Sunday, October 11, 2009

დავით ციცქიშვილი: "საკუთარ თავის ღალატი უფლის ღალატის ტოლფასია"

დავით ციცქიშვილი წლების განმავლობაში ფსიქოლოგიის კურსს კითხულობს თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, აქტიურად მუშაობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრში, არის რამდენიმე წიგნის ავტორი.ბატონი დავითი სწავლობს ქართულ რეალობაში ნარკომანიის პრობლემას, მას საგანგებო გამოკვლევაც მიუძღვნა და გამოსცა სათაურით "ნარკომანიის მორევი".



_ ბატონო დავით, თქვენ უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებულ ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრში ამ უმძიმესი სენით შეპყრობილ ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა. გვიამბეთ ცენტრის დაფუძნებისა და მისი საქმიანობის შესახებ

_ ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგად უმუშევრობა და ნარკომანია ქვეყანაში უპირველეს პრობლემებად დასახელდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეპიდემიაა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ეძალება ამ დამღუპველ საშუალებებს. ჩვენი ცენტრი მოწოდებულია, რომ ადამიანს მოუხსნას ნარკოტიკზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება _ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენს საქმიანობაში. თუმცა ამის მისაღწევად გარკვეული საფეხურებია გასავლელი: პირველ ეტაპზე ხდება ფიზიკური დამოკიდებულების, ე.წ. `ლომკის~ მოხსნა. ცნობილია, რომ ყველა ნარკომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ლახავს ფიზიკურ დამოკიდებულებას ნარკოტიკის მიმართ, თუმცა საბოლოოდ მაინც არ ხდება მისი სრული გათავისუფლება ამგვარი მიდრეკილებისაგან. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად არის დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებებზე: არსებობს მოსაზრება, თითქოს პიროვნება ამ გზით ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას, ნარკოტიკის საშუალებით ის უფრო გაბედული, თამამი ხდება. პარალელს სუფრასთან გავავლებ: რამდენიმე სადღეგრძელოს დალევის შემდეგ ჩვენ გვიადვილდება საკუთარი თავის წარმოჩენა, ვლახავთ სიმორცხვეს, ვღებულობთ სიამოვნებას, გარკვეულწილად გავრბივართ სინამდვილიდან ან გვიადვილდება ამ მდგომარეობაში ყოფნა. ნარკოტიკის შემთხვევაში კი ეს ფაქტორი უფრო თვალსაჩინოა და ეფექტური. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ნარკოტიკის საშუალებით ადამიანი გაურბის ყოველდღიურობის სიმძიმეს, ათასგვარ განსაცდელს, რაც უფლისგანაა დაშვებული ჩვენს გასაძლიერებლად. ბევრი ამსოფლიურ წნეხს ვერ უძლებს და ნარკოტიკში პოულობს `შვებას~. ჩვენი ცენტრის მიზანია, რომ ადამიანის ნარკოტიკისკენ გაქცევის სწრაფვა მოვთოკოთ, ვასწავლოთ ნარკომანს სენთან ბრძოლის ხერხები. ნარკოტიკზე უარის თქმის შემთხვევაში მასზე დამოკიდებული ადამიანები კრიტიკულ მდგომარეობაში ვარდებიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილები მიისწრაფვიან ჭაობისკენ. ჩვენ მათთან ერთად ვებრძვით ამ სასიკვდილო სენს.


