Monday, October 12, 2009

"თოლიები დაბრუნდებიან, ნეტავ?!..." (ფიქრები გიორგი ხაინდრავას "ოცნებების სასაფლაოზე")

"ოცნებების სასაფლაო" ჩვენი ქვეყნის ავბედითი უახლესი წარსულისადმი მიძღვნილი მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოებია, რომელიც სისხლისღვრის, სისასტიკისა და გაუტანლობის მაგალითებს ამზეურებს _ აფხაზეთის ომი სულაც არ იყო ეთნოკონფლიქტი, როგორც მას ჩვენი ჩრდილოელი, ოკეანეგაღმელი თუ გამოღმელი "კეთილისმყოფელები" ნათლავენ, ეს იყო ათეული წლების მანძილზე კარგად დადგმული დრამატული ინსცენირების ფატალური კულმინაცია.

გიორგი ნაკაშიძე იმ ქართველთაგანია, რომელთაც მამაპაპეული თუ ბატალიონში დარიგებული იარაღი აისხეს და საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ტამიშთან, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ცხინვალში, ჯავასთან... ოჯახში კი ცრემლმორეული დედები, მეუღლეები და შვილები დატოვეს. თითქოს რა არის ამაში გასაკვირი? განა უკანმოუხედავად არ წირავდნენ თავს საუკუნეების ქარ-ცეცხლში ქართველი მამულიშვილები ქვეყნისთვის?.. განსხვავება ის გახლავთ, რომ მათ იცოდნენ, ვის ებრძოდნენ: თურქი იქნებოდა თუ მონღოლი, სპარსი თუ ბიზანტიელი... ათასობით გიორგისნაირი კი უპირიპირდებოდა აფხაზსაც, ჩეჩენსაც, რუსსაც, კაზაკსაც... ერთ მათგანს ეგონა, რომ სამშობლოს იცავდა მოსისხლე ქართველებისაგან, სხვა დანარჩენს კი სამუდამო შუღლის ცეცხლის დანთება და ხელის მოთბობა ეწადა. განა სიმბოლური არ არის, რომ ტერიტორიის დასაზვერად წასულ ქართველებსა და ხეებქვეშ ჩასაფრებულ მებრძოლებში ორივეგან აფაქიძის, ამ უძველესი გვარის მატარებელი ადამიანები გამოერევიან... მხოლოდ მაშინ იწყებს აფხაზეთში მცხოვრები აფაქიძე ქართულად საუბარს, როცა `მოძმე~ რუს-ჩეჩენ-კაზაკები ტოვებენ მარტო... ფატალურია მისგან მეორე აფაქიძისთვის ჩეჩნური ქუდის ჩუქება, რადგან სწორედ ეს საერთოკავკასიური აქსესუარი გადაარჩენს საბედისწერო შემთხვევისაგან 2-3 დღის განმავლობაში დამწვარ-დანგრეული სახლის სარდაფში გამომწყვდეულ ქართველ მებრძოლებს... ამ ეპიზოდში წმინდა პირველყოფილი ველური კანონის არც თუ ისე ორიგინალურ რეალიზაციას ვაწყდებით: ერთის სიკვდილი სხვათა გადარჩენის წინაპირობა ხდება. ერთხელ უკვე მიწას მიბარებული ჯარისკაცის ამოთხრა და მისი სხვა დაღუპულებთან ერთად სატვირთო მანქანაზე დაგდება შეიძლება არც თუ ისე ღირსეულ საქციელად მოჩვენოს მავანს, მაგრამ ომში ეთიკურ კოდექსს ნაკლებად იცავენ, ჯუნგლების კანონი აქ მთელი სიმძაფრით იჩენს თავს. ბოლოს, როცა ქართველები გამოაღწევენ სამშვიდობოზე და საავადმყოფოშიც მოათავსებენ, აფაქიძე სრულიად შემთხვევით გაიგებს თანამოძმე აფხაზის დაღუპვის ამბავს და მიაკითხავს კიდევაც. საინტერესო ისაა, რომ ცოცხალი და