Sunday, October 11, 2009

ცხელი შოკოლადი და ჩრდილოეთის ბრძენი ქარი













საფრანგეთის პატარა პროვინციული ქალაქი მდინარის პირას, მოწითალო კრამიტით გადახურული სახლები, ვიწრო ქუჩები, ქალაქის მოედანზე ძველებური ეკლესია და ჩვეულ სიმშვიდეს შეფარებული ხალხი. ქალაქში ადამიანები ამ, უკვე ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესს მიჰყვებიან: ყოველ კვირას მესაზე დადიან, აღსარებას სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელ მამა ჰენრის აბარებენ, რომელიც თავის მხრივ ყოველი მესის ბოლოს ქალაქის მერის მიერ დაწერილ ქადაგებებს კითხულობს; უარს ამბობენ ყოველგვარ სიახლეზე, ეშინიათ საკუთარი ემოციებისა და სურვილების; ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქარები მათი უწყინარი ქალაქის თავზე კი ხმაურობენ, მაგრამ... ვიენ როშელი, მისი პატარა ქალიშვილი ანუკი და ანუკის ფეხმოტეხილი კენგურუ სახელად `პანტუკი~ დიდი ხანია,
რაც ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, მატერიკიდან მატერიკზე დადიან, დაეხეტებიან და ხალხს, მარტივად რომ ვთქვათ, შოკოლადს აყვარებენ. უძველესი რეცეპტით მომზადებული უგემრიელესი ნუგბარი მათ ხალხთან დაახლოებასა და საკუთარი თავის დამკვიდრებაში ეხმარება.
შვედი კინორეჟისორის ლარს სვენ (`ლეს~) ჰოლსტრიმის ნახევრად მისტიკურ ფილმში `შოკოლადი~ მაყურებელი პირველივე წუთებიდან ეხვევა ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისა და საიდანღაც, ქვეყნის მეორე მხარიდან მოსული სიახლის ქარიშხლის ჭიდილში. ერთ მხარეს დგას პროვინციული ქალაქი რელიგიური თავშეკავებულობითა და პედანტურობით, მეორე მხარეს კი ერთი მოხეტიალე ოჯახი, რომელიც ეკლესიის პირდაპირ მიტოვებულ ოთახებს ქირაობს და სულ რამდენიმე დღეში შოკოლადის მაღაზია `მაიას~ ხსნის. ვიენ როშელი, რომელსაც უდიდესი ხიბლის მქონე ფრანგი მსახიობი ჯულიეტ ბინოში ასახიერებს, თითქოს აქ, ამ პატარა, ყველასგან მიტოვებულ ქალაქში, სხვათაშორის, ყოველგვარი მიზეზის გამოა ჩამოსული. უბრალოდ სურს შოკოლადის მაღაზიის გახსნა და საქმის გამართვა, თუმცა თავიდანვე ვხვდებით, რომ `ჩრდილოეთის ბრძენმა ქარმა~ ვიენი და მისი ქალიშვილი ანუკი (ვიქტორია ტივისოლი) შემთხვევით არ მოიყვანა სწორედ ამ ქალაქში. ვიენს ხომ დედამიწის ერთი წერტილიდან მეორეში დააქვს სიცოცხლე, არა, უფრო სწორედ, სიცოცხლის სიყვარული, ცხოვრებით ტკბობა და უძველესი მაიას ტომების რეცეპტით მომზადებული შოკოლადი. რეჟისორი ლეს ჰოლსტრიმი ბევრგან ეხება იმ თემას, რის საფუძველზეც ბრიტანელმა მწერალმა ჯოან მიშელ სილვი ჰარისმა დაწერა რომანი `შოკოლადი~. კრიტიკოსების თქმით, 1999 წელს გამოცემული რომანი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ე.