_ რამდენად ხშირად იგებთ ამ ბრძოლას?
_ ამ ჭიდილში ხშირად ვმარცხდებით... თითქოს ნარკოტიკისთვის თავის დანებება ყველას უნდა, თითქოს უნდათ თავი დაიხსნან ამ დამოკიდებულებისგან, მაგრამ გადამწყვეტ დროს მათგან ძალიან ცოტა იჩენს სათანადო ძალისხმევას. პრობლემა პიროვნებასა და მის ნებისყოფაშია. ჩვენ ვცდილობთ, ყველა პირობა შევუქმნათ ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად, დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული _ რეაბილიტაციის ცენტრში ადამიანებს ვეუბნებით, რომ ღმერთს შეუძლია მათი წუთის მეათედში შეცვლა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მოხსნა, მაგრამ არ აკეთებს: უფალი ელოდება, თუ როდის გადადგამს ადამიანი ნაბიჯს მისკენ, საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე როდის იტყვის უარს თვითმკვლელობაზე.


_ ბატონო დავით, თანამედროვე მსოფლიო ნარკომანიას სხვადასხვა გზით ებრძვის: სენზე დამოკიდებულ ადამიანებს მედიკამენტური, ფსიქოლოგიური, სარეაბილიტაციო და სხვა საშუალებებით მკურნალობენ. საქართველოში ალბათ გაცილებით ადვილია ადამიანი გამოიხსნათ ნარკომანიისგან, რადგან დედაეკლესია და მისი სწავლება გეხმარებათ...


_ გეთანხმებით... საბედნიეროდ, ათეისტური ეპოქა ისტორიას ჩაბარდა. პრიმიტივიზმია, თანამედროვე ადამიანს არ სჯეროდეს უფლის. ვიცით, რომ ჭეშმარიტ ნათელთან ერთად ჩვენს წუთისოფელზე ბოროტი ძალაც მოქმედებს. ნარკომანს სწორედ უფლის საწინააღმდეგო ძალა მოუწოდებს უკეთურების ჩასადენად. დამერწმუნეთ, ამ სულიერ ჭიდილში მარტო მედიკამენტებით, მხოლოდ ფსიქოლოგის ჩარევით ვერ გავხდებით ვერაფერს. აქ უმთავრესია მადლი, რომელიც ეკლესიის წიაღშია. ამიტომაც ჩვენი საყრდენი არის ეკლესია. ვცდილობთ, რომ ცენტრში მოსული ადამიანი ტაძარში სულიერ მოძღვართან მივიყვანოთ. დამეთანხმებით, რომ ყველა ვერ გამოდგება ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანის მოძღვრად: ეკლესიური ცხოვრება ცოდნისა და გამოცდილების გარეშე ქმედითი ვერ იქნება. აუცილებელია, რომ ულევი ეკლესიური ცოდნიდან და გამოცდილებიდან მოძღვარმა ამოკრიფოს ის აუცილებელი, რაც გადაარჩენს ნარკომანს _ ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა მოძღვარი ამ მიმართულებით ვერ იჩენს სათანადო სიმარჯვეს.


_ საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მუშაობენ კანონპროექტზე ნარკომანიის შესახებ. ცხადია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მომხმარებელი ნარკომანების მიმართ იცვლება _ ნარკომანი არა თუ დამნაშავე, არამედ ავადმყოფია. თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.


_ გარკვეული ხნის მანძილზე ვმუშაობდი ნარკოპოლიტიკის შემმუშავებელ ჯგუფში. ეს ჯგუფი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის ფარგლებში მუშაობისას ყოველთვის ვაცხადებდი ჩემს მოსაზრებას: არა თუ ნარკოტიკის გამავრცელებელი, არამედ მომხმარებელიც უნდა დასჯილიყო რაღაც ფორმით _ ჯარიმა იქნებოდა თუ სხვა სანქცია. საზოგადოებაში აუცილებლად უნდა იყოს შიშის ან დასჯის ფაქტორი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. თუ არ მოვთოკეთ ყოველგვარი საქმის გარეშე ქუჩაში მდგარი ახალგაზრდების მიდრეკილება ნარკომანიისკენ, შედეგი სავალალო იქნება. ამასთან, კანონპროექტში მოცემული გზა _ ჯარიმის თანხით ნარკომანის მკურნალობისა მისაღებია.


