Sunday, October 11, 2009

მონანიებას მოვესწროთ, იქნებ!..(თენგიზ აბულაძის `ნატვრის ხით" აშლილი ფიქრები )

მშვენიერების ძიება კაცობრიობისათვის მუდამ ამოცანა იყო, ალბათ იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ამ ძიების პროცესს ადამიანი საკუთარი თავის შეცნობამდე, პიროვნებად ჩამოყალიბებამდე, შემოქმედის მიერ მასში ჩადებული ენერგიის ხელხლებამდე მიჰყავდა _ ეს კი ყველასთვის როდი იყო მისაღწევი. მშვენიერება იქ იჩენს თავს, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელიან, საზოგადოებრივი სტერეოტიპებისა და ყბადაღებული ფსევდოღირებულებების ფარდის უკან ამოიმართება და ჩრდილავს ყოველდღიურ ერთფეროვნებას, ის ხომ ჭეშმარიტებასა და მარადისობასთან არის ჯვარდაწერილი?! სწორედ ამ მიზეზით ებრძოდნენ ხელოვანებს, კოცონზე წვავდნენ მეცნიერებს და უდიდესი სიბრძნით გაჯერებულ წიგნებს, ქოლავდნენ და ლაფში სვრიდნენ დინების საწინააღმდეგოდ მცირავ ადამიან-იდეებს... თუმცა ამით მათ სამარადჟამო ნათელსა და სახელს უმზადებდნენ, უნებურად. "მშვენიერება სადღაც გარეთ არ უნდა ვეძიოთ"... _ ჩაუწერია თენგიზ აბულაძეს თავის დღიურში, რომელსაც გიორგი ლეონიძის `ნატვრის ხის~ არსობრივი წვდომის შედეგების მოსანიშნად და მომავალი მხატვრული რეინკარნაციის კონტურების გასავლებად მიმართავდა... რეჟისორის ექვსი წლის ძიებამ მწერლის ოცდაერთ ნოველად აკინძულ მოგონებათა კრებულში ხეტიალმა მსოფლიო კინემატოგრაფიას `ნატვრის ხე~ აჩუქა _ ფილმი, რომელიც ცასავით უკიდეგანოა, შორი და თან ასე ახლო... აბულაძემ ამ შედევრით ახალი კინოესთეტიკა იქადაგადა და ჩამოაყალიბა, ინტელექტთან და უფაქიზეს მორალურ ღირებულებებთან სარეცელგაზიარებული ხედვა. ამ შემოქმედებითი ნაყოფით კი დამტკიცდა, რომ ლიტერატურა და კინემატოგრაფია ერთ ჭეშმარიტებასთან მისასვლელი ორი გზაა, პარალელურად მიმავალნი და ამასთან ერთურთის გადამკვეთნი. გიორგი ლეონიძისეული სიტყვაკაზმული ხელწერისათვის ასე დამახასიათებელი სოფლის ყოფა, რაც არც თუ იშვიათად, ეროვნული ცნობიერებისა და სხვა სულიერი მყოფობის პრიზმაში გარდაისახებოდა, თენგიზ აბულაძის კინოხედვაში საკაცობრიო ავკარგიანობის არენად გვევლინება. ოფიციალურ კრიტიკაში წერდნენ, რომ `ნატვრის ხეში~ რევოლუციამდელი ქართული სოფლის ჭირ-ვარამია ასახული და რომ ფილმში ახირებული, იდეისმაძიებელი ადამიანების ტრაგიკული ბედია გადმოცემული. აქ სიტყვა `რევოლუციამდელი~ ისეა ნახსენები, თითქოს რომელიმემ, ოქტომბრისამ, თებერვლისამ, უწინ ივლისისამ, გნებავთ ნოემბრისამ, რამე საფუძვლიანად შეცვალა საზოგადოებრივ აზროვნებაში, ადამიანის სამყაროსადმი დამოკიდებულებაში, თუნდაც იმ პატარა სოფელში, სადაც ახლაც იგივე მდინარე მიედინება და მზე ძველებური