, ოს, აზეიბაიჯანელ და სომეხ მწერალთა ნაწარმოებების კრებული. წიგნი ხუთი ლიტერატურის, ხუთი ხალხის წარმომადგენლებს აერთიანებს. მსგავსი გამოცემებით ვგებულობთ ერთმანეთთან კონფლიქტურად განწყობილი ხალხების გულისტკივილს, წუხილს, ვისახავთ იმედებს. სახალხო დიპლომატიაში კულტურის ჩართვამ დადებითი ნაყოფი გამოიღო: გაიმართა მხატვართა ერთობლივი გამოფენა; თემურ ჩხეიძემ ჩემი პიესა "ზღვა, რომელიც შორია" დადგა. სპექტაკლის ჩანაწერი სოხუმის უნივერსიტეტში აჩვენეს. პიესაში აფხაზი გმირი ბევრ საგულისხმო აზრს გამოთქვამს ორი ხალხის ბედზე, რამაც დააფიქრა ენგურსგაღმა მცხოვრებნი... ერთობლივი კრებულის გამოცემის შემდეგ მე და ბათალ კობახია ყარაბაღში, ერევანში, ბაქოში ჩავედით _ მსგავსი ღონისძიებები მშვიდობისა და ურთიერგაგებისაკენ უბიძგებენ ხალხებს. ამერიკული თუ ევროპული კინოინდუსტრია ბალკანეთის კონფლიქტებზე იღებს ფილმებს: თუ როგორი სისასტიკით უსწორდებიან მოწინააღმდეგეები ერთმანეთს. რატომღაც არავინ ინტერესდება კავკასიური შემწყნარებლობით, ღირსების ქართველური თუ აფხაზური მაგალითებით... იცით, ქართველი და აფხაზი მწერლები ერთად რომ დავდივართ ხან აზეიბაიჯანში, ხან სომხეთში, მათ უკვირთ, მტრები როგორ დადიხართ მხარდამხარ, როგორ იტანთ ერთმანეთსო?! ამით ჩვენ გარკვეულწილად მაგალითიც კი ვართ სხვებისთვის.
_ თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, "ახლადგამოღვიძებულ თუ სანახევროდ გამოღვიძებულ დედამიწაზე" სოხუმი თქვენი "ქალქალაქია". "როდესაც სოხუმს აწვიმს, მაშინ მთელ დედამიწას აწვიმს"... რამდენი რამე გაქვთ სოხუმისთვის სათქმელი...
_ დარჩენილ ცხოვრებას სოხუმთან საუბარში გავატარებდი... მარტო იქ ვამბობ სიტყვას "მოვედი". სოხუმში სულ სხვა სინათლე და სითბოა. ზღვა მზის სხივებს ირეკლავს და ფერებიც უფრო ექსპრესიულია, სიმწვანე ზეიმში გადადის. ერთხელ საოცრად მოთოვა _ ვარდისფერგადაკრული მზე ლურჯ ზღვაში ეშვებოდა, თოვლი სითეთრით ქალის კანს მოგაგონებდათ... კოსმიური კოსმეტიკით მხიბლავდა სოხუმი და გაგრა... ზღვის უზარმაზარ სივრცესთან ხომ ლაპარაკიც შეგიძლია? ტკივილამდე მონატრებულ კუთხეში ქართველთა და აფხაზთა სიწმინდეებია, რომელთა შენებასაც საუკუნეები მოვანდომეთ, ერთად ვაგებდით, ვქმნიდით სიყვარულით, მხარში დგომით... დღეს უკვე ძალიან ბევრი რამ დაგვიგროვდა სათქმელი, გასაზიარებელი... ერთად ყოფნამდე სიყვარული მიგვიყვანს.
2007 წელს გამოცემული წიგნიდან "გაუცხოების პლანეტა":"როგორი დიადი გრძნობაა _ თუნდაც ორიოდე წამით მაინც იკარგებოდე სინდისის კოსმიურ კიდობანში..." დავტოვე ბატონი გურამის თბილისური სოხუმი...
ჩემი მასპინძელი კი კიდევ დიდხანს იფიქრებს და იღვაწებს ქართველებისა და აფხაზების საკეთილდღეოდ, მთელ ქვეყანას გააგონებს, რომ "სოხუმში მოსალოდნელია წვიმა"...
ნაჩუქარ წიგნებზე წარწერა: "უმცროს მეგობარს სოხუმში შეხვედრის იმედით"...
და კიდევ იკითხავთ "სად აფარებენ თოლიები თავს წვიმაში"?

No comments:

Post a Comment