წ. მაგიური რეალიზმის ლიტერატურულ მიმართულებაში. ჯოან ჰარისი მის სხვა ნაწარმოებებშიც `ბოროტი ოჯახი~, `ძილი, ფერმკრთალი და~ თამამად ეხება მისტიკურ და ფოლკლორისთვის დამახასიათებელ თემებს. კემბრიჯის წმიდა ეკატერინეს სახელობის კოლეჯის თანამედროვე და შუასაუკუნეების ენების ლექტორის პირველი ნაწარმოები `ბოროტი ოჯახი~ 1989 წელს გამოქვეყნდა, თუმცა დიდი წარმატება მას სწორედ `შოკოლადმა~ მოუტანა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს ნაწარმოები ცოტათი ავტობიოგრაფიულიც კი არის. ჯიუტი ვიენ როშელისა და ცხოვრებასთან მუდმივად მებრძოლი, დაუღალავი არმანდას სახეების შესაქმნელად მან დიდი ბებიას პიროვნების შტრიხები გამოიყენა, პატარა ანუკის ხასიათის ლიტერატურულ ჩამოყალიბებას მისი ქალიშვილის შინაგანმა სამყარომ შეუწყო ხელი. თუმცა მივყვეთ ფილმს... პატარა ქალაქი დიდი ჭორების ბუდეა და ჩამოსვლიდან მეორე დღესვე ვიენზე ათასი მითქმა-მოთქმა იწყება: ზოგი ამბობს, რომ უეცრად გამოჩენილი ქალბატონი რადიკალურ აზრების მქონეა; ზოგი კი მხილებაზე გადადის და გაიძახის, რომ ათეისტია, ეკლესიაშია არ დადის; ქალაქის მერი გრაფი დე რინო კი ქმრების გარეშე დარჩენილ ქალბატონებს განუცხადებს, რომ ეცოდება ვიენის ქალიშვილი ანუკი, რადგან უკანონოდ არის გაჩენილი. ანუკიც პირდაპირ ეუბნება მორიგი ახალი სკოლის მორიგ ახალ ამხანაგებს, რომ მამა კი ჰყავს, მაგრამ არ იცის, ვინ არის. ასეთი `ამორალობა~ კი პატარა ქალაქელთათვის სრულიად მიუღებელი რამ არის. მერი გრაფი დე რინო (ალფრედ მოლინა) ფილმში ასახული მიკრო სამყაროს ნამდვილი ბასტიონია. ის ყოველ კვირა დილით ტაძრის კარებთან ხვდება თანამოქალაქეებს და თავაზიანად უკრავს თავს, ქვეცნობიერად ამაყობს საკუთარი წარმომავლობითა და იმ დიდი წინაპრით, ვისი ძეგლიც მთავარ მოედანზე დგას. მან კარგად იცის, რომ სიბრძნე წლების დაუღალავი შრომის, თავმდაბლობისა და პატიოსნების შედეგად მოდის, იღწვის კიდევაც ამისთვის, სამაგალითოა სხვათათვის, მაგრამ პრობლემა ოჯახსა და საკუთარ სულში აქვს: უკვე მერამდენე თვეა, მეუღლე გაშორდა, მოქალაქეებთან კი ამბობს, რომ ვენეციაში და კიდევ რამდენიმე თვეს დარჩება. საერთოდაც, გრაფი დე რინო აბსოლუტური პატიოსნების მქონე პერსონაჟი იქნებოდა რომ არა ის საშუალებები, რითაც მან მოინდომა ვიენ როშელისთვის სახელის გატეხვა. ერთი რამ ცხადია, რომ გრაფი ადეკვატურად აფასებს მოწინააღმდეგეს (ვიენს) და გრძნობს, რომ ეს თავნება ქალბატონი ადრე თუ გვიან ქალაქის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, პულსს აუჩქარებს და ცეცხლოვანი