Monday, October 12, 2009

"ხელოვნება დიალოგისკენ მოწოდებაა"

ახალგაზრდა კინორეჟისორი ზაზა რუსაძე ქართულმა საზოგადოებამ პირველად სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე იხილა. 12 წლის ბიჭუნა 1989 წელს საყმაწვილო ტელევიზიის მიერ მომზადებულ გადაცემას News for Youth უძღვებოდა, 1995 წელს თაობა X-ის წამყვანად იხილა. ცხადი იყო, რომ ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე დამდგარი ახალგაზრდა ფანჯრებს დასავლეთისკენ გაჭრიდა. გერმანიის ქალაქ ბაბელსბერგის ერთ-ერთ უძველეს ტელე-კინო სკოლის რეჟისურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ჰოლანდიაში გადაინაცვლა და 2007 წელს ამსტერდამის ხელოვნების სკოლის სცენარისტთა უმაღლესი კურსები დაამთავრა. უცხოეთში 11 წლიანი სწავლის პარალელურად სხვადასხვა დროს ასისტენტად მუშაობდა როგორც ქართველ, ისე ევროპელ რეჟისორებთან: დიტო ცინცაძეს ფილმში "კაცი საელჩოდან" დახმარება დიალოგების რეჟისურაში გაუწია, ინეკე სმიტს "პუტინის დედა"-ში ასევე ასისტენტობა. ზაზა ქართველ ხელოვანთა კოლექტივის Goslab-ის ერთ-ერთი წევრი და საპროდიუსერო კომპანია "ზაზარფილმი"-ს დამფუძნებელია. საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა შემოქმედი საზოგადოებამ ხელახლა დოკუმენტური ფილმით `ბანდიტები~ გაიცნო. თუმცა სანამ სამშობლოში უჩვენებდა, დოკუმენტური ნამუშევარი უნგრეთის ქალაქ მისკოლცის ახალგაზრდა კინორეჟისორთა ფესტივალზე გაიტანა და მთავარი პრიზიც დაიმსახურა. "ბანდიტებმა" აღიარება ესპანეთის ქალაქ პამპლონას ნავარას დოკუმენტური ფილმების ფესტივალზეც მოიპოვა. რუსაძემ შეგნებულად შეაყოვნა ფილმის ქართული პრემიერა, რადგან მისი ჩამოსვლის დრო "ვარდების რევოლუციას" დაემთხვა: "ფილმის ჩვენების წინააღმდეგი ვიყავი იმ არეულობის, რევოლუციის დროს იმიტომ, რომ მაშინ ეს ფილმი გამოვიდოდა შევარდნაძეზე... მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის იმპულსი "ბანდიტების" გადაღებისას _ უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებდა, ეს თემა". "ბანდიტების" ავტორი აცნობიერებდა საზოგადოების ე.წ. "თვითმფრინავის საქმისადმი" ნახევრად ჰეროიკულ და ნახევრად მითოლოგიზირებულ დამოკიდებულებას, ფილმის გადაღების ამოსავალ წერტილად დოკუმენტურობა დაისახა, რადგან მანამდე ქართულ სახელოვნებო სამყაროში ბევრმა ლექსი, რომანი, პიესა თუ სპექტაკლი მიუძღვნა "ჯინსიან ბანდიტებს". სხვათა შორის, 2004 წელს დიდი პოლემიკა ფილმის სათაურმაც გამოიწვია: "ბანდიტები" ჩემთვის მრავლისმომცველი სიტყვაა. `ბანდიტს~ უწოდებენ ხოლმე ბავშვს, რომელმაც შეიძლება რაღაც გატეხოს და შინაარსობრივად დანაშაულსაც გულისხმობს, "თვითმფრინავის საქმე" მითი არაა და მას გააზრება სჭირდება", _ განმარტვას ზაზა და ფიქრობს, რომ როგორც მაშინ, ახლაც ზაზა საქართველოში დიალოგის კულტურის არქონას უსვამს ხაზს. ადამიანები აზრებს კი არ უცვლიან ერთმანეთს, ისეთ აზრებს უზიარებენ, რომელიც უკვე მყარი და შეუვალია, ამბობს და ასკვნის, რომ ასეთი