Wednesday, October 14, 2009

ჰიჩკოკის შიში "ჩიტებში"

მოქმედება 60-იან წლებში ხდება. გაბედული ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, მელანი დენიელზი მაღაზიაში ერთხელ ნანახი მამაკაცით, მიჩით იმდენად მოიხიბლა, რომ ჯერ ბინაში მიაკითხავს სასურველი საჩუქრით, შემდეგ მთელ 60 მილს გაივლის სან-ფრანცისკოდან მომავალ მეტრფესთან შესახვედრად. ამ პატარა ზღვისპირა დასახლებაში უჩვეულო ამბები ხდება: ჩიტები იწყებენ ადამიანებზე, მეტწილად ბავშვებზე თავდასხმას. მრავალი "ველური დასავლეთელი: შეეწირება ამ ანომალიას. ყველაფერი იმით მთავრდება, რომ მორიგი თავდასხმის შემდეგ მიჩის ოჯახი და მის დენიელზი ქალაქიდან გაიქცევიან.ერთი შეხედვით, ძალზე უბრალო და არაორიგინალური სიუჟეტია, თუმცა სათანადო დაკვირვების შემდეგ ჩვენ წინაშე რამდენიმეპლანიანი მოქმედება გადაიშლება. ერთის მხრივ, დგანან ადამიანები, როგორც ცალკეული ინდივიდები, მეორეს მხრივ კი საზოგადოება ჩვეული ამორფულობით, არაერთგვაროვნებით... განვავრცოთ ზემოთმოცემული მოსაზრება. მის დენიელზი ამბიციური, იმპულსური, თავდაჯერებული და საკმაოდ ჯიუტი ქალბატონია. ის ცნობილი გამომცემლის ქალიშვილია და საზოგადოებაც ადევნებს თვალ-ყურს მის თითოეულ ნაბიჯს. რომში მომხდარი შემთხვევა მას გაცილებით პოპულარულს ხდის, თუმცა კი ამტკიცებს, რომ გაშიშვლებული თვითონ კი არ ჩამხტარა, არამედ მავანთა ჩააგდეს. დენიელზს არ აშინებს სირთულე, დაბრკოლება, მანძილი, მისთვის მთავარი მიზანია. ამიტომაც მიჩის დედა გაჭირვების ჟამს მთელ სულსა და გულს გადაუშლის სარძლოს. ლიდია, თავის მხრივ, სუვერეტეტული პიროვნებაა. ოთხი წლის წინ დაქვრივებული გარეგნულად მდგრადია და ძლიერადაა ჩაჭიდებული მიწას. მაგრამ საკმარისია, ერთი უმნიშვნელო პრობლება გაჩნდეს, ლიდია სასოწარკვეთას ეძლევა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქალია, რომელსაც მეუღლე არ ჰყავს და ძალაუნებურად ცალფრთამოტეხილი მაღლა ვერ იფრენს; მეორეც, ის დედაა, რომელიც ეგოისტურადაა შეყვარებული შვილებზე; მესამეც, ის საკმაოდ ხანშიშესულია და სიბერისთვის დამახასიათებელი `გვერდითი მოვლენები~ არც თუ ისე უცხოა მისთვის. სწორედ მისმა უზომო სიყვარულმა მიჩის მიმართ დაჩაგრა ენი ჰელიუორდი, რომელსაც ერთი ნაბიჯირა აკლდა მიჩის ცოლობამდე. თუმცა ენი ბედს შეურიგდა, ნუგეშად კი ის შერჩა, რომ სატრფოსთან ახლოს ცხოვრობდა, კვირაში ერთხელ მაინც ნახავდა, თან მის დას ასწავლიდა სკოლაში. საერთოდ, ენის მხატვრული სახე უფრო ტრაგიკული იერის მატარებელია: ყველასაგან მიტოვებული დღეებს სკოლაში ატარებს, სახლში მოსული კი მიწას ამუშავებს, მისი თქმისა არ იყოს, დრო რაღაცით ხომ უნდა მოკლას. აღსასრულიც საბედისწერო ერგო: მან საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე იმით აუგო ძეგლი, რომ მიჩის და გადაარჩინა სიკვდილს, თვითონ კი სასტიკი ჩიტების ნისკარტსა და ბრჭყალების მსხვერპლი გახდა. ნებსით თუ უნებლიეთ, ის სიკვდილს ამარცხებს: სიკვდილით სხვას უგრძელებს სიცოცხლის გზას... ენი ზედმეტი ადამიანის ტიპია, ისინი ხომ ყველაზე უდროოდ ევლინებიან ქვეყნიერებას და ქარიშხლის შემდეგ უსულოდ გამოირიყებიან ნაპირზე. ვნახოთ, თუ როგორ საზოგადოებაში ხდება მოქმედება. ერთი შეხედვით, მყუდრო ტიპური დასახლებაა, რომელსაც ამერიკელები ანგარიშმიუცემლად მემფისს დაარქმევენ ან პარიზს, მათთან ხომ ყველაზე მეტი "დედაქალაქია" თავმოყრილი?! ხალხიც ჩვეულებრივია თითქოს, მაგრამ შევხედოთ მათ სხვა რაკურსით. ქეითი, მიჩის 11 წლის და, უხსნის რა დენიელზს, რომ მიჩი დანაშაულებს იძიებს, აღნიშნავს, რომ ერთ კაცს სულაც არ სჭირდებოდა ექვსი გასროლა ცოლის მოსაკლავად, ორიც საკმარისი იქნებოდა! ფოსტის თანამშრომელი, რომელიც უანგაროდ ეხმარება მელანის მიჩის სახლამდე მიღწევაში, ბოლოს ალმაცერ მზერას მაინც ესვრის მათ მყუდრო ქალაქში ასე უჩვეულოდ შემოფრენილ ქერა ლამაზმანს. მასობრივი არეულობისას, როცა ჩიტები ერთობლივად ესხმიან ქალაქს, ზოგი ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს იმ იმედით, რომ ჩიტები ხალხს არაფერს დაუშავებენ, ზოგიც აპოკალიფსის მოახლებაზე იწყებს პათეტიკურ საუბარს, რაც ასე დამახასიათებელია ნებისმიერი ტრაგედის განმცდელი ადამიანისათვის, ზოგიც კი თავის უპირველეს მისიას არ ივიწყებს და შვილების უსაფრთხოება სა დაგადარჩენაზე იწყებს ფიქრს. ყველას ეშინია, ყველა ძრწის... მათ არ იციან მიზეზი, რის გამო გახდნენ ასე აგრესიულები ეს უწყინარი ჩიტები... შეიძლება ჩიტებს კოლექტიური მიგრაციის პერიოდი აქვთ, ან საჭმელი შემოაკლდათ, ან სულაც ხალხის მათდამი გამოჩენილი უყურადღებობა აიძულებს ქალაქზე თავდასხმას. ამას არავინ უფიქრდება. ადამიანები საკუთარ თავში ჩახედვის ნაცვლად, სტუმარში ეძებენ უბედურების მიზეზს, მათ განტევების ვაცი სჭირდებათ. იმდენად რამდენადაც ამ პატარა ქალაქში ყველა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს და ერიდება თანამოქალაქეებზე ხელის აღმართვას, ამიტომაც მელანი ხდება მათი განრისხებისა და მოსალოდნელი შურისძიების ობიექტი: `\"თქვენი მოსვლის შემდეგ დაიწყო ყოველგვარი უბედურება", _ განწირული კივილით მიმართავს დედობრივ ინსტიქტს აყოლილი ქალბატონი მელანის. მართლაც, არის თუ არა დამნაშავე მელანი ამ უბედურებაში, რატომ მაინდამაინც მის ჩამოსვლას და დარჩენას ემთხვევა ჩიტების თავდასხმები, არის თუ არა აქ ლოგიკური ჯაჭვი თუ ეს უბრალოდ გარემოებათა ფატალური დამთხვევაა?! ვფიქრობ, საზოგადოებას სიახლის ეშინია, ჩიტების თავდასხმაც და მელანის გამოჩენაც ახალი ხილია მათთვის, აწყობილ მანქანაში თუნდაც გაზეთილი და დამუშავებული დეტალის ჩასმამ მისი მწყობრიდან გამოყვანა განაპირობა. ჩიტები სიმბოლურად შიშის მომტან და დამნერგავ ფაქტორს განასახიერებენ. რეჟისორმა თოლიები და სხვა "ცათმფრენები" გამოიყენა, რადგან ისინი ზღვისპირა ქალაქის სტუმრები თუ მასპინძლები არიან. სხვა კინოხელოვანთან შიშის გამომხატველი შეიძლება იყოს ანომალიურად დაბადებული ბავშვი, გიგანტური მცენარები, მოლაპარაკე ცხოველი და ა.შ.საერთოდაც, შიში ამ ფილმის მთავარი პერსონაჟია ისევე, როგორც ცნობილი ქართველი მწერლის ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბაში". სოხუმის მოსახლეობა შიშის გამო მორთავს ქალაქს წითელი დროშებით, იკრიბება საბჭო პოტენციური მტრის დიპლომატიურად შესახვედრად და ა.შ. ერთადერთი, ვისაც არ ეშინია კრეისერ "შმიდტისა", მორდუსთვის თავდადებული ჰაკი აძბაა. ამიტომაც იღუპება... `ჩიტებში~ კი ერთადერთი მელანის არ აქვს შიში. ის გაბედულად ადის სახლის მეორე სართულზე. მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა, შედის ოთახში, იქ კი სისხლისმსმელი ჩიტები ესხმიან თავს ანუ მელანი დენიელზი შეუცნობლის შეცნობას ლამობს, არ ურიგდება ბედს და ეკლიან გზას გაივლის პიროვნულ გაზრდამდე _ ეს არის ინიციაციის გზა. მის მიერ გაღებული მსხვერპლი საკმარისი აღმოჩნდება ფრინველთათვის და მიჩის ოჯახიც ფრთხილად და მშვიდად ტოვებს გავერანებულ სახლს. მეორე ასევე ძლიერი ფაქტორი არის მოძრაობა, ადამიანთა რეაქცია საფრთხეზე... თვითგადარჩენის ინსტინქტი მოძრაობას ითხოვს და ყველა გარბის... ნაცვლად იმისა, რომ სარდაფში ჩავიდნენ ან საიმედოდ ჩარაზონ ფანჯრები, ბავშვებს გააქცევენ... სხვა მონაკვეთში, დედა გარბის შვილებთან ერთად, თუმცა იძულებული ხდება ისევ დაბრუნდეს ხალხმრავალ კაფეში. მხოლოდ მოქმედება, სწრაფვა, მოძრაობა...…გაჩერება და პასიურობა სიკვდილის ტოლფასია. შიში ყველგან დაგეწევა, მაგრამ თუ ირბენ და გაიქცევი, ნაკლებად ჩაგჭიდებს ხელს...თუმცა შეიძლება ჩიტებს ანუ შიშს უფრთხოდე, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი.

No comments:

Post a Comment