_ ბატონო დავით, ეკლესიის როლზე საუბრისას მიზანშეწონილი იქნება აღვნიშნოთ, თუ როგორ აგებინებენ ადამიანები ერთამენთს საკუთარ მოსაზრებებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე სულიერ და ეროვნულ თემებს ეხება...


_ ჩვენთვის მთავარი ის ეკლესიური სწავლებანი და მოძღვრებანია, რომლებიც ზომიერებით გამოირჩევიან, გვასწავლიან ადამიანებთან სიყვარულით ურთიერთობას და ჭეშმარიტებას ქადაგებენ. შესაბამისად, მაგალითიც იმ ადამიანებისგან უნდა ავიღოთ, ვინც ამ სიყვარულითა და ზომიერებით ცხოვრობენ. მისი უწმიდესობის თითოეული ქადაგება, ნაბიჯი ხომ ამ მოძღვრების გამოხატულებაა?! ამიტომაც, ის ერის უპირველესი ავტორიტეტია. ამასთან, ეკლესია გამონაკლისი არ არის: ყველგან არიან რადიკალურად და ზომიერად განწყობილი ადამიანები. მრევლის ზოგიერთ წევრს ხშირად სათანადო მიმართება არ აქვთ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, საუბარს და საერთოდ ურთიერთობას სჭირდება სიმშვიდე და არა აგრესია ან ქილიკი. ჩვენთვის კამათის კულტურა ჯერ კიდევ შეუცნობელია. როცა ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი ოპონენტს სიბრაზით, სიფიცხით ელაპარაკება, რა თქმა უნდა, საზოგადოების თვალში ეს აშკარად ცუდად ჩანს. საერთოდაც, ამა თუ იმ პრობლემის განხილვისას, იდეალისტები არ უნდა ვიყოთ. ადამიანურ საზოგადოებაში მსგავსი დამოკიდებულება მუდამ არსებობდა._ ბატონო დავით, ზემოაღნიშნული და სხვა მტკივნეულ თემაზე მსჯელობისას ალბათ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ერს თითქმის სამი საუკუნის განვავლობაში საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონია. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო `ცარიზზმა~, შემდგომ ტოტალიტარულმა რეჟიმმა ქართველ ამოუშანთა ქვეყნის მართვის და გაძღოლის უნარი... დღეს არსებული სირთულეებიც, როგორ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, ბუნებრივია..._ გეთანხმებით. ორ ათეულ წელზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც ავად თუ კარგად საკუთარი თავი გვეკუთვნის. ახლად ფეხადგმულ ბავშვს ვგავართ, რომელსაც ეჩქარება ყველაფრის სწავლა: ხშირად ეცემა, შეცდომებს უშვებს. ქართული სახელმწიფო კიდევ ბევრ სირთულეს გადააწყდება, სანამ საკუთარ თავს დაიმკვიდრებს თანამდეროვე სამყაროში. ქართველები ასე ვთქვათ, მაქსიმალისტები ვართ _ სხვებისგან განსხვავებით, ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთს მეტი სიმძაფრით, სისწრაფით გავდივართ, რაც ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ ამავე დროს მტკივნეულიცაა. მიუხედავად ბევრი სირთულისა და განსაცდელისა, მაინც ოპტიმისტად ვრჩები: მჯერა ქართული გონის, სულის, ინტუიციის, მიზანსწრაფვისა და ენერგიის. რაც მთავარია, საქართველო უფლისა და დედაღვთისმშობლისგან უზარმაზარი მადლითაა დაჯილდოებული.


_ ბოლო დროს არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ დასმული იქნა საკითხი, სახელმწიფოს მმართველობის ფორმის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ ერთ-ერთ ქადაგებაში ერს კონსტიტუციური მონარქიის არსი აუხსნა და ქართულ სახელმწიფოსთან მისი მისადაგების გზაც დაუსახა.