დამოკიდებულება კი არანაირ ადგილს არ ტოვებს სივრცეს ფიქრისათვის. დრო და სივრცე ფიქრისთვის მისი ახალი ფილმის Folds and Crack მთავარ გმირს კლდეზე ცოცვისა და სანატრელი, ნახევრად არარსებული ადგილის ძიებისას ეძლევა. ზაზამ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მეგობრებთან ერთად 2008 წლის სექტემბერს, 4 დღის განმავლობაში გადაიღო. მაშინ კი საომარი მოქმედებები შიდა ქართლში ისევ მიმდინარეობდა. ავტორის თქმით, ეს არ არის ფილმი ომზე: "რასაკვირველია, ფილმი აგვისტოში დატრიალებულ მოვლენებზეც არის _ მთავარი გმირი ტელევიზორში ოსეთში გადაღებულ კადრებს უყურებს... ამ ფილმში ძალიან დამამწუხრებელ ამბავს ვყვებით. ცეცხლი, რომელიც მთავარი გმირის გამოგონილი მეგობრის გაქრობის შემდეგ ტყეს მოეკიდება, იდეაში გადადის... ის ჩვენს შინაგან სამყაროს წვდება და ჩვენს ოცნებებსა და იდეებს აქვთ გაქრობის, ბზარის გაჩენის საშიშროება. ძალიან მძიმეა, რომ იდეალებს უჩნდებათ ბზარი და უფსკრულის პირას აღმოჩნდები". აგვისტოს მოვლენების შემხედვარეს პროტესტის გრძნობა ტელევიზორის მიმართ გაუჩნდა, თუმცა `მოლაპარაკე ყუთს~ რეჟისორი არც მანამდე წყალობდა _ რვა წელია, სახლში, სადაც ცხოვრობს, ტელევიზორის შიშინი არავის გაუგია: "ის ინფორმაცია, რასაც ტელევიზორიდან ვიგებთ, ჩემთვის სრულიად უსარგებლოა... პირადი გამოცდილება ჩემს პროფესიულ აღქმაშიც აისახება, ბუნებრივია. ამიტომაც ჩემი ფილმის გმირს ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინება და ოცნების სამყაროში გადადის, სადაც მიიწევს არარსებული ტბისკენ, ტყისკენ, რომელსაც ბოლოს ცეცხლი ეკიდება. მეც ჩემი გმირის მსგავსად ვიჯექი ტელევიზორის წინ და ვერანაირად ვერ აღვიქვამდი მიღებულ ინფორმაციას და კადრებს რეალობად, უბრალოდ გავხდი ამ ინფორმაციული ავტომატური ნაკადის რიგითი მიმღები". ფილმში, სადაც ტყეებს და იდეებს ერთდროულად ეკიდებათ ცეცხლი, სადაც საბნის ნაკეცები არაბულ უდაბნოს მოგაგონებთ, სადაც რეალობა და ნაოცნებარაი ერთმანეთში ირევა, ერთი მაგისტრალური ხაზი გადის _ იაზროვნო, იფიქრო, აანალიზებდე, მუდმივად მიიწევდე წინ, ზევით, თუნდაც ხანგრძლივი შეჩერებებით.ბოლო კადრში კი დამტვრეულ ტელევიზორს ვხედავთ, როგორც პროტესტს ტექნოლოგიური ტყვეობისა, რომელიც თრგუნავს და ადამიანს აქტიური სოციალური არსებიდან მონად აქცევს. ზაზა შენიშნავს, რომ მისი მიზანი იყო, ხელი შეეწყო საზოგადოებაში ურთიერთგაგებისათვის:"ვფიქრობ, რომ ფილმი იძლევა ფიქრისა და განსჯის საშუალებას, რამაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში დიალოგის გაჩენას, ხელოვნება ხომ დიალოგისკენ მოწოდებაა?!"
ამჟამად ახალგაზრდა რეჟისორი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. 2010 წელს ქართველი მაყურებელი ზაზა რუსაძის ახალი ფილმს "ჩემი საბნის ნაკეცი" იხილავს. სათაურიდანაც კი ჩანს, რომ ფილმი სულიერ სიღრმეებზე, ინდივიდის შინაგან მდგომარეობასა და გარემო გამღიზიანებელზე იქნება... თუმცა ამის გარჩევის დროც მოვა.

No comments:

Post a Comment