რიტმებით დააწყებინებს ცეკვას. არადა, გრაფი რა მერია, თუ არ უზრუნველყო ქალაქის სიმშვიდე, სიმშვიდე, რომელიც აძინებს, ადუნებს და ერთ ადგილას აჩერებს ამ კოლოტირულ დასახლებას?! დიდმარხვის კვირეები სულ უფრო შფოთიანი და არაორდინალური ხდება. მამა ჰენრის უკვე ქალაქის მერამდენე მკვიდრი აბარებს აღსარებას შოკოლადთან დაკავშირებით. საკვირაო ქადაგებები სულ უფრო მეტად `ამხელენ~ ვიენს, როგორც შფოთის, არეულობისა და ცოდვით დაცემის მთავარ მიზეზს. ქადაგების ტექსტები გრაფი დე რინოს მთელი კვირის ნაფიქრალია და ქაღალდზე მერამდენედ შესწორებული, რომელსაც მამა ჰენრი დაბნეული მერველკლასელივით კითხულობს.ჟოზეფინ მუსკატი (ლენა ოლინი), ვიენის თავისუფლებამოყვარეობით იმედმიცემული, ტოვებს ტირან მეუღლეს სერჟს (პეტერ სტორმარი), რომელმაც უკვე მერამდენედ იძალადა მშვენიერ მეუღლეზე. ზოგადად, სერჟისა და ჟოზეფინას ცოლქმრული ურთიერთობა კლასიკური ოჯახური ძალადობის ფარგლებს სცდება, ჟოზეფინა თავისი შინაგანი ბუნებით მშვენიერების მატარებელი პერსონაჟია, რომელიც სერჟის სახით უვიცობისა და უხეში ძალის ტყვეობაშია. მაყურებელი ადვილად ამჩნევს, რომ ბალზაკის ასაკის ქალბატონი ოჯახური ცხოვრების სიმძიმემ გააუფერულა ასე. ვიენთან გადასვლის შემდეგ კი შოკოლადის მომზადების ხელოვნებასაც დაეუფლება და საკუთარ თავსაც ახლებურად შეიცნო: ის თითქოს ხელახლა იფურჩქნება. ამ პასაჟშიც ვიენი გრაფ დე რინოს მორიგ ბრძოლაში ამარცხებს, რომელიც მოინდომებს სერჟის `გადაკეთებას”, გაახალადამიანურებას. მისი ეს მცდელობა თავიდანვე განწირულია, რადგან სერჟი თავისი ბუნებით მხდალია, მამაკაცურ ძალას უღირსად იყენებს მეუღლის მიმართ. მისი უღირსობა მტკიცდება ფილმის ბოლო ნაწილშიც, სადაც ის მოხეტიალე ბოშების გემს უკიდებს ცეცხლს. ეს საქციელი კი მისი ქალაქიდან საბოლოოდ გაძევების მიზეზი ხდება.ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი არის არმანდა ვოიზინი (ჯუდი დენჩი). უბრალო მაყურებლისთვისაც კი ადვილი შესამჩნევია ვიენსა და არმანდას სულიერი კავშირი, ვიენი თითქოს არმანდას ახალგაზრდობაა. თუმცა ვიენისგან განსხვავებით, არმანდამ ვერ შეძლო ამ მიკროსამყაროში, რომელსაც პატარა ქალაქი წარმოადგენს, აზროვნების გადატრიალება და ყრუ კედლის გარღვევა. ეს გასაგებიცაა, ვიენი ხომ ევროპული და უძველესი ტომების შთამომავალია, აერთიანებს რა დასავლურ აზროვნებასა და მექსიკური ტომების ტრადიციებს, მათი ცხოვრების წესს. ჟორჟ როშელისა (არნო ადამი) და ჩიტცას (ქრისტინე გადი) შვილი ორი სამყაროს გასაყარზე დგას და ერთიდან მეორეში გადააქვს ის ფასეულობები, რაც საბოლოო ჯამში სტერეოტიპებს ანგრევს და ერთფეროვნებას