ძლევამოსილებით ამოდის. საბჭოთა სოცრეალობა ფილმს სხვაგვარ შეფასებას ვერც მისცემდა გასაგები მიზეზების გამო, რადგან ხვდებოდა, რომ თენგიზ აბულაძის კინოსტიქიას ცალმხრივად ვერ დაუსვამდა დიდ შავ წერტილს _ რეჟიმს ხომ ასე სძაგს მხილება, ნაბიჯი, რომელსაც ადგმევინებენ საკუთარი ცოდვების უფსკრულის დასანახად... ფილმის სიდიადე მის ფერებშია, ფერებში, რომლებიც სულის მოძრაობის, გმირების პიროვნულობის ხაზებს და ზოგადად, კაცობრიობის მიერ ათასწლეულების მანძილზე ნაფიქრს, გასიგრძეგანებულ და მაინც პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს. აქ თითოეული პერსონაჟი ცალკე ადამიანია და მთელი საზოგადოებაც, თემიც, ერთობაც თავისი სიჭრელითა და ურთიერთსაწინააღმდეგო შენაკადებით. ერთადერთი, ვინც აბსოლუტურ მყოფობას, წმინდა ღვთაებასთან, გამჩენთან თანაზიაობას ავლენს _ ეს მარიტაა, ელიოზი კი სულის ჩირაღდნით მიჰყვება გოლგოთასათვის განწირულ და აღდგომით ბნელდამარცხებულ ქრისტეს რძალს...
მარიტა დედის გარდაცვალების შემდეგ, ნისლსა და წვიმაში ბრუნდება სოფელში, სადაც ულამაზესი, ლამის ზღაპრული რაშები იღუპებიან... თურმე მტრის სისხლისგან ამოზრდილი ბალახი უღებს ბოლოს სოფლის საქონელს _ უჯერებს ხალხი `მამასა და მწყემსს~ _ ციციკორეს. აშკარაა რეჟისორის კადრებს შორის გამავალი ხაზი _ მშვენიერება, სათნოება, სიკეთე, თვით ჭეშმარიტება მოდის ისეთ მიწაზე, სადაც არათუ ადამიანები, მიწაც კი სიკვდილმატარებელია, სადაც ადამიანები ბელადისა და მამამარჩენალის იდეით ცხოვრობენ, სადაც მღვდელი საღვთო წირვა-ლოცვის გარდა ყველა საქმითაა დაკავებული, სადაც სიძველე, აწმყო და კიდევ ერთხელ აწმყო ულმობლად ეჯახებიან ერთმანეთს. მომავალი? - იკითხავთ ალბათ. ხედავთ კი მას? ბავშვები?! (ასე მრავლად რომ ჩანან ამსოფლიური ამბების ავანსცენაზე)- ისინი პასიური, ასე ვთქვათ მოქმედებაში მყოფი სიკეთის მოციქულებიც კი არ არიან, რადგან ერთნაირი დამჯერობით უსმენენ ბუნბულასაც, იორამთან ერთად მიწაზე ყურდადებით გრძნობენ "რაღაც ახლის" მოსვლას, უფრო სწორედ ნგრევისა და ქაოსის მოსვლას. ისინივე შარდით `უმასპინძლდებიან~ ოცნებებით მცხოვრებ და მათგანვე განძარცვულ ფუფალას..., ე.ი., მათგან თანაბრადაა შესაძლებელი რევოლუციონერიც მივიღოთ და ტაძართა ნანგრევებთან მღაღადებელი, წარსული დიდების მეტრფე და მაინც შეძახილებს შერჩენილი ბუნბულაც. მარიტა _ ადამიანი-იდეა სოფელში ცხოვრებით მყოფობს თითოეული მოკვდავში. ის ერთნაირი სიწრფელით ხიბლავს ავსაც და კარგსაც, დიდსაც და პატარასაც. მაშ, რატომ გაიმეტა სოფელმა ქვების სასროლად და დასასამარებლად?! მას ხომ ხომ სიყვარული არავისთვის დაუმადლია, უსიტყვოდ ქადაგებდა მშვენიერებისა და მარადიულობის კოსმოლოგიურ იდეას, ღიმილი