დაღუპული აფაქიძეების ფონზე ჩანს აფხაზი ქალი, რომელიც გახდა ქართველი მებრძოლების ამ ნაწილის დაღუპვის მიზეზი. შუაღამით დასაზვერად მოსული აფხაზების გზამკვლევ ქალს დაინდობენ ქართველები, თუმცა ეს გულმოწყალება ძვირად დაუჯდებათ _ მეორე დღეს მითითებულ ადგილზე დილაადრიან იწყება მოწინააღმდეგეთა შეტევა... ამ ეპიზოდით რეჟისორმა ხაზი გაუსვა ქართველთა ტოლერანტობის იდეას, დათმობისა და ხელგაშლილობის პიზიციას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საპირიპირო შედეგი მოჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის. ვინ იცის, იქნებ სულაც არ დაღუპულიყვნენ ქართველი ბიჭები ბოლომდე რომ დადევნებულიყვნენ იმ ღამეს მოწინააღმდეგეებს? ესეც ხომ გლობალურად დასანახი დეტალია: საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხი ფართოდ უღებდა კარს ყველას, იკედლებდა და აპურებდა, ოფლითა და სისხლით მოწეულ ღვინოს ერთი თასით ასმევდა საკუთარ შვილსაც და შვილობილსაც, ახალი დროება, რომლისთვისაც იმპერიული ზრახვები აპრიორულია, არ ცნობს ამგვარ მიდგომას... ქართველსა და აფხაზს შორის ჩეჩნური ქუდის ფაქტორი საერთოკავკასიური ერთობის იდეისკენ გვახედებს. მართლაც, მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, გამაერთიანებელი ფაქტორიც მრავლადაა რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს შორის. განა ეს დიადი მიზანი არ ამოძრავებდა დავით IV, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, სხვა ქართველ მონარქებს, XX საუკუნეში კი ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევს... თუმცა რუსის ჩექმამ და ზარბაზანმა პატარა ერების ბედი არც თუ ისე მცირე ხნის პერსპექტივით საბედისწეროდ გადაწყვიტა. ამ იდეის გახმოვანებაა ის ეპიზოდიც, როცა ქართული ჯარის ასეულის სიის ამოკითხვა მიმდინარეობს: მურადოვი, ავილოვი, სხვა ოსური და არა მარტო ოსური გვარები. დიახ, ისინი ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთში "პატარა იმპერია" უწოდეს... არც ისაა შემთხვევითი, რომ ფილმში გაჟღერებული მელოდიებიდან ერთი ქართულ მხედრულია, მეორე _ აღმოსავლურ-მუსულმანური, მესამე _ აფხაზური ხალხური მოტივი, სხვა კი ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანისათვის გასაგები ლირიკული მოტივები...
რეჟისორი არ გვახვევს აზრს, რომ ქართველები ყველაფერში მართლები ვართ. პირიქით, ხაინდრავა გვაჩვენებს მარადიორობის ფაქტებს, რომელთაც უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ქართველები ჩადიოდნენ ისევ საკუთარი მეზობლების მიმართ... იტყვით ალბათ, რომ ნებისმიერ ომს თან სდევს ამგვარი მანკიერებანი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ხელოვანის მზერაც არც თუ უსაფუძვლოდ ამაზე შეჩერდა.