ცვლის. არმანდა პატარა ქალაქის არშემდგარი რევოლუციონერია, რომელმაც ბრძოლას შინ ჯდომა და დინებას მიყოლა არჩია. ძნელი სათქმელია, რომ ეს მისი ნებელობითი ნაბიჯი იქნებოდა, ზოგადმა გარემოებამ და ასაკმა აიძულა, თვალი დაეხუჭა ქალაქის ორთოდოქსობაზე. მას სძულს, როცა იბრალებენ, როცა ექცევიან ისე, როგორც ბავშვს ან ზედმეტ ტვირთს. მის მიერ მოწყობილი წვეულება დაბადების დღის აღსანიშნავად გედის სიმღერას უფრო ჰგავს, რომელიც სავარძელში მშვიდი სიკვიდილით მთავრდება, ქალაქს კი მისგან ძნელად გასაგები ცხოვრების გზა, ჟოზეფინას მიერ გახსნილი კაფე `არმანდა~ და შვილიშვილ ლუკის (აურელინ ფარენ კოუნი) მიერ დახატული პორტრეტი რჩება. ლუკი მაძიებელი ბუნების მოზარდია, რომელიც თავის სულიერ მდგომარებას ნახატებით გადმოსცემს, იქნებ ამიტომაც არის მისი ნამუშევრები მუდამ გაუგებარი და მიუღებელი სხვათათვის. ის ბავშვობიდანვე ხელოვნად ყალიბდება და მისი, როგორც მომავალი შემოქმედის აზროვნებაში გარდატეხას ბებია არმანდასთან ურთიერთობა შეიტანს.თუ ვიენი და ანუკი ჩრდილოეთის ქარს მოყვნენ, პატარა ქალაქის მშვიდი მდინარის ნაპირებთან რუ (ჯონი დეპი) და მისი მოხეტიალე სამეგობრო სამხრეთის თბილმა ქარმა მოიყვანა. პატარა გემი მათთვის გადაადგილების საშუალებაც არის და გარკვეულწილად სახლი, სადაც ცხოვრების ყველა სიურპრიზს ერთად იზიარებენ. ცხადი ხდება, რომ მოხეტიალე ბოშებს, რომლების სამკაულებს იაფად ჰყიდიან და სხვადასხვა საკრავზე ლაღად ურავენ, პატარა ქალაქში არავინ შეხვდება სტუმართმოყვარეობით. ვიენი და მისი შოკოლადი ისედაც ხომ დიდი თავსატეხია გრაფი დე რინოსთვის და ამ `ამორალურ~ ადამიანებს როგორ მიიღებდა, ადვილი წარმოსადგენია. ქალაქის საბჭოს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ ვერ აიძულებს ქალაქის დატოვებას, მაგრამ სანაცვლოდ გრაფის ინიციატივით, იწყებენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და მათგან მტრის ხატს ჰქმიან. მერამდენედ ეხვევა პატარა ქალაქი საკუთარ ნაჭუჭში?! ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ მოძალადე სერჟი უბრალო მინერალურ წყალს არ მიჰყიდის რუს, ჩვენ ცხოველებს არ ვემსახურებითო _ მისი არგუმენტი ამგვარია.ერთადერთი, ვინც გულღიად ხვდება ბოშებს, ისევ ვიენია, რადგან ცოტათი მაინც ხედავს მათში საკუთარ თავს და მაშველებს ამ ქალაქში ცხოვრების ახალი წესის შემოსატანად. ლოგიკურია ისიც, რომ რუ იმ კარს შეაკეთებს, რომელიც მორიგი ლოთური შემოტევისას სერჟმა გააფუჭა. რეჟისორი აშკარად გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს ბოროტების ნასახიც კი არ გააჩნიათ, არიან ლაღები და უბრალოდ უყვართ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. რუ ერთადერთი ადამიანია, რომლის საყვარელ შოკოლადსაც ვერ გამოიცნობს ვიენი. რას ნიშნავს ეს? ვიენის მრავლისმეტყველი სახე გვეუბნება, რომ `კაპიტან~ რუს სახით ის ცხოვრების უდიდეს სიყვარულს შეხვდა, რომელიც დაათმობინებს სისხლში გამჯდარ წესებს და საბოლოო ნავსაყუდელს დაუმკვიდრებს მის არაპროგნოზირებად ცხოვრებაში.