არ დაუშურებია გამვლელებისათვის, სოფლის დედაკაცებისათვის, შრომისგან ხელებდაკოჟრილ ბერიკაცებისათვის?! `სალდათად მიმავალ~ ბიჭებს კოცნის კიდევაც _ აკი ეუბნება ომში მიმავალ ძმობილებს იპრო: თუ ტყვიამ გაკოცათ, თამარ მეფისგან ულუფა გელითო... მომავალ ჯარისკაცებს კი საიქიოში მისაღები საზღაური სააქაოშივე მიართვა მარიტას კოცნამ სოფლის წყაროსთან... ჭეშმარიტება, სტიქია _ წყალი და ადამიანი, ერთგვარი ნათლისღებისა და ზეციერთან ზიარების მისტიფიკაციაა... ანგელოზებთან თამაშ-თამაშ გაზრდილ ასულს ზეცის გარდა ყველგან ასეთი ბედი ელოდა. ადამიანები ხომ ძალიან ძნელად ვიგუებთ ამაღლებულს, დიადს, პირიქით, ვებრძვით კიდევაც ტრადიციების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სიკეთის სახელით... არადა, ისე არ გვინდა ხოლმე საკუთარი გულის ბინძურ ხლართებში გავებათ... ჩვენი ცოდვების ხომ ჩვენვე გვეშინია, და ამ შიშსაც კი შევეჩვიეთ, სამწუხაროდ, ქუჩაში მოწანწალე წყალობის მომლოდინე ბავშვებივით... ამიტომაც ვერ აიტანეს მარიტას სიყვარული, შეთესთან შეყრით ადრიდანვე გაწირეს - შეთე მათი ოცდაათი ვერცხლია, თუმცა იუდასგან განსხვავებით, სოფელში თავი არავის მოუკლავს. მარიტამ უნებურად ადამიანებს მათი ნამდვილი სახე დაანახა, ჩაახედა სარკეში, სადაც მათმა ყველა მანკიერებამ გაიელვა. მოკვდავებს ცოდვები შემოეხვიათ მცოცარა ლიანებივით, მათ მოშორებას კი ისევ მომაკვდინებელი ნაბიჯებით შეეცადნენ, ოღონდ ამჯერად განაჩენი პატიოსნებისა და ზნე-ჩვეულებების კარნახით გამოიტანეს თითქოს... სად იყო მაშინ ქრისტე, რომ ახალი აღთქმის ცნობილი ეპიზოდის მსგავსად, თითოეული განმკითხველისათვის მათი ცოდვები დაენახვებინა ქვიშაზე ჯოხის მოძრაობით?! რატომ არავინ არ თქვა, რომ ის, რასაც ციციკორეს მოთავეობით ჩადიოდნენ, დანაშაული იყო არა ცალკერძ ერთი ადამიანის, არამედ მთელი კაცობრიობისა და უზენაესის წინაშე?! კითხვები ლოგიკურია, გულიდან ამოსული და, რა თქმა უნდა, პასუხგასაცემი. მარიტასეული გოლგოთა და ჯვარცმა ისევ სოფელს სჭირდებოდა _ ეს გაცნობიერებული თუ ქვეშეცნეული სხვა გონებითი ნაბიჯებისა იმ ბედ და პირშავ ადამიანებს კათარზისამდე მიიყვანს, შეგრძნობინებს დანაშაულს და აამაღლებს საკუთარ თავზე _ მწერალსა და რეჟისორს ამის დიდი იმედი აქვთ. მოხდება კი ასე? მიხვდებიან კი ამის მერე ხელოვნურად შექმნილი ციციკორე და მისი რეალურად მცხოვრები იდეური შთამომავლები, რომ გარდა იმისა, რომ კარგი ჯიშისას ერთმანეთში შეჯვარება და გამრავლება უნდა, იქნებ, საჭიროა, მათნაირებმა ჰკითხონ ადამიანებს, თუ სად არის მათი საუნჯე ან ვისთან? ახლაც გვიწყვეტს მავანი, თუ როგორ ვიფიქროთ, რას გავყვეთ _ გვახვევენ თავს წარსულისადმი ქურუმულ თაყვანისცემას, მეორენი კი სრულ ლიბერალიზმს, აპრიორ იდეოლოგიად _ უიდეოლოგობას. ჩვენც, გედიასი არ იყოს, მარიტას საშველ გზაზე მორბენლებს, ვიღაც გვიმიზნებს... მიწაზე მეწამულფერიანიპერანგა ჭაბუკივით უსულოდ ვეცემით... თენგიზ აბულაძეს ბიბლიური ეპიზოდების ტრანსფორმაცია სჩვევია, როგორც გაბედულ შემოქმედს. გაიხსენეთ, როგორი სიხარულით ხვდებიან სოფლელები მარიტას შემოსვლას ელიოზი, ნატვრისთვალის ძებნაში გართული პირჯვარსაც კი იწერს... გედიას ნახვისთანავე უყვარდება მარიტა, ბებია `დამარტოვებულ~ შვილ-შვილიშვილს ჩვეული დალოცვით ხვდება, თითქოს მიწასა და ცას ადამიანებთან ერთად უხარია მარიტას შემობრძანება სოფელში... და კიდევ, როგორი აღტაცებით, შურითაც უყურებენ მარიტას სოფლელები _ იგივენი მიაცილებენ მას საბედისწერო გზაზე... ებრაელი ხალხის დარად, ქრისტე ერთ კვირაში მეფედ რომ შერაცხეს, ბოლოს კი ავაზაკზე გაცვალეს და ჯვარს აცვეს... მარიტას ერთადერთი მესაიდუმლეც კი მოუკლეს, არადა საშველად როგორ მიიჩქაროდა, გედია არა მარტო მიჯნურის გადასარჩენად მირბოდა, საკუთარ ოცნებას, საკუთარი არსებობის გამართლებას უწვდიდა ხელს ისევე, როგორც მაცხოვრის ჯვარის მტვირთველი სვიმონ კვირნელი... წუთისოფლის დაუწერელი და მაინც ურიცხვჯერ წაკითხული კანონით, გედიას გაექცა საკუთარი ოცნება. იღუპება გოგონა-იდეა, კვდება იმისათვის, რომ საიქიოში მაინც აპოვნინოს ელიოზს, თავის სულიერ წინამორბედს, ნატვრისთვალი, ან თუნდაც უკვე ნაპოვნის ცქერით მასთან ერთად დატკბეს. მარიტა უერთდება მარადისობას იმიტომ, რომ ილოცოს, შესთხოვოს წმინდა სამებას, შეუნდოს ცოდვები ციციკორეს, ოხროხინეს, რომ გვერდში იყოლიოს გედია და იქ ოქროს აკვანი დაურწიოს, გაზარდოს და კვლავ საგოგლოთედ გამოაგზავნოს თავისი მსგავსება-ხატება მშვენიერებისა და სიკეთის მოციქული ცოდვილ დედამიწაზე... ვინ იცის, იქნებ ფუფალას შიოლა სამოთხეში ნახოს მარიტამ? თუმცა შიოლა იმდენად შორეულია გარდასულ სილამაზეზე მოტირალი მარტოხელა შინაბერასათვის, რომ ის არც არსებობს... მარიტას დაღუპვამ კი ფუფალას უკანასკნელი იმედი გაუქარწყლა, მოუჭრა ტოტი, რომელზეც მთელი ტანით ჩაჭიდებული იჯდა... ის ხომ მარიტასეული მადლით კვებავდა საკუთარ ცხოვრებასა და მოგონებებს... `ნატვრის ხე~ ოცნების შესაძლებლობას გვაძლევს მნახველს. ვრწმუნდებით, რომ სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილისვე დამარცხება, ოღონდაც წუთისოფლის დატოვება სინათლითა და ჭეშმარიტებით უნდა იყოს გაჯერებული. აღსასრული, რომელიც დიადი იდეის ქადაგებას ემსახურება, უკვდავების ტოლფასია... `ნატვის ხეში~ ადამიანები მთელი კაცობრიობის ცოდვა-მადლს ატარებენ, პერსონაჟები ზედმიწევნით ინდივიდუალურნი და ამასთან, სავსებით კრებითნი არიან. შეხედეთ იორამს... მუდმივად