_ გულახდილად გითხრათ, დღეს ერი ნამდვილად ვერ მიიღებს კონსტიტუციურ მონარქიას. ამას განსხვავებული წანამძღვრები და პირობები სჭირდება. თუმცა თავისთავად იდეა მისასალმებელია: მირონცხებული მეფე ეროვნული ფასეულობებისა და შეგნების დაცვის გარანტი იქნება, ჩვენს მიერ ზემოაღნიშნულ გლობალიზაციის ტალღის წამლეკავ ძალასაც წინ აღუდგება თავისი განსაკუთრებულობისა და ღვთიურობის წყალობით...ამ ეტაპზე საქართველოში საკადრო პრობლემა დგას. იცით, კომუნისტებმა იცოდნენ, თუ რით უნდა გამკლავებოდნენ მტრებს: მათ იდეოლოგიასა და საქმიანობაში გამოერეოდა ბიბლიური ჭეშმარიტებები, ოღონდაც ნათელ იდეებს ისინი მზაკვრულად ასხვაფერებდნენ და სათავისოდ იყენებდნენ _ მათი კადრი კარიერის პირველი საფეხურიდან იწყებდა და ასე მიდიოდა უმაღლესი თანამდებობისკენ, მისთვის უცხო არ იყო მუშის მდგომარეობაც კი... ჩვენთან სხვაგვარად ხდება _ საშუალო ნიჭის, კარიერისტული მიდრეკილებების ადამიანებს უპყრიათ ამა თუ იმ დაწესებულების სადავეები. შემდეგში ისინი ხელს უშლიან ხალასი ნიჭის მქონე ადამიანებს დამკვიდრებაში, იციან, რომ მათ ფონზე დაიჩრდილებიან და კარიერის შემდეგ საფეხურზე ველ ავლენ. მსგავსი პრობლემების განხილვისას უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებაში მის ყველა წევრს შესაბამისი ადგილი უნდა ეჭიროს. უმთავრესიც ვთქვათ, უფალი თითოეულ ჩვენგანში რაღაც ნიჭს, უნარს დებს, გვაკისრებს განსაზღვრულ მისიას, რასაც არ უნდა ვუღალატოთ. აშკარად შესამჩნევია, რომ ყველა მიისწრაფვის ეკონომიკური და იურიდიული სპეციალობებისაკენ, იქ, სადაც მეტი შემოსავალია. არასასურველ პროფესიებად მოიხსენიება: ისტორიკოსობა, არქეოლოგობა, ფილოლოგობა და ა.შ. ადამიანი, რომელშიც უფალმა სხვა ნიჭი ჩადო, ირჩევს მეტად შემოსავლიან პროფესიას, გუნდრუკს უკმევს ამსოფლიურ სიამეთ, ღალატობს საკუთარ უნარს, შესაძლებლობებს. საკუთარ თავის ღალატი უფლის ღალატის ტოლფასია.სხვა საკითხია წინამძღოლის, მეთაურის სახე ქართულ სინამდვილეში. შევეჩვიეთ იმას, რომ ვიღაცას ვემსახურებით, ვიღაცისთვის ვაკეთებთ, ვიღაცისთვის ვწვალობთ. არადა საერო ხელისუფლება მოწოდებული უნდა იყოს, რომ მსახურებით, ერთგულებით, ეკლესიურობით, მიზანსწრაფვით, მაგალითი იყოს ერისთვის. სწორედ ხელისუფალნი უნდა იყვნენ მისაბაძი აღმსარებელნი და მაზიარებელნი, ხალხი მათგან უნდა სწავლობდეს უფლის გზაზე სიარულს. გვიკვირს, რატომ არ უშვებს უფალი ქართული სახელმწიფოს გაერთიანებას, ძლიერებას... ვინმე კითხულობს, ღირსნი ვართ? ღმერთი ადამიანს, ერს ეხმარება მაშინ, როცა ის იმსახურებს.

No comments:

Post a Comment