რუ და ვიენი ისე ექცევიან ერთმანეთს, თითქოს დიდი ხის ნაცნობები იყვნენ, თითქოს სადღაც, თუნდაც წინა ცხოვრებაში ყვარებოდათ ერთმანეთი, ალბათ ამიტომაც ესმით ერთი მეორის სიტყვების უთქმელადაც კი.რუ _ ცეცხლოვანი რიტმების ქარიზმატული რაინდი...ვიენი _ შოკოლადის ჯადოქრობას ნაზარები ორი სამყაროს შუამავალი...ალბათ ამიტომაც არის მათი ურთიერთობა ვნებით სავსე და ამასთან გონისმიერიც.ამასობაში კი არმანდა გარდაიცვალა. ქალაქის ყველაზე დაუდგრომელი მეისტორიე მიწას მიაბარეს.ყინული გალღვა, ხალხი ხედავს, რომ ცხოვრება არც ისე უფერული ყოფილა, ვიდრე მანამდე ეჩვენებოდათ. ვიენის მრავალნაირი რეცეპტით მომზადებული შოკოლადი მათი გულებისკენ ადვილად მიიკვლევს გზას. ფილმში შოკოლადი სულიერი გარდასახვისა და ხელახლა დაბადების მატერიალური გამოხატულებაა, შოკოლადი თითქოს მეორე სუნთქვას ანიჭებს მოქალაქეებს, გულისყურს უმახვილებს, `მესამე~ თვალს აუხელს. თვით გრაფი დე რინო კი `ეცემა~, როცა შევარდება კაფე `მაიაში~, მოინდომებს ვიენის ყველა ნამუშევრის განადგურებას, `მტრის~ ბანაკში გადადის ყველა მისი ჯარისკაცის დასახოცად, საბოლოოდ კი თვითონ რჩება დამარცხებული საკუთარ ვნებებთან ჭიდილში. შოკოლადისგან დამზადებული სხვადასხვა ფიგურების განადგურებისას გრაფი დე რინო ფანატიკოს ეგზეკუტორს ემსგავსება, რომელიც ქრისტესა და ეკლესიის სახელით კოცონზე წვავს ადამიანებს. ვნება, სურვილი, ლტოლვა _ ყველა ადამიანური მიდრეკილება პიკს აღწევს მასში, ამ დროს კი სულ ადვილია მწვერვალიდან ჩამოვარდნა. მისი სიცილი და შოკოლადით ტკბობა გადაიზრდება მოთქმად, გოდებად. გრძნობააშლილს კი კაფის ვიტრინასთან ჩაეძინება. და ვინ უნდა დაინახოს ის ყველაზე პირველმა? რა თქმა უნდა, მამა ჰენრიმ, რომელიც პრაქტიკულად მის ტყვეობაშია. არადა, სააღდგომო წირვაა ჩასატარებელი, გრაფი დე რინო ძველებურად მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს, როგორც სამაგალითო მორწმუნე და მზრუნველი ავტორიტეტი. მამა ჰენრიმ ვიტრინასთან ჩაძინებული გრაფის დანახვაზე საკუთარი უსუსურობა დაინახა, ალბათ მასაც სურდა გაესინჯა ვიენის ნახევრად ჯადოსნური შოკოლადი და მოესმინა ამერიკული მუსიკა, რომელიც თურმე მისი ყველაზე დიდი სისუსტე ყოფილა. ამ დროს შემოდის ვიენი, საგანგებო სასმელით