მბორგავი, ნგრევისა და ქაოსის მოსურნე... ალბათ ქალაქში გავლისას მოკრა ყური ანარქისტების მოძღვრებას და საკუთარი სოფლიდან უნდა დაიწყოს ამგვარი მოძრაობა _ ნებისმიერი ერესი და პათოლოგიური პოლიტიკური სისტემა ფანატიკოსების ხარჯზე იკვებება და მაინც ვერ აღწევს მიზანს... იორამი მთელი არსებითაა მონდომებული, დაანგრიოს ძველი, არქაული, წაშალოს წარსულის სტერეოტიპები, ახალს რას გვთავაზობს? ხსნა და ნათელი არსაიდან ჩანს, ნგრევა თვითმიზანია მისთვის, მიზანთროპული რეციდივები უშლის ხელს, რომ ოხროხინესეულ ვარდოს მამაკაცური ღირსებით მოეპყრას. ძნელი სათქმელია, რატომ ამარცხებს ასე ადვილად ნარგიზა იორამსა და ოხროხინეს _ დაუცხრომელ მნგრეველს და სასულიერო პირს... ალბათ ერთსაც და მეორესაც სულიერი იდენტიფიკაციის ნიშან-წყალიც არ აქვს და ამიტომაც... როგორც იორამი იტყვის, `მიბრეცილი ქოხები და მობრეცილი ტვინები...~ _ ეს არის `ნატვრის ხისეული~ სოფლის წყევლა. საინტერესოა, რომ ციციკორეს _ არქაულობის, კარჩაკეტილობისა და `ბელადიზმის~ აპოლოგეტს, ბუმბულას _ წარსული დიდების მეხოტბეს და იორამს _ გაურკვეველი მომავლით აწმყოს ნგრევის მოსურნეს თითქმის ერთი და იგივე დამოკიდებულება აქვთ საზოგადოების მიმართ. ზოგი მათგანი ხალხს "გიჟებს", ბავშვებს - "ვირიშვილებს", "ავადმყოფებს" ეძახის. აქ იხსნება კიდევ ერთი რეჟისორული ჩანაფიქრის კარი _ ეს პერსონაჟები, მიუხედავად იდეათა სიძლიერისა და ამ იდეათა ერთგულებისა, უსიცოცხლოები არიან, რადგან სიყვარული არ გააჩნიათ. ბუმბულას თითქოს არ უნდა ეხებოდეს ეს დასკვნა, მაგრამ წარსულისადმი ავადმყოფური დამოკიდებულებით და აწმყოს შეძულებით, მისი მსგავსი ადამიანები მომავალს ნამდვილად ვერ ააშენებენ... ისინი წარმოადგენენ და ემსახურებიან იდეებს იდეებისათვის და არა ადამიანებისათვის... "ნატვრის ხეშია" საზოგადოება, სადაც ოცნება რეალობაში გადადის და პირიქით... ნატვრის ხის ტოტებზე მორიგი ოცნების ბაფთებს აბნევენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ნათელი სურვილები, მშვენიერება და ჭეშმარიტება აცვეს ჯვარს, ჩაქოლეს საკუთარი იდენტობა ზეცასთან. ძალიან მინდა, რომ მათ და ჩვენს მომანიებას მოვესწროთ...

1 comment:

  1. მახო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავ :) თუ რა ვიცი, რაც ქვია ამ ფაქტს, - კარგია, რომ პირადი ბლოგი ჩაუშვი ონლაინ სივრცეში...დარწმუნებული ვარ საინტერესო რამეებს დადებ :)))

    ეჭვს ვერ შეიტან რომ გულწრფელად გირჩევ, თუ გეტყვი რომ ელენე ვარ :) - იქნებ სტატიები ოდნავ შეამოკლო, მკითხველს ”დაღლის” განცდა რომ არ გაუჩნდეს :)))

    საინტერესო სტატიებს და ბევრ ერთგულ მკითხველს (გულშემატკივარს) თუ უბრალო ვიზიტორს გისურვებ :)))

    ReplyDelete