ომი არ ცნობს მარადიულ ღირებულბებს, ის ყველაფერს ანადგურებს გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ქართველი მეომრები დანგრეული თეატრისა თუ კულტურის სახლის ანტიკური სტილით გადაწყვეტილ დაღებქვეშ არიან შეჩერებულები, შეიძლება გარემო დამთრგუნველია, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანს შერჩება ხოლმე მშვენიერების, ესთეტიკისა და იდეალების მეტრფეობა. გაიხსენეთ სარდაფში გამომწყვდეულთა სტვენა, ნეღვლიანი მელოდია რექვიემად ჟღერს, ყვავილი დაღუპულ ადამიანებთან ერთად _ მითივით შორეული ედელვაისის იდეალია განწირულ ადამიანთა აზროვნებაში. ომში მნიშვნელობა არ ენიჭება წარმომავობას, გვარს, სახელს, კუთხეს. აქ ცხადად შეიგრძნობ, რომ მიუხედავად იმისა, ოქროსუბნელი ხარ თუ მთანწმინდელი, ბავშვობაში ალექსანდრეს ბარში დადიოდი თუ მუშტაიდის, აცნობიერებ, რომ სიკვდილის შვილი ხარ, რომ დასასრული ფატალურია და იაფფასაიანი ამერიკული ფილმების "ჰეფიენდი" მხოლოდ ფულზე უზომოდ შეყვარებული ღიპიანი ბიძების მონაგონია. ხვდები, რომ ავტომატი, სანგარი და ტყვიაა შენი ცოლიც, შვილიც და "ნაშაც". ომისას ნორმალური ფსიქოლოგია ინგრევა, მუდმივი სტრესი გაიძულებს უმიზეზოდ იცინო, აიღო ხუთი წლის წინ გადაგდებული ქალის ფეხსაცმელი და ეთამაშო მას ზუსტად ისევე, როგორც საყვარელ ადამიანს მოლზე ან თბილ სარეცელზე. სტრესისა და ნევროზის კულმინაციად გვესახება ეპიზოდი, როცა ერთი მებრძოლი დაღუპული მოძმის სიმბოლურ საფლავს თხრის... თითქოს მასთან ერთად თვითონაც მიწას ებარება, სულისა და ხორცის ტკივილს ხელის მოძრაობას აყოლებს.თაობა ძველი... თაობა ახალი... მეომართათვის "ჯექსონის კუნძულად" თბილისის ძველ უბანში, "იტალიური ეზოს" რომელიღაც დაბალჭერიანი სახლი და იქ მარიხუანას მოწევა ქცეულა. წუთისოფლის კანონია, ზოგისთვის ხელისგულის სიცოცხლის ხაზი საკმაოდ გრძელი უბოძებია განგებას, ზოგისთვის საგრძნობლად მოკლე, თუმცა ყველას აქვს იმედი, რომ გადმოცემის თანახმად, ომში დაღუპულები სამოთხეში მოხვდებიან. ვითომ ამ იმედით წირავენ თავს, იქნებ არაფერი აქვთ დასაკარგი?! არავითარ შემთხვევაში... ათასს გიორგის, ირაკლის, ვახტანგს სახლებში ათასი ნინო, ნანი, თამარი, ქეთი თუ ირინე ელოდება... ამ ადამიანებს შეგნებული აქვთ საკუთარი თავის ფასიც და სამშობლოსიც. ამიტომაც ტოვებს გიორგი ნაკაშიძე ორ ულამაზეს ქალიშვილს და უსაყვარლეს მეუღლეს. "ვინ არ წასულა, ჩვენები ყველანი იქ არიან და აქ როგორ დავრჩე", _ დიახაც, ნამდვილი პატრიოტიზმი თითოეულ ძმაკაცზე, მეზობელზე, ამხანაგზე, ან სულაც ბაღში ნაჩხუბარ ადამიანზე გადის... ამიტომაც არის, რომ ბიძაშვილის დანახვაზე ლამის გაგიჟდეს ერთ-ერთი მებრძოლი, სიკვდილისთვის არ ემეტება საკუთარი სისხლი და ხორცი, თუმცა განგება ორივეს განსასვენებელს შავი ზღვის ქვიშიან ნაპირზე მიუჩენს... ესეც რეჟისორის აშკარა ღრმააზროვანი ჟესტია: მრავლისმნახველი და განმცდელი ტალღები დედის შემდეგ ალბათ ყველაზე უკეთ უგალობენ და დაიტირებენ უაზრო ომში ძმათამკვლელებს.
"ოცნებათა სასაფლაო" სულაც არ არის სამარე მარადიული ღირებულებებისა, იდეალებისა. მართალია, გიორგიმ ვერ მოასწრო აპრილის ღამის ცაზე ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილის ჩაფიქრება, მაგრამ ამ ოცნებას მას ნამდვილად აუსრულებენ პატარა ქალიშვილები, რომლებიც არაერთ უძილო ღამეს გაათევენ მამის მოლოდინში... ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ თოლიები დაბრუნდებიან...


No comments:

Post a Comment