აფხიზლებს გრაფ დე რინოს და აღდგომას ულოცავს. გრაფი დე რინო უკვე შეუვალი აღარაა, ის ხომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანია მიდრეკილებებით, სისუსტეებითა და ღირსებებით?! ალბათ მიხვდა გრაფი, რომ ასე ანგარიშმიუცემლად არ უნდა გაეთელა ფეხქვეშ ვიენის ღირსება ქალაქის სადალაქოში, რომ სიახლეებისთვის კარები ადრე უნდა გაეღო მანამ, სანამ `ჩრდილოეთის ბრძენი ქარი~ შეუღებდა ქალაქის ტაძრის კარებს. მორწმუნეებისთვის კი მარხვა იწურება, აღდგომა თენდება.მართალია, მამა ჰენრის სააღდგომო ქადაგება არც ისეთი დახვეწილი და გამართული იყო, მაგრამ როგორც ავტორი ამბობს, სხვა დანარჩენთაგან მას მჭევრმეტყველება, აზრის სიცხადე და გულწრფელობა გამოარჩევდა. ქალაქს ჭეშმარიტი აღდგომა გაუთენდა.ლუკი ხან თავის საოცნებო ველოსიპედს დაატარებდა, ხან კიდევ მანამდე დედისგან აკრძალულ რამეებს ჩადიოდა, ვთქვათ, ბორბალს ატრიალებდა ქალაქის მოზეიმე ხალხით სავსე მოედანზე, მისიე გილერმო ბლერო თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს მამად ადელს ჩახუტებოდა, რომელიც უკვე ოცდაათწელზე მეტი იყო, რაც გერმანელების ყუმბარისგან დაღუპულ მეუღლეს გლოვობდა, ვიენის შოკოლადით ვნებაანთებული ცოლ-ქმრები კი ნდომის თვალით უყურებდნენ ერთამანეთს, ჟოზეფინა მშვენიერებისა და დაუცხრომლობის სამყაროში გადაშვებულიყო და მოხეტიალე ბოშებთან ერთად დაუღალავად ცეკვავდა, თან უკვე მის მიერ მომზადებულ შოკოლადს ურიგებდა მოზეიმეებს... გრაფ დე რინოს კი კიდევ ექვსი თვე დასჭირდა იმასთან შესაგუებლად, რომ მისი ძვირფასი მეუღლე ვენეციიდან აღარ დაბრუნდებოდა და არმანდას ქალიშვილისთვის კაროლინ კლერმონტისთვის (ქერი ენ მოსი) ვახშამზე მოსაწვევად.ვიენი ბედნიერია, ბედნიერია იმით, რომ სხვები მხიარულობენ, ზეიმობენ, ქალაქს მზე ახლებურად გაუნათდა, გულები ჩვილი ბავშვებივით ანთებული აქვთ.მან იცის, რომ ჩრდილოეთის ბრძენი ქარი კიდევ ბევრჯერ იქროლებს მის თავზე და მოუწოდებს სხვა ქვეყნების, სხვა ქალაქების, სხვა ადამიანების გასაბედნიერებლად, მაგრამ ვიენი იმასაც ხვდება, რომ დედამისის ჩიტცას ფერფლი უმიზეზოდ არ გაბნეულა ამ პატარა ქალაქის ასევე პატარა და კოხტა კაფე `მაიაში~... მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი სწორედ აქ არის...სხვა ქალაქების გაფერადებას კი უკვე პატარა ანუკი შეეცდება, მერე რა, რომ პანტუკმა, მისმა საყვარელმა კენგურუმ ფეხი მოირჩინა და სხვა გზებს შეეხიზნა...
ანუკი ივლის მთელ ქვეყანაზე, ბებიისა და დედის მსგავსად ახალ-ახალ ფურცლებს გადაშლის ადამიანთა ცხოვრებაში, ღიმილით, სიყვარულით და რაც მთავარია, ცხელი შოკოლადით.

No comments:

Post a Comment